Thumbnail

'ეს პასუხისმგებლობა ყველას გვეკისრება' - საუთგეიტის ემოციური მიმართვა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური

ინგლისის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გარეტ საუთგეიტმა, კორონავისურის საფრთხესთან დაკავშირებით, ბრიტანელ გულშემატკივრების ღია წერილით მიმართა.

ინგლისის ეროვნულ ნაკრებს ამ ზაფხულს ევროპის ჩემპიონატზე უნდა ეთამაშა, სადაც D ჯგუფში მეტოქეებად ჩეხეთი და ხორვატია ჰყავს (კიდევ ერთი მეტოქე მოგვიანებით უნდა გაირკვეს). მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამო, უეფამ 2020 წელს გასამართი ტურნირი ერთი წლით გადაავადა.

კორონავირუსის პანდემიამ ინგლისის ნაკრების გეგმებიც შეცვალა

49 წლის სპეციალისტის წერილს ბრიტანული მედია აქვეყნებს: 

"ძვირფასო გულშემატკივრებო, ეროვნულ გუნდში გადავწყვიტეთ, რომ თქვენთვის მომართვის დრო დადგა.

ახლა ჩვენს ქვეყანაში უმთავრესი პრიორიტეტი ჩვენს ოჯახებზე ზრუნვაა და ერთად უნდა ვიშრომოთ იმისთვის, რათა დავძლიოთ ბოლო ათწლეულის ყველაზე ექსტრემალური გამოცდა. 

მოგიწოდებთ, რომ გააგრძელოთ ჰიგიენის პრინციპების დაცვა და მისდიოთ სიფრთხილის ნორმებს, რომლებიც ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ საბრძოლველად არის შემუშავებული. ამით დაცავთ მათ, ვინც განსაკუთრებით მოწყვლადია ვირუსის მიმართ. ეს პასუხისმგებლობა ყველას გვეკისრება.

ნაკრებისა და მისი პერსონალის სახელით, მსურს თანავუგრძნო მათ, ვინც უკვე დაკარგა ახლობელი. ფიქრებით თქვენთან და მათთან ვართ, ვინც უახლოეს მომავალში მსგავსი ფაქტის წინაშე აღმოჩნდება. 

იზრუნეთ ერთმანეთზე. გთხოვთ, მარტოობაში სასოწარკვეთას ნუ მიეცემით და გაიხსენეთ, უწინ როგორ ახერხებდა ჩვენი დიადი ქვეყანა უდიდეს გამოწვევებთან გამკლავებას. და ჩვენ ერთად ისევ შევძლებთ ამას.

ამ ზაფხულს ქვეყნის ღირსება ევროპის ჩემპიონატზე უნდა დაგვეცვა, მაგრამ ახლა ამის დრო არ არის. გმირები დღეს ის მედიკოსები არიან, რომლებიც მუხლჩაუხრელად შრომობენ საავადმყოფოებში, ზრუნავენ ჩვენს ახლობლებსა და ოჯახებზე. ევროპის ჩემპიონატზე თამაშს კი ჩვენი ნაკრები ერთი წლის შემდეგ მაინც შეძლებს და მისი გადატანის გამო არ უნდა ვინაღვლოთ. 

ყველა ჩვენთაგანის სახელით, თქვენ და თქვენს ოჯახებს სიყვარულს და ძალას გისურვებთ საიმისოდ, რათა გაუმკლავდეთ ამ ამოცანას. 

კეთილი სურვილებით, გარეთ საუთგეიტი".

გარეტ საუთგეიტი ინგლისის ნაკრების 2016 წლის ბოლოდან წვრთნის

COVID-19 თავდაპირველად ჩინეთში, გასული წლის მიწურულს გამოვლინდა, შემდეგ კი მთელ მსოფლიოში გავრცელდა. ბოლო მონაცემებით, დაავადებამ 10 ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, 88 ათასზე მეტი კი გამოჯანმრთელდა. 

კომენტარები

ბოლო ამბები