Thumbnail
  • კარლო ანჩელოტი იუვენტუსში გატარებულ წლებს იხსენებს
  • ანიელის მხოლოდ ზინედინ ზიდანთან საუბარი სურდა
  • ალესანდრო დელ პიერო ფორმაში არ იყო, მაგრამ ის არ იყიდებოდა
  • ედგარ დავიდსი - ვარსკვლავი აუტანელი ხასიათით
  • იუვეს ყველაზე საშიში კაცი პაოლო მონტერო იყო

პოპსპორტი წარმოგიდგენთ ყველაზე საინტერესო ამონარიდებს კარლო ანჩელოტის წიგნიდან. რატომ გიჟდებოდნენ ტურინში ზიდანზე, როგორ უნდოდა ანიელის მალდინის გადაყვანა, რატომ არ იყიდებოდა დელ პიერო და ვინ იყო იუვეს ყველაზე საშიში კაცი - ეს ყველაფერი ანჩელოტის წიგნის დღევანდელ ნაწილში, რომელიც ტურინის იუვენტუსში გატარებულ ორწელიწადნახევარს ეძღვნება.

ზიდანით ყველა აღტაცებულია

გასახდელში იმდენი ადვოკატი იყო, თავი სასამართლოში მეგონა. ყველა მათგანი ზიდანს იცავდა. ეს არის ჩემი პირველი მოგონება ტურინის იუვენტუსზე.

რაც არ უნდა მომხდარიყო, ზიზუ ყოველთვის მართალი იყო. ამას ამტკიცებდა ორი ყველაზე ძვირადღირებული ‘იურისტი’ - ჯანი ანიელი და პაოლო მონტერო. ანიელი ნამდვილი ‘ადვოკატი’ იყო (ანჩელოტი სიტყვებით თამაშობს, ჯანი ანიელის მეტსახელი ‘ადვოკატი’ იყო - ავტ.), მონტერო კი - ადვოკატი ლიცენზიის გარეშე, თუმცა მუდამ მზადმყოფი ჩხუბში ჩართვისათვის. ეს უცნაური წყვილი ზიდანის გამო გაერთიანდა. ზიზუ საფეხბურთო სამყაროს ღმერთი იყო, ისინი კი მისი მცველები, რომლებიც მას მარტო არასოდეს ტოვებდნენ.

მონტერო და ზიდანი იუვენტუსის ლეგენდების შეხვედრაზე

ანიელი გიჟდებოდა ზიდანზე, მონტერო თვითონ იყო გიჟი. მათთვის ზიზუ სინათლე იყო, მწვანე შუქი შუქნიშანზე და მერე რა, რომ ფრანგი ვარსკვლავი ხანდახან აგვიანებდა.

იუვენტუსში ჩემი პირველი სეზონის დროს, 1999 წლის თებერვალში, ერთი გასვლითი მატჩი მახსენდება. ყველანი ავტობუსში ვისხედით, ზიდანი კი არ ჩანდა. უბრალოდ დაიკარგა, ტელეფონიც გამორთული ჰქონდა. ცოტა დაველოდეთ და გადავწყვიტე, რომ წავსულიყავით.

‘კარლეტო, ზიზუ როგორ დაგვეწევა?’ - ისმის ხმა ავტობუსის სიღრმიდან.

‘თავად გაარკვევს’ - ვპასუხობ აგდებულად.

სიღრმიდან პაოლო მონტერო გამოჩნდა, არცთუ ისე კეთილგანწყობილად მიყურებდა: ‘მისტერ, უნდა დავილაპარაკოთ’

‘დავიძრათ პაოლო და გზაში ვილაპარაკოთ რამდენიც გინდა’ - ვპასუხობ მე.

მონტერო მძღოლთან მივიდა და მოკლედ მოუჭრა: "ზიდანის გარეშე აქედან ვერავინ ვერსად წავა!"

სულ რამდენიმე წამში მივხვდი, როგორ უნდა მოვქცეულიყავი. ჩემს წინ მონტევიდეოს ქუჩებში გაზრდილი მკვლელი იდგა და სახეში მიყურებდა. საშიში კაცი იყო: როცა ბურთს უმიზნებდა, მეტოქეებს ფეხში ურტყამდა, ხოლო როცა ფეხში მორტყმა სურდა, მაშინ არ აცილებდა. 21 წითელი ბარათი ჰქონდა მიღებული.’

📺 ვიდეო: პაოლო მონტეროს უხეში თამაში და წითელი ბარათები

‘კარგი პაოლო, დაველოდებით ზიზუს’ - სხვა რა უნდა მეპასუხა, ჯანმრთელობა ყველაზე მნიშვნელოვანია.

ზიდანი 10 წუთში მოვიდა, მოიბოდიშა და დავიძარით.

პაოლო მონტერო

კაცი სხვა პლანეტიდან

ზიდანი ყველაზე დიადი მოთამაშეა, რომელსაც შევხვედრივარ (შეგახსენებთ, რომ ანჩელოტის კრიშტიანოსთანაც უმუშავია). ის სხვა პლანეტიდანაა.

თამაშების წინ ანიელი გასახდელში შემოდიოდა, დელ პიეროს ესალმებოდა და მერე პირდაპირ ზიზუსთან მიდიოდა, გვერდით გაყავდა და ლაპარაკობდნენ. ანიელი ზიდანზე შეყვარებული იყო. ეს სცენა ძალიან ბევრჯერ მინახავს. ხშირად ანიელისთან ერთად, მისი შვილიშვილები ჯონ და ლაპო ელკანები მოდიოდნენ. ისინიც გუნდს ესალმებოდნენ და მერე ზიდანთან სალაპარაკოდ მიდიოდნენ. მათ მერე ლუჩანო მოჯი შემოდიოდა, შემდეგ ჯირაუდო, ბოლოს ბეტეგა, ის ყველაზე მორიდებული იყო. ყველას ზიდანთან უნდოდა საუბარი.

ასეთ მომენტებში თავს მარტოდ ვგრძნობდი. ყურადღებას არავინ მაქცევდა.

თავდასხმა ტიფოზებზე

ერთხელ, დილის 4-ზე კაზალეს აეროპორტში ჩამოვფრინდით. ათენიდან ვბრუნდებოდით, წავაგეთ და ჩემპიონთა ლიგიდან გავარდით. აეროპორტში ტიფოზები გველოდებოდნენ, რომელთაც საერთოდ არ სურდათ ჩვენი ‘შექება’ ამ თამაშის გამო. რამდენიმე მათგანმა გაბედა და ზიდანს ხელი ჰკრა. ეს განაჩენი იყო. მონტერომ ეს ყველაფერი შორიდან დაინახა, სათვალე მოიხსნა, შეინახა და სულ რამდენიმე წამში ტიფოზებს თავს დაესხა. მონტეროს კიდევ ერთი ურუგვაელი, დანიელ ფონსეკა ეხმარებოდა. ეს ყველაფერი კრივის მატჩს დაემსგავსა - ზიდანი გადარჩენილი იყო.

ნაცემი ტიფოზები იატაკზე ეყარნენ. არადა ულტრასები იყვნენ - არცთუ მშვიდობიანი ხალხი. თუმცა, ეს გუნდი ბრძოლისთვის და ჩხუბისთვის ყოველთვის მზად იყო. მონტერო, ფონსეკა, დავიდსი - ამ საქმის სპეციალისტები იყვნენ.

ერთხელ ოლიმპიკოზე ვთამაშობდით, რომში. თამაშის წინ მონტერომ ჩხუბის ხმა გაიგონა. ‘სად არის ზიდანი?‘ - იყვირა მაშინვე და დერეფანში გავარდა. იქ რომას მოთამაშეები ერთმანეთში დავობდნენ. ვერავინ გაიგო, რატომ დაესხა მათ თავს მოულოდნელად მონტერო. ხომ გეუბნებით, შეშლილია.

მონტერო გიჟდებოდა ზიდანზე. მას ძალიან დიდი გული ჰქონდა და ნამდვილი მეომარი იყო. კრიმინალს ჰგავდა, თუმცა თავისი ღირსება და მორალი ჰქონდა.

პაოლო მონტერო: 'ტურინში ჩამოსვლის პირველივე დღიდანვე თავი იუვენტინოდ ვიგრძენი. ჩვენ ტიფოზებს მთელ იტალიაში ვეზიზღებით, მაგრამ მათი სიძულვილი მხოლოდ აძლიერებდა ჩემს სიყვარულს იუვესადმი. მე ვიცვამდი შავ-თეთრ ჯავშანს და გავდიოდი ჩემი გუნდისთვის საომრად. იუვე ყველას და ყველაფრის წინააღმდეგ - ასე იყო ყოველთვის.'

მონტერომ იუვეში 1996-დან 2005 წლამდე ითამაშა

ზიდანთან მუშაობა ერთი სიამოვნება იყო. ის ვარჯიშებზე სპექტაკლებს, წარმოდგენებს, დგამდა და ეს ყოველდღე მეორდებოდა. ზიზუს თავისი მინუსებიც ჰქონდა: გოლები ცოტა გაჰქონდა და იშვიათად შედიოდა მეტოქის საჯარიმოში. მოედნის ამ მონაკვეთზე ალერგია ჰქონდა, მაგრამ ყველგან სხვაგან, ნებისმიერ სხვა მონაკვეთზე, ის მეფესავით იყო.

მას ვარჯიშები ძალიან უყვარდა. ის ქმნიდა, დანარჩენები კი ამით ვტკბებოდით.’

ედგარ დავიდსი

იუვეს მწვრთნელი რომ გავხდი ერთ-ერთ პირველს ედგარ დავიდსს ველაპარაკე. მე ის ძალიან მომწონდა და ეს თავიდანვე ვუთხარი: ‘მომწონს, როგორც თამაშობ. შენი აგრესია, სიმტკიცე, ვიცი, რომ არასოდეს არ ნებდები, ნამდვილი მეომარი ხარ.’ ასე ვაქებდი მის ხასიათს და ფიზიკურ მონაცემებს, ის კი ისე მიყურებდა, თითქოს იდიოტი ვყოფილიყავი. ბოლოს მითხრა: ‘იცი რა, ბურთით თამაშიც ძალიან კარგად შემიძლია.’

ედგარ დავიდსი

არადა, ტექნიკა მისი ყველაზე ძლიერი მხარე არ იყო, მაგრამ დავიდსს უბურთოდ სირბილი არ უყვარდა. მუდამ იძულებული ვიყავი, მისთვის განსაკუთრებული ვარჯიშები მომეფიქრებინა ისე, რომ მას ბურთიც ჰქონოდა. ისე, როგორც პატარა ბავშვი არ სვამს წამალს, თუ ტკბილიც არ მიეცი. დავიდსი ბავშვივით იყო - ყველაფერი უნდა აგეხსნა და დაგესაბუთებინა, სანამ რამის გაკეთებას თხოვდი. ის პერფექციონისტი იყო და ამავე დროს, აუტანელი ხასიათი ჰქონდა.

დელ პიერო

როცა დელ პიერო გავიცანი, ბედნიერი არ იყო. ურთულესი ტრავმის შემდეგ ფორმის დაბრუნებას ცდილობდა. ტრავმამ მას სისწრაფე და რეაქტიულობა დააკარგვინა, თუმცა მე მისი მაინც მჯეროდა. ის აღარ იყო ისეთი ეფექტიანი, როგორც ტრავმამდე, მაგრამ ასეთ მოთამაშეებზე უარის თქმა შეუძლებელია. მგონია, რომ ფაბიო კაპელო მას არასწორად ექცეოდა, როცა რამდენიმე წლის შემდეგ თავისი გუნდის კაპიტანს სათანადო ყურადღებას არ აქცევდა.

ჯანი ანიელი და დელ პიერო

ალე ლიდერადაა დაბადებული. მისი იგნორირება შეუძლებელია. მე მას სათამაშო დროს ვაძლევდი, როცა სხვა მწვრთნელი სკამზე დასვამდა (კაპელო კი ალბათ საერთოდ ტრიბუნაზე გაუშვებდა, ანაც სახლში). ვიცოდი, რომ უნდა დავხმარებოდი. ის ამას იმსახურებდა. ნამდვილი პროფესიონალი იყო, ვარჯიშებზე ბოლომდე იხარჯებოდა, მასთან პრობლემა არასოდეს არ მქონია - შესანიშნავი ადამიანი და დიდი ფეხბურთელი.

მომდევნო წლებში მე მისი მილანში გადაყვანა მინდოდა. რამდენჯერმე ვცადეთ კიდეც ეს, მაგრამ დელ პიერო იუვენტუსია და იუვენტუსი არ იყიდება!

ანიელი მას გოდოს ეძახდა, ანუ პერსონაჟს, რომელსაც ყველა ელოდება, მაგრამ არასოდეს მოდის. ალექსს ძალიან სძულდა ეს მეტსახელი, თუმცა არაფერს ამბობდა. იმიტომ, რომ ჯანი ანიელისთან არ დავობენ!

მალდინი იუვეში?

ანიელი ოცნებობდა მალდინის ყიდვაზე. ეს იშვიათი შემთხვევა იყო, როდესაც ის თავდამსხმელს მცველს ამჯობინებდა. ანიელი გიჟდებოდა ბომბარდირებზე. ამით ის ბერლუსკონის გავდა, რომელიც უფლება რომ მიგეცა, მოედანზე 11 თავდამსხმელს გამოიყვანდა.

ანიელის ოცნება არ ახდა. მალდინი მილანში დარჩა. მე მგონია, რომ სწორედ ასეთ მომენტებში მიდიოდა ის ზიდანთან სალაპარაკოდ. კარგი გზაა თავის დამშვიდებისთვის.

კომენტარები

ბოლო ამბები