Thumbnail

კორონავირუსი | მადრიდის რეალის ექს-პრეზიდენტი გარდაიცვალა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

მადრიდის რეალის ყოფილი პრეზიდენტი ლორენსო სანსი 76 წლის ასაკში კორონავირუსისგან გარდაიცვალა. სანსი "სამეფო კლუბს" 1995-2000 წლებში პრეზიდენტობდა. 

ის კლინიკაში 17 მარტს მიიყვანეს მძიმე კონდიციაში. სანსს 8 დღის განმავლობაში მაღალი სიცხე ჰქონდა, მაგრამ არაფრით სურდა კლინიკაში წასვლა, სანამ მისმა ერთ-ერთმა ვაჟმა არ მოითხოვა ეს. 

COVID 19-ის ვირუსზე ტესტმა დადებითი შედეგი აჩვენა, მეორე დღესვე ლორენსო სანსის მდგომარეობა კრიტიკული გახდა, დღეს კი მისი გული საბოლოოდ გაჩერდა. 

სანსი 1943 წელს მადრიდში დაიბადა. ის რამდენიმე სუსტი კლუბის გოლკიპერი იყო. გაცილებით წარმატებული იყო მისი ბიზნეს კარიერა უძრავი ქონების დარგში. 1985 წლიდან რეალში დირექტორის პოსტს იკავებდა, 1995 წელს კი კლუბის პრეზიდენტად აირჩიეს.

მან სამეფო კლუბი მძიმე ფინანსურ ვითარებაში ჩაიბარა, დავორ შუკერი და პრედრაგ მიატოვიჩი გუნდში საკუთარი ხარჯებით მიიყვანა. ამას მოყვა1966 წლის შემდეგ პირველი ტრიუმფი ჩემპიონთა ლიგაზე. 1998 და 2000 წლებში რეალმა ჩემპიონთა თასი მეშვიდედ და მერვედ მოიგო. სანსის შემდეგ რეალის პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი გახდა.

კომენტარები

ბოლო ამბები