Thumbnail

რევაზ არველაძე: პრობლემა კალენდარია, ფეხბურთს ონლაინ ვერ ითამაშებ

სანდრო ცნობილაძე პროფილის ფოტო
სანდრო ცნობილაძე
  • რევაზ არველაძე უეფას გადაწყვეტილებების და ფეხბურთის მომავლის შესახებ
  • ინტერვიუ ფონდ არველაძეების დამფუძნებელთან

ფონდ არველაძეების ერთ-ერთი დამფუძნებლის, რევაზ არველაძის შვილი, საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ვატო არველაძე პოლონურ კლუბ კორონაში თამაშობს. მართალია, მსოფლიოში არსებული ვითარების გათვალისწინებით გუნდს შემაშფოთებელი სახელი აქვს, მაგრამ ის ფაქტი, რომ ვატოს და კორონას ურთიერთობა დიდი ალბათობით აღარ გაგრძელდება, ქალაქ კელცეში ბაზირებული გუნდის სახელთან დაკავშირებული არ არის. რევაზ არველაძესთან საუბარი სწორედ ვატოს შესახებ კითხვით დავიწყეთ.

POPSPORT: პანდემიასთან დაკავშირებით პოლონეთში არ არის მარტივი სიტუაცია. გარკვეული სირთულეები ვატოსაც ჰქონდა. ახლა რა მდგომარეობა?

რევაზ არველაძე: თბილისში ვართ. როდესაც პოლონეთიდან წამოვედით, ასეთი რთული სიტუაცია ჯერ არ იყო. რაც შეეხება ვატოს: იცით ალბათ, რომ ერთ-ერთ ვარჯიშზე საკუთარი გუნდის მეკარემ მარჯვენა კოჭი დაუზიანა. ნოემბერ-დეკემბერი ფაქტობრივად გაუცდა, მაგრამ მოსამზადებელი პერიოდი გუნდთან ერთად გაიარა, ყველა ამხანაგურ მატჩში ითამაშა. შემდეგ 15 თებერვლიდან დაიწყო კონტრაქტის გახანგრძლივებაზე საუბარი. გუნდში მთავარი მწვრთნელი შეიცვალა, მარტივი სიტუაცია არაა. მოლაპარაკებები ბოლომდე ვერ მივიდა, თან ვატოს ახალგაზრდული ნაკრებიდან გამოძახება ჰქონდა. ასე რომ, თბილისში ჩამოვედით. შემიძლია გითხრათ, რომ დიდი ალბათობით, ამ გუნდში აღარ დარჩება, მაგრამ აქვს რამდენიმე ვარიანტი. მომავალ სეზონს სხვა კლუბში დაიწყებს.

ვატო არველაძე პოლონურ კლუბში არ დარჩება

POPSPORT: აი, ასე გადავედით მომავალზე…

რევაზ არველაძე: ის, რაც მოხდა მოსალოდნელი იყო. როდესაც უეფა გადაწყვეტს, რომ მატჩები უმაყურებლოდ გაიმართოს, ამის შემდეგი ნაბიჯი ტურნირების გაუქმებაა. ყველას გვესმის, რომ მსოფლიოში საქმე რთულადაა, ფეხბურთი კი უდიდესი ინდუსტრიაა და ეს სირთულე თუ რამეს ეხება, პირველ რიგში - ფეხბურთს. წარმოიდგინეთ, ამხელა სტადიონებია აშენებული, ამდენი მაყურებელი დადის მატჩებზე, კიდევ უფრო მეტი მატჩებს ტელევიზიის საშუალებით ადევნებს თვალს. უეფასთვის ამ გადაწყვეტილების მიღება ურთულესი იყო.

მოუგვარებელი და გამოუსწორებელი არაფერია. ახლა მთავარი პრობლემა კალენდარია. დროის ფაქტორი უმნიშვნელოვანესია. საერთოდ, არ გამოვრიცხავ, რომ ფეხბურთელებს მათი კუთვნილი ზამთრის დასასვენებელი პერიოდი გაუუქმდეთ. კალენდარი დაკავშირებულია დიდი ტურნირების სატელევიზიო უფლებებთან, ეს კი პირდაპირ კავშირშია კლუბების ფინანსურ მდგომარეობასთან. გუნდებს და ფედერაციებს ისედაც პრობლემები გაუჩნდათ უმაყურებლოდ ჩატარებული მატჩების გამო. არსებობს სასპონსორო ხელშეკრულებები. ფეხბურთის ყურება ყველას უნდა, ამიტომაცაა იგი უდიდესი ინდუსტრია. ეს ყველაფერი კი ახლა შეჩერებულია, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მოუგვარებელი და დაულაგებელი არაფერია, უბრალოდ ყველა ხვდება, რომ მსოფლიოს ახლა სხვა გამოწვევები აქვს.

'მოთამაშეებს უყვართ თავიანთი საქმე, მაგრამ ისინი მაყურებლებისთვის თამაშობენ'

POPSPORT: როგორც ყოფილი ფეხბურთელისთვის, რას ნიშნავს შენთვის უმაყურებლოდ თამაში?

რევაზ არველაძე: მსოფლიოს ახსოვს უმაყურებლო მატჩების პრეცენდენტები, მაგრამ ამის მიზეზი დისციპლინარული პრობლემები იყო. ის, რომ ამ ვითარებაში მატჩები უმაყურებლოდ ჩატარდა, ჩემი აზრით დროის მოგების მცდელობა უფრო იყო. ეს იყო მცდელობა, რომ რაღაც ერთი გარკვეული ეტაპი მაინც დახურულიყო. ჩემპიონატის შეწყვეტა მე-20 ტურში სხვა რამეა, ვიდრე მაგალითად შეწყვეტა 32-ე ტურში. თუ ბოლოსკენ იქნება ეს გადაწყვეტილება მისაღები, უფრო მოქნილად შეგიძლია არსებული საკითხების გადაწყვეტა. მაგალითად, შეიძლება, თუ გუნდს მათემატიკურად ვეღარავინ გაუბათილებს უპირატესობას, ეს გუნდი ჩემპიონად გამოაცხადო. ფეხბურთი რომ მაყურებლისთვისაა შექმნილი, ამაზე არავინ დაობს. მოთამაშეებს უყვართ თავიანთი საქმე, მაგრამ ისინი მაყურებლებისთვის თამაშობენ. ტყუილად ხომ არ შენდება 100 000-იანი სტადიონები?! მაყურებელი და ფეხბურთი ერთმანეთზე გადაჯაჭვულია.

POPSPORT: საქართველოს ნაკრების თამაშიც გადაიდო…

რევაზ არველაძე: ამ მატჩის მასპინძლობა გვერგო სპორტული პრინციპით. უფლება მოვიპოვეთ იმიტომ, რომ ყველაზე კარგი შედეგი ვაჩვენეთ, მაგრამ წილისყრითაც რომ ვყოფილიყავით მასპინძლები, ეს რეალობას ვერ შეცვლიდა. წილისყრაც ხომ ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე ხდება. უდიდესი განსხვავებაა სავსე ტრიბუნების წინაშე ვითამაშებთ, თუ არა, მაგრამ ახლა მეორე საკითხი იქნება გადასაწყვეტი. იგივე კალენდართან არსებული პრობლემის მოგვარების გამო, შესაძლოა, საქმე მოსწრებაზე იყოს და სიტუაციის სტაბილიზირებასთან ერთად, მაინც იყოს უმაყურებლოდ მატჩის ჩატარების გადაწყვეტილება მიღებული. მთელი მსოფლიო ონლაინ-პლატფორმაზე გადავიდა, მაგრამ ყველას უნდა ესმოდეს: ფეხბურთის თამაში ონლაინ შეუძლებელია!

კომენტარები

ბოლო ამბები