Thumbnail

ირლანდია ექვსი ერის ჩემპიონია, სამყურებმა ტიტული ერთი ტურით ადრე გაინაღდეს

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ირლანდია 28:8 შოტლანდია.
  • ირლანდიამ ექვსი ერი მოიგო, სამყურებმა ტიტული ორი წლის შემდეგ დაიბრუნეს.
  • საფრანგეთი 22:16 ინგლისი.
  • ფრანგებმა ირლანდიას ჩემპიონობისკენ გზა გაუხსნეს.

ექვსი ერის მეოთხე ტურში ჩემპიონის ბედი გადაწყდა. ირლანდიამ ‘’ავივა სტედიუმზე’’ შოტლანდიას უმასპინძლა და მეტოქეს 28:8 მოუგო. შოტლანდია პირველი ტაიმის მე-12 წუთზე დაწინაურდა - ლეიდლოუმ ჯარიმის გატანა მოახერხა. 21-ე და მე-40 წუთებზე ჯეიკობ სტოკდეილმა ორი ლელო დაუდო შოტლანდიას, ჯონ სექსტონმა ორივე გარდასახვის გატანა მოახერხა. ირლანდიამ პირველი ტაიმი 14:3 მოიგო.

მასპინძლებმა მეორე ტაიმის დასაწყისში კიდევ ერთი ლელო დადეს. კონორ მიურეის ლელოს სექსტონის ზუსტი გარდასახვა მოჰყვა. შოტლანდიელებმა ბლეირ კინგჰორნის ლელოთი ანგარიშში სხვაობა შეამცირეს. მატჩს წერტილი შონ ქრონინმა დაუსვა, სექსტონმა მეოთხე გარდასახვაც ზუსტად შეასრულა. ირლანდიამ 28:8 მოიგო - სამყურებმა ბონუსქულაც მოიპოვეს და ოთხი ტურის შემდეგ 19 ქულა დააგროვეს.

მატჩის საუკეთესო მოთამაშედ რობ კირნი დასახელდა.

ირლანდიელები საფრანგეთისა და ინგლისის მატჩის შედეგს ელოდებოდნენ. იმ შემთხვევაში, თუ ინგლისი საფრანგეთს ბონუსქულით დაამარცხებდა, ირლანდიას ინგლისთან ჩემპიონობისთვის ბრძოლა მოუწევდა. საფრანგეთის გამარჯვების შემთხვევაში, ირლანდია ავტომატურად ჩემპიონი ხდებოდა, რადგანაც ქულებით სამყურებს ვეღარავინ ეწეოდა.

ირლანდია 28:8 შოტლანდია - მატჩის საუკეთესო მომენტები


საფრანგეთმა ინგლისს დიდი წინააღმდეგობა გაუწია, შეხვედრა მოუგო და ირლანდიელებს დიდი საჩუქარი გაუკეთა. პირველი ტაიმი ფრედ, 9:9 დასრულდა. ინგლისელებმა სამი ჯარიმა გაიტანეს - ორი ოუენ ფარელმა, ერთი ელიოტ დეილიმ. ფრანგთა მხრიდან სამივე ჯარიმა მაქსიმ მაშნოს ანგარიშზეა.

ფრანგებმა მეორე ტაიმის 48-ე წუთზე საჯარიმო ლელო მოიპოვეს, რასაც ინგლისელთა მხრიდან ენტონი უოტსონის გასინბინებაც დაერთო. 62-ე წუთზე მაქსიმ მაშნომ ჯარიმა კიდევ ერთხელ გაიტანა. ინგლისელებს ვერც ჯონი მეის ლელომ უშველა. ფრანგებმა მატჩის ბოლოს ჯარიმით ექვსქულიანი უპირატესობა მოიპოვეს და შეხვედრა 22:16 მოიგეს.

საფრანგეთმა, ორწლიანი პაუზის შემდეგ, ინგლისი ისევ დაამარცხა.

მეხუთე ტურის წინ სატურნირო ცხრილი ასე გამოიყურება, რაც იმას ნიშნავს, რომ ირლანდია 2018 წლის ექვსი ერის ჩემპიონია. ირლანდიას აქვს შანსი დიდი სლემის გამარჯვებული გახდეს და ასევე დაეუფლოს სამმაგ გვირგვინს.

დიდი სლემის გამარჯვებული ხდება ის ნაკრები, რომელიც ექვს ერში ყველა მეტოქეს დაამარცხებს.

სამმაგ გვირგვინს მოიპოვებს ის ნაკრები, რომელიც დანარჩენ სამ ბრიტანულ ნაკრებს დაამარცხებს.

ექვსი ერის მეოთხე ტური უელსისა და იტალიის მატჩი დასრულდება. 

კომენტარები

ბოლო ამბები