Thumbnail

ალეგრისთან მოლაპარაკება დაიწყო - პსჟ ტუხელთან განშორებას აპირებს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • პსჟ თომას ტუხელთან დამშვიდობებას სეზონის დასრულების შემდეგ აპირებს
  • გავრცელებული ინფორმაციით, პარიზელებს 52 წლის იტალიელის მიწვევა სურთ

საფრანგეთის მოქმედმა ჩემპიონმა პარი სენ-ჟერმენმა დიალოგი იტალიელ სპეციალისტთან, მასიმილიანო ალეგრისთან წამოიწყო, რომელიც იუვენტუსთან განშორების შემდეგ უმუშევარია. მედიაში გავრცელებული ხმების თანახმად, პარიზული კლუბი აპირებს, გუნდის ამჟამინდელ მთავარ მწვრთნელს, თომას ტუხელს სეზონის დასრულების შემდეგ დაემშვიდობოს. 

ცნობისთვის, პარი სენ-ჟერმენი საფრანგეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილის ლიდერია და ამასთან, ჩემპიონთა ლიგის ¼-ფინალშია გასული, თუმცა როგორც ირკვევა, ფრანგული კლუბის ბოსებს გუნდის გასახდელში არსებული არცთუ კარგი ვითარება აშფოთებთ და მომავალი სეზონისთვის გერმანელი სპეციალისტის შემცვლელს ეძებენ.

როგორც ჩანს, ტუხელს პარიზულ კლუბში მხოლოდ შედეგს არ სთხოვენ 

თომას ტუხცელს პსჟ-სთან კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, მასიმილიანოს მიწვევის ინიციატორი კი კლუბის სპორტული დირექტორი ლეონარდოა.
 
მასიმილიანო ალეგრის, რომელიც ტურინის იუვენტუსს გასულ ზაფხულს დაემშვიდობა, კარიერაში პაუზა აქვს. 52 წლის იტალიელი სპეციალისტის მომავალს ასევე უკავშირებდნენ მანჩესტერ იუნაიტედს, ლონდონის არსენალს, მიუნხენის ბაიერნს და მადრიდის რეალს. 

მასიმილიანო ალეგრი ტურინის იუვენტუსს 2014-19 წლებში წვრთნიდა. მისი ხელმძღვანელობით ტურინელებმა სერია A ხუთჯერ მოიგეს, ასევე - 4-ჯერ იტალიის თასი და 2-ჯერ ქვეყნის სუპერთასი. ალეგრი იუვენტუსში მაურიციო სარიმ შეცვალა.

კომენტარები

ბოლო ამბები