Thumbnail

მსოფლიო რაგბის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გლობალური პანდემიის გამო, 2020 წლის ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი აღარ გაიმართება.

ამ ინფორმაციას საქართველოს რაგბის კავშირიც ადასტურებს.

გადაწყვეტილებას წინ უძღოდა მოლაპარაკებები იტალიის რაგბის კავშირთანა და საორგანიზაციო კომიტეტთან.

28 ივნისიდან 18 ივლისის ჩათვლით, ტურნირისთვის სწორედ იტალიას უნდა ემასპინძლა. თამაშები ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში იყო დაგეგმილი, სადაც ვირუსი განსაკუთრებულად მძლავრობს და სამწუხაროდ, მისი დასრულების ვადებზე დამაიმედებელი პროგნოზები ვერ კეთდება.

განიხილებოდა ჩემპიონატის სხვა ქვეყანაში გადატანის შესაძლებლობაც, მაგრამ მსოფლიოს მასშტაბით შეზღუდული ფრენების ფონზე, ორგანიზაციული საკითხების დროულად მოგვარება ვერ ხერხდება.

შეგახსენებთ, რომ უმცროს ბორჯღალოსნებს ზედიზედ მეხუთე 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე B ჯგუფში, ავსტრალიის, უელსისა და ახალი ზელანდიის ნაკრებების წინააღმდეგ უნდა ეთამაშათ.

12-გუნდა ტურნირში ასევე მონაწილეობდნენ: A ჯგუფში – საფრანგეთი, არგენტინა, ირლანდია და იაპონია; C ჯგუფში – სამხრეთ აფრიკა, ინგლისი, იტალია და ფიჯი.

კორონავირუსის პანდემიის გამო, გადაიდო მსოფლიო რაგბის მიერ ორგანიზებული კიდევ რამდენიმე ტურნირი: 7-კაცა მსოფლიო სერიის ლონდონისა და პარიზის ეტაპები, 7-ქალას ლანგფორდის ეტაპი, 7-კაცას მსოფლიო რაგბის ჩელენჯის სერიის ფინალური ეტაპი, 2023 წლის კაცთა მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპის რამდენიმე ტურნირი.

“მსოფლიოსთვის ამ ურთულეს სიტუაციაში, სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენს დიდ სარაგბო ოჯახს და მთელი მსოფლიოს მოსახლეობას. მაქსიმუმს გავაკეთებთ, რათა გლობალური სარაგბო ოჯახის კეთილდღეობა შევინარჩუნოთ.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციით, მივიღეთ ტურნირებისა და მატჩების გადადების, ან შეჩერების გადაწყვეტილება, რათა შევამციროთ ვირუსის გავრცელების შესაძლებლობა.

ადამიანების ჯანმრთელობა უპირველესია, რამაც ფედერაციებთან კონსულტაციების შემდეგ, მსოფლიო რაგბის მიერ ორგანიზებული ტურნირების დაუყოვნებლივ შეჩერება გაგვიადვილა“ – განაცხადა მსოფლიო რაგბის თავმჯდომარემ ბილ ბომონტმა.

კომენტარები

ბოლო ამბები