Thumbnail

ტოჩინოშინის მე-8 მარცხი – ქართველი სუმოისტი დაქვეითებას ვერ გადაურჩება

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ტოჩინოშინმა იორიკირით წააგო და მაკე-კოში გაიფორმა
  • ქართველი სუმოისტი ოსაკაში კიდევ 2 ორთაბრძოლას ჩაატარებს

ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ იგივე ტოჩინოშინმა იაპონიის ქალაქ ოსაკაში მიმდინარე საგაზაფხულო სუპერტურნირზე მე-8 მარცხი განიცადა, რაც იმას ნიშნავს, რომ წოდებაში დაქვეითებას ვერ გადაურჩება.

📺 ტოჩინოშინი - კოტოშოგიკუ

32 წლის ქართველი სეკიტორი ჰარუ ბაშოს დასავლეთის მე-9 მაეგაშირას წოდებით შეხვდა, დღეს კი, აღმოსავლეთის მე-13 მაეგაშირა კოტოშოგიკუსთან იორიკირით წააგო.

36 წლის გამოცდილმა იაპონელმა ტოჩინოშინს გასაქანი არ მისცა, სასტარტო შეჯახებისთანავე უკან დაახევინა და დოჰიოდან იოლად გაიყვანა.

აღსანიშნავია, რომ ლევანი კოტოშოგიკუს კარიერაში უკვე 35-ედ გაეჯიბრა და აქტივში მხოლოდ 10 გამარჯვება აქვს.

ამგვარად, ტოჩინოშინმა მაკე-კოში (უარყოფითი ბალანსი) გაიფორმა და ახლა, გასარკვევი მხოლოდ ისაა, ელიტარულ მაკუუჩი დივიზიონში რამდენ საფეხურს დაკარგავს.

გორგაძეს ოსაკაში 5 მოგება და 8 მარცხი აქვს და დოჰიოზე კიდევ 2-ჯერ გავა.

კომენტარები

ბოლო ამბები