Thumbnail

კორონავირუსი ბარსას სისტემაში - ბარტომეუ ფეხბურთელებს ხელფასებს უმცირებს

ბარსელონას სისტემაში ახალი კორონავირუსით დაინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ესპანური მედიის ინფორმაციით, საშიში ინფექცია კატალონიური კლუბის მთავარ სკაუტს სამხრეთ ამერიკაში, ანდრე კიურისა და მის მეუღლეს დაუდგინდათ. 

კიური მეუღლესთან ერთად სან პაულუში, საკუთარ სახლშია იზოლირებული. იუწყებიან, რომ წყვილის მდგომარეობა მსუბუქია და ჰოსპიტალიზაცია აუცილებელი არ არის.

ლა ლიგის სეზონი, როგორც ყველა სხვა სპორტული შეჯიბრება, შეჩერებულია

ამასობაში, ბარსელონას პრეზიდენტი ხოსეპ მარია ბარტომეუ გუნდის ლიდერებს, პანდემიით გამოწვეულ ეკონომიკურ ზარალსა და ხელფასის დაკლების შესაძლებლობაზე ესაუბრა. მედიის ცნობით, ფეხბურთელები გაგებით ეკიდებიან შემქნილ ვითარებას და აცხადებენ, რომ მზად არიან, კლუბის მდგომარეობაში შევიდნენ.

ცნობისთვის, კარანტინის გამო ბარსელონა თანხებს არამხოლოდ ბილეთებიდან და ტრანსლაციებიდან კარგავს. კლუბის საფირმო მაღაზიებში აღარ იყიდება ატრიბუტიკა, შემოსავალი არ არის არც ბარსელონას მუზეუმიდან და სხვადასხვა ღონისძიებებიდან, რომლებიც “კამპ ნოუზე” აქამდე ეწყობოდა. 

ხოსეპ მარია ბარტომეუს ფეხბურთელებისთვის ხელფასების გადახდა უკვე უჭირს

ბარსელონას ხელმძღვანელობასა და მოთამაშეებს შორის ხელფასების შემცირებაზე მოლაპარაკება ჯერ ადრეულ სტადიაზეა, მაგრამ ორივე მხარე უკვე გამოთქვამს შეთანხმებაზე მზადყოფნას. გარიგება კი მას შემდეგ გაფორმდება, რაც 2019/20 წლების სეზონის განახლების დრო დადგინდება. 

კომენტარები

ბოლო ამბები