Thumbnail

‘ეს არის ომი! სხვანაირი ომი’ - შვეიცარიული კლუბის პრეზიდენტის პასუხი კრიტიკას

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი

კორონავირუსის გამო, შვეიცარიულ ფეხბურთში კლუბ სიონის გარშემო დიდი სკანდალია. კლუბმა პანდემიით გამოწვეული პაუზის დროს ფეხბურთელებს მცირეხნიანი მუშაობის სისტემაზე გადასვლა მოსთხოვა და მათ ხელფასების შემცირებაზე დათანხმებას შეეცადა. მოთამაშეების აბსოლუტურმა უმრავლესობამ კლუბის ხელმძღვანელებს მოკლე დროში პასუხი არ გასცა, რის გამოც ხუთშაბათს სიონმა ყველა მათგანი გაათავისუფლა!

სიონის ხელმძღვანელობა ამის გამო ყველამ გააკრიტიკა. ახლა კი, კლუბის პრეზიდენტმა კრისტიან კონსტანტინმა შვეიცარიის ფეხბურთელთა კავშირის პრეზიდენტ ლუსიენ ვალონის მიმართა და ამ მიმართვაში ისეთ სიტყვებს იყენებს, როგორიცაა მაგალითად ‘ომი’.

'ამ ყველაფერს ქვია ომი! ეს არ არის ჩვეულებრივი ომი. ეს სანიტარული ომია!'

“ვაკეთებთ ლაზარეთებს, რათა ადამიანები სიკვდილისგან ვიხსნათ. გარდაცვლილებს პანაშვიდების გარეშე ვმარხავთ. არჩევანს ვაკეთებთ იმ ადამიანებს შორის, რომლებიც უნდა მოკვდნენ და რომელთა გადარჩენა შეიძლება. ამ ყველაფერს ქვია ომი! ეს არ არის ჩვეულებრივი ომი. ეს სანიტარული ომია. უბრალოდ, შედეგი იგივეა. ადამიანები კვდებიან, ან მოკვდებიან,” - წერია კონსტანტინის ვალონისადმი მიმართვაში.

სიონის პრეზიდენტი კრისტიან კონსტანტინი

ვალონიმ სიონის პრეზიდენტი ფეხბურთელების გათავისუფლების გამო მკაცრად გააკრიტიკა და მისგან პასუხად ეს ტექსტი მიიღო. სიონის გათავისუფლებულ მოთამაშეებს შორის არიან ნაკრების ფეხბურთელები სეიდუ დუმბია, პაიტიმ კასამი და ყველასათვის ცნობილი იოჰან ჯურუ.

სიონის პრეზიდენტი აცხადებს, რომ მისთვის გაუგებარია ფეხბურთელთა გაერთიანების პროტესტი და კრიტიკა. “მათ ფეხბურთელებს მისცეს რჩევა, მოკლევადიან სამსახურზე და შესაბამის, კანონით დადგენილ ხელფასებზე უარი ეთქვათ. სწორედ მათი ბრალია, რომ კონტრაქტები შეწყდა. მე ვფიქრობ, რომ ვალონი აქტუალური სიტუაციის მიღმა ცხოვრობს.” - წერს კონსტანტინი.

სიონის 63 წლის პრეზიდენტმა 9 ფეხბურთელს შეუწყვიტა კონტრაქტი მას შემდეგ, რაც მათ მოკლევადიან თანამშრომლობაზე და ხელფასის შემცირებაზე უარი თქვეს. კონსტანტინი სხვა მოთამაშეებს ურჩევს, დათანხმდნენ შემოსავლის შემცირებას. “ფეხბურთელებმაც უნდა გაიარონ ეს მძიმე ფაზა და მერე ისევ ისე იმუშავებენ, როგორც აქამდე მუშაობდნენ და ისევ ძველ ხელფასებს მიიღებენ. ეს მოხდება მაშინ, როცა საფეხბურთო მატჩები მაყურებლებთან ერთად განახლდება.” - წერს სიონის პრეზიდენტი.

კომენტარები

ბოლო ამბები