Thumbnail

'ვილსონ, უნდა ვილოცოთ' - გომეშმა ჰენქსის სცენა გაითამაშა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

სეზონის ჩაშლის გამო, უქმად მყოფი ფეხბურთელები ათასგვარ გასართობს ეძებენ, რათა არსებულ რთულ ვითარებას გაუმკლავდნენ.

ორიგინალობით ყველას ევერტონის 26 წლის ლეგიონერმა ანდრე გომეშმა აჯობა, რომელმაც ცნობილი ფილმიდან სცენა დადგა და ვიდეო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

პორტუგალიელმა ფეხბურთელმა ნიმუშად ბევრისთვის საყვარელი ამერიკული მხატვრული ფილმი “გარიყული” აიღო.

ალბათ, ყველას გახსოვთ ცნობილი ეპიზოდი შეუდარებელი ტომ ჰენკსის (ბედის ირონიით, ამერიკელი მსახიობი, რომელიც ბირმინგემის ასტონ ვილას ქომაგი გახლავთ, სწორედ კორონავირუსით არის დაავადებული) მონაწილეობით, როდესაც უკაცრიელ კუნძულზე მყოფი ფილმის გმირი ფრენბურთის ბურთს, სახელწოდებით “ვილსონი” ესაუბრება.

გასაგებ მიზეზთა გამო, გომეშმა “პარტნიორად” არა ფრენბურთის, არამედ ფეხბურთის ბურთი შეარჩია და მას თავისი გულისნადები გაანდო.

სათქმელია, რომ პორტუგალიელ ნახევარმცველს მართლაც რომ მძიმე პერიოდი ჰქონდა. გასული წლის ნოემბრის დასაწყისში მან ტონტენჰემთან მატჩში მძიმე ტრავმა მიიღო (სამხრეთკორეელი სონის ვარდნის შემდეგ, ფეხი მოიტეხა) და მინდორს თებერვალშიღა დაუბრუნდა, თუმცა, მხოლოდ 3 მატჩი ჩაატარა და პანდემიის გამო, სეზონიც შეწყდა.

ეს კი, გომეშის მონოლოგი.

“არც კი ვიცი, რა დღეა. დიდი ხანია, სახლში ვარ. მგონი, საკვებიც მთავრდება. მძიმეა, ხომ? არ ვიცი, ეს როდის მორჩება, ალბათ, რამდენიმე კვირაში.

წარმოიდგინეთ, ფეხბურთის გარეშე 4 თვე გავატარე. ბურთს ვერც კი ვეხებოდი, ახლა კი, როდესაც დავბრუნდი, შინ ჯდომა მიწევს. ეს ცუდია, ძალიან ცუდია.

რა შეგვიძლია გავაკეთოთ?

ალბათ, უნდა ვივარჯიშოთ, ტელევიზორს ვუყუროთ, იმ ჩელენჯშიც შეგვიძლია ჩავებათ, ინსტაგრამში რომ ასე პოპულარულია. სულ ესაა.

ვილსონ, პატარა მეგობარო, სახლში ვართ, უსაფრთხოდ და ისღა დაგვრჩენია, რომ ვილოცოთ, რათა ფეხბურთი შეძლებისდაგვარად მალე დაბრუნდეს”.

ცნობისთვის, ინგლისში ყველა საფეხბურთო შეჯიბრი 3 აპრილამდე შეწყვეტილი, თუმცა, არსებული ვითარების გათვალისწინებით, ცხადია, რომ იძულებითი შესვენება შემდგომშიც გაგრძელდება.

ამ დროისთვის, დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით დაინფიცირების 2 626 შემთხვევაა დაფიქსირებული, 108 ადამიანი კი გარდაიცვალა.

კომენტარები

ბოლო ამბები