Thumbnail

‘ყოველი დღე ერთნაირია’ – ქვილითაია საქართველოში დაბრუნებას ვერ ახერხებს

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

იმ ფეხბურთელთა შორის, რომელთაც კორონავირუსის გამო, გადაადგილების მხრივ პრობლემები შეექმნა, საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ბელგიური გენტის ფორვარდი გიორგი ქვილითაიაც მოხვდა.

აღნიშნულ თემას voetbalkrant.com-ი გამოეხმაურა სტატიით: გიორგი ქვილითაია და შელდონ ბატო ოჯახებში დაბრუნებას ვერ ახერხებენ.

ეს უკანასკნელი მეხელენის ღირსებას იცავს და მშობლიურ ტრინიდადი და ტობაგომდე 7 ათას კილომეტრამდე აშორებს, დარდის გასაქარვებლად კი, მშობლებს ყოველდღიურად ურეკავს.

მსგავს მდგომარეობაშია ქვილითაიაც. საქართველო ბელგიასთან გაცილებით ახლოსაა (3 600 კმ.), ვიდრე კარიბული ქვეყანა, თუმცა, პანდემიის გამო, მგზავრობას ვერც გიორგი ახერხებს.

“ეს ყველაფერი ძალიან მოსაწყენია. ყველა დღე ერთმანეთს ჰგავს. კიდევ კარგი, აქ გიორგი ჩაკვეტაძე მაინც არის, რომელსაც ხანდახან ვნახულობ, ძირითადად კი ტელეფონით ვესაუბრები.

ცხადია, ოჯახის წევრებთანაც ყოველდღიური ურთიერთობა მაქვს. საქართველოში დაბრუნება მინდოდა, ზოგმა ეს მოასწრო კიდეც, თუმცა, ახლა, საზღვრები უკვე დაკეტილია, ამდენად, ბელგიაში ვრჩები”.

26 წლის ქვილითაია გენტში 2018 წელს გადავიდა, მიმდინარე სეზონში ბელგიის ჩემპიონატში ჩატარებულ 23 მატჩში კი 1 გოლი აქვს გატანილი.

ცნობისთვის, ბელგია იმ ქვეყანათა შორისაა, სადაც ბოლო პერიოდში ინფიცირებულთა რიცხვი მკვეთრად იმატებს. ამ დროისთვის ქვეყანაში 1 843 ადამიანია დაავადებული, 5 კი გარდაიცვალა.

კომენტარები

ბოლო ამბები