Thumbnail

ვის აქვს რონალდიონიოს ცხოვრებაზე ყველაზე ნეგატიური გავლენა?!

გიორგი უგულავა პროფილის ფოტო
გიორგი უგულავა
  • რონალდიონიოს წარუმატებლობებში დიდი როლი მისმა ძმამ ითამაშა
  • რობერტო გაუჩოს აგენტია და მის ფინანსებს განკარგავს
  • რამდენიმე პროექტი, რომელიც ჯარიმებით დასრულდა, მისი იდეა იყო

რონალდიონიო მოედანზე ჯადოსნურ თამაშთან, მის ფარგლებს მიღმა კი არცთუ გონივრულ ქცევასთან ასოცირდება. გულშემატკივარმა იცის, რომ მან ფეხბურთში ნაშოვნი ფულის დიდი ნაწილი არცთუ ჭკვიანურად უკვე დახარჯა და სულ რამდენიმე თვის წინ ბანკროტი აღმოჩნდა.

ეს უცნაურია იმის გათვალისწინებით, რომ "გაუჩო" საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგაც ძალიან აქტიურია და ბრაზილიაში სარეკლამო კამპანიებში აქტიურად იღებს მონაწილეობას. ეს კი დამატებით შემოსავალს ნიშნავს.

მოედანს მიღმა რონალდინიოს წარუმატებლობებში დიდი როლი, მისი ხასიათის გარდა, მისმა უფროსმა ძმამ და აგენტმა, რობერტომაც ითამაშა. რობერტოს "გაუჩოზე" დიდი გავლენა აქვს და რეალურად ის მართავს მის კარიერასა და ბიზნესს. აქედან რა გამოვიდა, ვნახეთ უკვე.

რობერტო და რონალდინიო

რობერტო რონალდიონიოს კარიერის დაწყების მომენტიდან, მისი სრული ნდობით სარგებლობს, მათ შორის ფინანსურ საკითხებშიც. რობერტომ ძმის ფული რამდენიმე წამგებიან ბიზნეს-პროექტში ჩადო. 2012 წელს რობერტომ 5-წლიანი პირობითი სასჯელიც მიიღო ფინანსური მაქინაციებისთვის. კერძოდ, სასამართლომ დაამტკიცა, რომ ის თავისი ძმის შემოსავლებს 2003 წლიდან მალავდა. ჯარიმების გადახდა კი, რა თქმა უნდა, რონალდინიოს მოუხდა. 

რობერტოს იდეა იყო ასევე პორტუ ალეგრიში საფეხბურთო აკადემიის გახსნა. ამისთვის მან უკანონოდ გააჩეხინა ტყე ქალაქის მახლობლად, რასაც ასევე დიდი ჯარიმა მოჰყვა. ჯარიმის გადაუხდელობის შემდეგ კი რონალდიონიოს ქონება უბრალოდ დააყადაღეს - მათ შორის 52 ერთეული უძრავი ქონება.

რობერტოს იდეა იყო თევზსაჭერი ქარხანის აშენება გუაიბას ტბასთან, რომელიც დაცული ტერიტორიაა. ამ იდეას კიდევ ერთი ჯარიმა მოჰყვა - 200 ათასი ამერიკული დოლარის ოდენობით. ძმებმა ჯარიმის გადახდაზე უარი თქვეს და ის მილიონნახევრამდე გაიზარდა. სწორედ ამ შემთხვევის შემდეგ ჩამოართვეს "გაუჩოს"  და მის ძმას პასპორტები.

ორივე ძმა პარაგვაის პოლიციამ დააკავა

პარაგვაიშიც რონალდიონიო თავის ძმასთან ერთად გაემგზავრა. ამ ქვეყნებს შორის სავიზო რეჟიმი არ არსებობს და ძმებს შეეძლოთ მხოლოდ პირადობის მოწმობით მგზავრობა. თუმცა, როგორც ჩანს, მათ ეს არ იცოდნენ და ახლა ორივე ციხეშია საბუთების გაყალბების გამო. მათთან ერთად დაპატიმრებულია დელია ლოპესი, პარაგვაელი ბიზნესმენი ქალი, რომლის მიწვევითაც ძმები პარაგვაიში იმყოფებოდნენ. სწორედ ლოპესი დაეხმარა მათ ყალბი პასპორტების მიღებაში.

კომენტარები

ბოლო ამბები