Thumbnail

‘დედამიწა ადამიანებისგან თავს იცავს’ - იოახიმ ლიოვის ემოციური სიტყვები

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი

“ბოლო დღეებში ბევრ რამეზე სხვანაირად დავფიქრდი, ბევრი რამ გადავაფასე” - განაცხადა გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა გერმანიის საფეხბურთო კავშირის მოკლე პრესკონფერენციაზე. ბუნდესმწვრთნელმა კორონავირუსის გავრცელებაზე ემოციური განცხადებები გააკეთა.

“აღარაფერია ისე, როგორც აქამდე იყო. მსოფლიო ახლა კოლექტიურ Burnout-ს განიცდის. როგორც ჩანს, დედამიწა ადამიანებისგან და მათი საქმიანობისგან თავს იცავს. ადამიანი ყოველთვის ფიქრობს, რომ ყველაფერი იცის და ყველაფერი შეუძლია. ბოლო წლებში ყველაფერი ისე სწრაფად ხდებოდა, მოვლენები ისე სწრაფად ვითარდებოდა, რომ ეს პროცესი უკვე შეუჩერებელი ჩანდა. ძალაუფლება, სიხარბე, გაუმაძღრობა, ფინანსურ მოგებაზე ორიენტირება, რეკორდები - აი, ეს ყველაფერი იყო წინა პლანზე. ავსტრალიის კატასტროფამ და ისეთმა ავადმყოფობამ, როგორიც იყო ებოლა, არასაკმარისად გამოგვაფხიზლა. ახლა კი მივიღეთ ის, რაც მთელ კაცობრიობას ეხება. ახლა ვხვდებით, რომ უფრო მნიშვნელოვან რაღაცებზე უნდა ვიფიქროთ. ახლა ვხვდებით, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია ოჯახი, მეგობრები, ადამიანები, ერთმანეთისადმი მოპყრობა, ერთმანეთისთვის პატივისცემა. სწორედ ეს ყველაფერია ყველაზე მთავარი,” - განაცხადა ლიოვმა.

იოახიმ ლიოვმა ონლაინ-პრესკონფერენცია გამართა

გერმანიის ნაკრების მწვრთნელს მიაჩნია, რომ მოვიდა დრო, როცა ყველა ადამიანმა უნდა გადააფასოს თავისი მიდგომები ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით: “ჩვენ უნდა დავამტკიცოთ, რომ სხვანაირადაც შეგვიძლია. ამ დღეებში იგრძნობა, რომ ადამიანები ისევ აქცევენ ყურადღებას ერთმანეთს. ყველანი ერთმანეთს ვეკითხებით: ‘როგორ ხართ?’ და ეს აბსოლუტურად გულახდილი კითხვაა და არა მოვალეობის მოხდის მიზნით დასმული კითხვა. იგრძნობა მეტი გულრწფელი კომუნიკაცია ადამიანებს შორის და მე ეს ძალიან მახარებს.”

ლიოვს მიაჩნია, რომ თვით პოლიტიკოსებიც კი სწორ გზაზე დადგნენ: “პოპულიზმი აღარავის სჭირდება და ეს კარგია.”

რაც შეეხება ფეხბურთს: ბუნდესმწვრთნელს მიაჩნია, რომ ევროპის ჩემპიონატის გადადება აბსოლუტურად სწორი ნაბიჯია. “ახლა მთავარია, რომ უბრალოდ ყველაფერი შენელდეს. ადამიანების უსაფრთხოება და ჯანმრთელობა ნომერ პირველი პრიორიტეტია. სხვა ყველაფერი უკანა პლანზე გადადის და ეს სწორია.” - დასძინა ლიოვმა.

კომენტარები

ბოლო ამბები