Thumbnail

ესპანეთის ჩემპიონატის ფეხბურთელები მონაწილეობას მიიღებენ ტურნირში FIFA 20, რომელსაც ოფიციალური სახე აქვს და მისი ერთ-ერთი ორგანიზატორი ლა ლიგა გახლავთ.

ესპანეთში მოთამაშე ფეხბურთელები უსაქმოდ მას შემდეგ დარჩნენ, რაც მსოფლიოს მოდებული კორონავირუსის გამო, ფაქტობრივად, ყველა ტურნირი შეწყდა ან ჩაიშალა.

ტურნირის გამართვის იდეა 24 წლის იბაი ლანოსს ეკუთვნის, რომელიც კიბერ სპორტში ცნობილ პიროვნებად ითვლება.

სოციალურ ქსელში მის მიერ გამოთქმულ ინიციატივას გამოხმაურება მალევე მოჰყვა და დადებითი პასუხი ლა ლიგის ყველა კლუბებისგან მოვიდა.

უკვე ცნობილია, რომ ვირტუალური შეჯიბრი 20-22 მარტს შედგება, ბრძოლაში კი არაერთი ცნობილი ფეხბურთელი ჩაებმება.

მაგალითად, ბარსელონას სერხი რობერტო წარმოადგენს, მადრიდის რეალს – მარკოს ასენსიო, ატლეტიკოს – მარკოს ლორენტე, რეალ სოსიედადს – ადნან იანუზაი, სევილიას – სერხიო რეგილონი და ა.შ.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, ხსენებულმა რეგილონმა და ბორხა იგლესიასმა FIFA 20-ში სევილიასა და ბეტისის ანდალუზიური დერბი გამართეს და ამ მატჩს 62 ათასამდე მაყურებელი ჰყავდა, რაც შთამბეჭდავი შედეგი იყო.

უკვე შედგა მომავალი ტურნირის წილისყრაც და ფეხბურთელებმა მეტოქეთა ვინაობა შეიტყვეს. შეჯიბრი ოლიმპიური სისტემით წარიმართება და კვირას გამარჯვებულის ვინაობაც გვეცოდინება.

კომენტარები

ბოლო ამბები