Thumbnail
  • ფრანგი ფორვარდის სატრანსფერო ფასი 100 მილიონი ევროა
  • გუნდის დატოვება კოუტინიოსა და უმტიტისაც მოუწევთ
  • ბარსაში პსჟ-ს, ვილიარეალისა და სიტის ფეხბურთელები სურთ

ესპანური ბარსელონა მზადაა ფრანგი ფორვარდი ანტუან გრიზმანი გაყიდოს.

Diario SPORT-ის ცნობით, კატალონიურ გრანდს მომავალი სეზონისთვის შემადგენლობის გაძლიერება სურს, თუმცა, არსებული კრიზისიდან გამომდინარე, დიდი თანხის დახარჯვა არ უნდა, ამდენად, ამონაგებს 29 წლის გრიზმანის ტრანსფერიდან გეგმავს.

შეგახსენებთ, რომ ბარსელონას ანტუანის სანაცვლოდ, მადრიდის ატლეტიკოსთვის 120 მილიონი ევრო აქვთ გადახდილი, ამჯერად კი, მისი სატრანსფერო ფასი დაახლოებით 100 მილიონია.

ბარსაში თვლიან, რომ გრიზმანის შედეგები კლუბის დონეს არ შეესაბამება, რაზეც პრინციპში მისი სტატისტიკაც მეტყველებს.

ლა ლიგის მიმდინარე სეზონში ფრანგმა ლეგიონერმა მონაწილეობა 26 მატჩში მიიღო და მის აქტივში 8 გოლი და 5 საგოლე პასია.

კატალონიელებს გრიზმანის გასხვისება ისე სურთ, რომ მზად არიან, რომელიმე ფეხბურთელშიც კი გაცვალონ ანაც იჯარის წესით გაასხვისონ.

როგორც ირკვევა, ბარსა ბრაზილიელ ფილიპე კოუტინიოსთან განშორებასაც აპირებს, რომელიც ამჟამად მიუნხენის ბაიერნში ჰყავს განათხოვრებული.

დიდი ალბათობით, კამპ ნოუდან აბარგება მოუწევს სამუელ უმტიტისაც, რომელიც 50 მილიონ ევროდ არის შეფასებული.

ცნობილია იმ ფეხბურთელთა ჩამონათვალიც, რომელთა გადაბირებასაც კატალონიელები ეცდებიან.

პირველ რიგში, ეს, ფრანგული პსჟ-ს ვარსკვლავი ნეიმარია, შემდეგ კი, ვილიარეალის მცველი პაუ ტორესი და მანჩესტერ სიტის უკანახაზელი ემერიკ ლაპორტი.

კომენტარები

ბოლო ამბები