Thumbnail

'კლუბების დამორჩილება რთული იქნება' - დამიანო ტომაზის მოლოდინი

გიორგი უგულავა პროფილის ფოტო
გიორგი უგულავა
  • იტალიური კლუბების სურვილია, ვარჯიში მალევე განაახლონ
  • სერია A-ს მოთამაშეთა ასოციაცია დროს ითხოვს
  • თუ პაუზა გაიწელა, მოთამაშეებს ხელფასი დაექვითებათ

სერია A-ს მოთამაშეთა ასოციაციის ხელმძღვანელმა დამიანო ტომაზიმ შექმნილ ვითარებაზე კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, კალენდარი და მოთამაშეების ხელფასები პრობლემას აუცილებლად შექმნის.

ტომაზის, რომელიც მოთამაშეების ინტერესებს იცავს, სურს, რომ ფეხბურთელების ჯანმრთელობა მაქსიმალურად დაცული იყოს და კლუბებმა ვარჯიში და თამაში, რაც შეიძლება გვიან განაახლონ. თავის მხრივ კლუბებს თავისი ფინანსური ინტერესები აქვთ და ვარჯიშის დაწყება კრიზისის პიკის გადალახვის შემდეგ, რაც შეიძლება სწრაფად სურთ

თუ პაუზა დიდხანს გაგრძელდება, კლუბები მოთამაშეების ხელფასების დაქვითვას აპირებენ. ტომაზის თქმით, ხელფასების პრობლემა ამ ეტაპზე არ დგას, უფრო რთული კალენდარის საკითხია. ყველაზე კარგი ზაფხულის მეორე ნახევარში თამაში იქნებოდა, როცა მოლოდინია, რომ ვირუსით გამოწვეული საფრთხე სრულად ჩავლილი იქნება. თუმცა, მოთამაშეებს კონტრაქტები 30 ივნისამდე აქვთ გაფორმებული და კლუბებს სურთ, რომ ჩემპიონატი ამ თარიღისთვის დაასრულონ. სხვა შემთხვევაში სიტუაცია ქაოტური იქნება.

ტომაზის განცხადებით, მას შემდეგ, რაც კრიზისით გამოწვეული პიკი ჩაივლის, კლუბები ვარჯიშს განაახლებენ და მათი შეკავება რთული იქნება. ამ ეტაპზე მოთამაშეთა ასოციაცია და კლუბების ხელმძღვანელობა მხოლოდ იმაზე შეთანხმდა, რომ კორონავირუსით გამოწვეული პაუზა ფეხბურთელებს ზაფხულის არდადეგების ხარჯზე დაუკომპენსირდებათ. ანუ, მოთამაშეები დაისვენებენ ახლა და ზაფხულში არდადეგების დროს ვარჯიში და თამაში მოუწევთ. 

კომენტარები

ბოლო ამბები