Thumbnail

‘წელს ფეხბურთი დაივიწყეთ’ - გერმანელი ვირუსოლოგის პროგნოზი

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი

ჰამბურგის ბერნჰარდ ნოხტის ინსტიტუტის პროფესორის, ვირუსოლოგი იონას შმიდტ-ხანასიტის პროგნოზით, წელს საზოგადოება ფეხბურთს უნდა დაემშვიდობოს. მისი თქმით, მხოლოდ გერმანიის მაგალითითაც შეიძლება ასეთი დასკვნის გაკეთება.

“ფეხბურთს უნდა დავემშვიდობოთ. არარეალურია, რომ ეს სეზონი დასრულდეს,” - განაცხადა შმიდტ-ხანასიტმა NDR-Sportclub-თან ინტერვიუში.

“ამის თქმის საფუძველს მხოლოდ გერმანიის მაგალითიც მაძლევს და თუ უფრო მძიმე მდგომარეობაში მყოფ ქვეყნებს შევხედავთ, მაგალითად იტალიას, მიმაჩნია, რომ საფეხბრთო სეზონის განახლება მინიმუმ წლის ბოლომდე გამორიცხულია. ხომ კარგად ვხედავთ, როგორი სიტუაციაა ევროპაში და კიდევ რა გველოდება,” - თქვა მან.

ჰამბურგის ბერნჰარდ ნოხტის ინსტიტუტის პროფესორი, ვირუსოლოგი იონას შმიდტ-ხანასიტი

“იმ შემთხვევაშიც კი, თუ გერმანიაში არ იქნება ისეთი რთული ვითარება, როგორიც ახლა იტალიაშია, ეს კიდევ დიდხანს არ ნიშნავს იმას, რომ ბუნდესლიგა უნდა განახლდეს, რადგან ფეხბურთი და სავსე სტადიონები ვითარებას კიდევ უფრო დაამძიმებს. ჩემი გათვლით, ფეხბურთის განახლება რეალური მინიმუმ გაისად იქნება.” - დასძინა ბერნჰარდ ნოხტის ინსტიტუტის პროფესორმა.

მისი აზრით, გამოსავალი არც ისაა, რომ საფეხბურთო მატჩები უმაყურებლოდ ჩატარდეს: “უმაყურებლო მატჩები გამოიწვევს იმას, რომ ადამიანები ერთმანეთს შეხვდებიან და მატჩებს ერთად უყურებენ. როდესაც საზოგადოება ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდება, თავყრილობები და ერთობლივი ზეიმები ყველაზე ბოლოს უნდა დაიწყოს.”

კომენტარები

ბოლო ამბები