Thumbnail

კორონავირუსის პანდემიამ თითქმის მთელი მსოფლიო გააჩერა და ყველას ერთი კითხვა აქვს: როგორ და როდის გაგრძელდება ყველაფერი? ამ კითხვაზე ამომწურავი პასუხის გაცემა არავის შეუძლია. მიუხედავად ამისა, გეგმები მაინც დგება - მაგალითად, ინგლისის პრემიერლიგაში, სადაც ფეხბურთს მინიმუმ 30 აპრილამდე არ ითამაშებენ.

‘ტელეგრაფის’ ინფორმაციით, პრემიერლიგა სეზონის დასრულების ყველა შესაძლო ვერსიას განიხილავს. ყველაზე პესიმისტური პროგნოზით, სეზონი 1 ივნისს უნდა გაგრძელდეს და მატჩები მაყურებლების გარეშე, ცარიელ სტადიონებზე უნდა ჩატარდეს. ინგლისში დარჩენილი ტურების ჩატარებაას 6 კვირაში გეგმავენ. თუკი მომდევნო სეზონი დროულად დაიწყება, კლუბებს და ფეხბურთელებს მოსამზადებლად მხოლოდ დაახლოებით 4 კვირა დარჩებათ.

რაკი ევროპის ჩემპიონატი გადადებულია, ასეთი გეგმა მართლაც რეალურია - ოღონდ, ამ გეგმის განხორციელება იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად დასტაბილურდება დღეისათვის არსებული მძიმე ვითარება. სეზონის ჩაშლა კი უდიდეს ფინანსურ ზარალს გამოიწვევს.

საფეხბურთო კალენდარი ისედაც გადატვირთულია, ასეთი გეგმა კი დამატებით პრობლემებს შეუქმნის ფეხბურთელებს, რადგან ივლისის შუაში სეზონის დასრულების შემდეგ, მათ მაშინვე ახალი სეზონისთვის უნდა დაიწყონ მზადება. გაისად კი ევროპის ჩემპიონატია...

კომენტარები

ბოლო ამბები