Thumbnail

ლისაბონის სპორტინგის პრეზიდენტი ფრედერიკუ ვარანდაში, რომელსაც აქვს სამედიცინო განათლება და თავის დროზე ექიმად ავღანეთის ომის დროსაც მუშაობდა, პორტუგალიაში კორონავირუსთან საბრძოლველად ექიმის პროფესიას უბრუნდება.

ლისაბონის კლუბის ფანებს შეუძლიათ თავიანთი პრეზიდენტითაც იამაყონ

40 წლის ვარანდაში გამოეხმაურა პორტაგალიის შეიარაღებული ძალების მოწოდებას, რომელიც პანდემიასთან საბრძოლველად თავის რიგებში თადარიგისა თუ ყოფილ სამხედრო მოსამსახურეებს იღებს. 

"ჩვენი მშობლებისთვის, ბებიებისა და პაპებისთვის, ასევე ჩვენი ამჟამინდელი თაობისთვის, რომელიც ვერ გაიზრდება ქვეყანაში, რომელსაც სერიოზული ეკონომიკური კრიზისი დაახრჩობს. ყველა მათგანისთვის, პორტუგალიისთვის… მოდით, გავაკეთოთ ეს! ყველამ ჩვენებურად. ვიღაც ავადმყოფებზე იზრუნებს, ვიღაც პურს გამოაცხობს, სხვა პორტუგალიელებს ინფორმაციას მიაწვდის, ზოგი კი იმუშავებს ქვეყნისა და ეკონომიკისთვის. მე უკვე ვემსახურე სამშობლოს, დღეს კი ამას ისევ გავაკეთებ, სანამ საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს… და ყოველთვის დავბრუნდები, როდესაც ეს პორტუგალიას დასჭირდება. მოდით, სამშობლოს ყველა ერთად დავეხმაროთ", - დაწერა ვარანდაშმა ინსტაგრამზე. 

იუწყებიან, რომ ფრედერიკუ ვარანდაში, რომელმაც სამხედრო კარიერა 2013 წელს დაასრულა, არ აპირებს მაინც და მაინც ხელმძღვანელი თანამდებობის დაკავებას და მზადაა, საველე პირობებშიც იმუშაოს.   

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით 270 ათასზე მეტი ადამიანია ინფიცირებული, 11 ათასზე მეტი კი გარდაცვლილი. პორტუგალიაში დაავადების 1020 შემთხვევა, ხოლო გარდაცვალების 6 ფაქტი დაფიქსირდა. 

კომენტარები

ბოლო ამბები