Thumbnail
  • როგორი იყო კონორ მაკგრეგორის ბავშვობა
  • რატომ აქვს დუბლინს მის მენტალიტეტზე ასეთი გავლენა
  • კონორი სანტექნიკოსი იყო და თანამედროვეობის უდიდეს მებრძოლად იქცა

შობამდე ცოტა ხნით ადრე, დუბლინის ჩრდილოეთში ნარკოდილერებმა შეამჩნიეს, როგორ შემოუხვია კონორ მაკგრეგორის BMW-მ ჩიხში. ამის დაჯერება არავის შეეძლო, შერიფ სტრიტი დუბლინის ერთ-ერთი ყველაზე ცუდი ადგილია - ჩიხი, რომელსაც გასასვლელი არ აქვს. ამ ადგილს ორი ადგილობრივი ბანდა აკონტროლებს. ჰატჩების ოჯახი ჩრდილოეთ ნაწილს ‘უყურებს’, კინაჰანები კი - მდინარის სამხრეთით მდებარე უბნებს. კინაჰანების რამდენიმე ბოსი და მათი ‘ჯარისკაცები’ კრამლინში ცხოვრობდნენ, იქ სადაც მაკგრეგორი გაიზარდა.

ეს ორი ბანდა სისხლიან ომში იყო ჩართული. გაზეთები ამ ომზე წერდნენ: კინაჰანებმა 10 კაცი მოკლეს, ჰატჩებმა - 2.

მაკგრეგორმა სვლა შეანელა, ნარკოდილერები ქუჩასთან შეჯგუფდნენ და კონორს გასასვლელი დაუბლოკეს.

ჩიხი შერიფ სტრიტზე

ამ ისტორიას ერთი ქალი ყვება, რომელიც იქვე ჰატჩების ოჯახის კუთვნილი კუთხის მაღაზიის გამყიდველია: ‘კონორი სამხრეთიდან არის, აქაურობა კარგად არ იცის.’

მის მონათხრობს სხვა ადგილობრივიც უერთდება: ‘ერთი სული ჰქონდა, აქედან წასულიყო. შეცდომით შემოვიდა ქუჩაზე თავისი თეთრი BMW-თი. ბავშვები მისკენ გაიქცნენ. მთელი ბანდაც იქვე იდგა. როდესაც კონორმა შერიფ სტრიტის ბოლოს მიაღწია, მიხვდა, რომ ჩიხი იყო, მოატრიალა მანქანა და ამ დროს დაინახა, რომ ნარკოდილერები და ბანდის სხვა წევრები შუა ქუჩაზე იდგნენ და გზას უღობავდნენ. მუხრუჭს დააწვა და შემდეგ მთელი სიჩქარით წამოვიდა. ნარკოდილერები სიჩქარეში აქეთ-იქით გაიფანტნენ, ხელში ყველას ტელეფონი ჰქონდა. მაკგრეგორმა სწორად ვერ გაიგო - დილერებს მასთან პრობლემა არ ჰქონიათ, მხოლოდ ფოტოს გადაღება უნდოდათ.

მუშათა კლასის გმირი

ის მუშათა კლასის გმირია. მუშათა კლასის ქალაქში. მთელი მსოფლიოსთვის კონორი ის კაცია, სიტყვას რომ არ შეგარჩენს. კაცი, რომელმაც ფლოიდ მეივეზერს ‘იცეკვე ბიჭო’ მიაძახა. თუმცა, დუბლინის მუშათა უბნებისთვის კონორი თავისიანია.

კონორი დუბლინის მხარდაჭერაზე: ‘ეს ჩემი ხალხია. ეს არის ის, რასაც მე წარმოვადგენ’ - ამბობს ჩუმი, მაგრამ აგრესიული ხმით.

სპორტის ირლანდიელი ჩემპიონები უმეტესად რაიონებიდან მოდიან. კონორი სხვა შემთხვევაა. ის ქალაქის გულს განასახიერებს, ღარიბი და მჭიდროდ დასახლებული უბნების სულს. იმ უბნების, სადაც მისმა ძველმა მწვრთნელმა ფილ სატკლაიფმა ძმა დაკარგა, რადგან ნარკოდილერებთან პრობლემა ჰქონდა.

უბანი კრამლინი

კონორის შესახებ ყველაფერს კრამლინი გეუბნება. ეს უბანი 1930 წელს გაშენდა, დუბლინის ცენტრიდან სამხრეთით, სადაც მთავრობას ღარიბი ფენისთვის ახალი რაიონი სჭირდებოდა. ირლანდიელი რევოლუციონერი მწერალი ბრენდონ ბიჰანი ერთ-ერთი იყო, რომელიც აქ დასახლდა და მან თავისი ახალი სამოსახლო ასე აღწერა: ‘ადგილი, სადაც საკუთარ შვილებს ჭამენ.’

კრამლინში არასწორ ქუჩაზე თუ აღმოჩნდი, ცუდად დამთავრდება. ეს ის ადგილია, სადაც ბიჭები თავის გოგოებს სახლებამდე ვერ აცილებენ - უბრალოდ, ავტობუსის გაჩერებაზე ტოვებენ, სხვის უბანში ვერ შეხვალ.

ქალაქში კრივის დაახლოებით 60 კლუბია და ბავშვები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ, თუ როგორ დაიცვან თავისი თავი და თავისი უბანი. თითოეული სავარჯიშო დარბაზი ცალკე სამყაროა. სატკლაიფი, რომელიც კრამლინის ისტორიულ, ბოქსის კლუბს უძღვება, სადაც კონორმა ვარჯიში დაიწყო, დრიმნაგიდან არის, კრამლინის გვერდითა უბნიდან.

ამ ორ უბანს მხოლოდ ერთი ქუჩა ყოფს და მათ ერთმანეთი ძალიან არ უყვართ. სატკლაიფს, 1980 და 1984 წლების ოლიმპიური თამაშების მონაწილეს, უნდოდა, რომ კრამლინის დარბაზში ევარჯიშა, რადგან იქ უკეთესი მწვრთნელები იყვნენ. ამისთვის მას დასჭირდა, გაელახა კაცი, რომელიც მას გზაზე გადასვლის უფლებას არ აძლევდა. ‘მარტო მე არა, ჩემი ძმებიც დამეხმარნენ’ - აღიარებს სატკლაიფი.

იმ გაზეთებს, რომლებსაც დუბლინის შეძლებული კლასი კითხულობს, მაკგრეგორი არ უყვართ. ‘აირიშ თაიმსმა’ და ‘ინდეპენდენტმა’ მეივეზერთან ბრძოლის წინ კონორზე ჯამში ერთად 168 სიტყვა დაწერეს და ის სიტყვებიც კონორის პრობლემებს ეხებოდა გადასახადებთან დაკავშირებით. მომდევნო დღეებში მაკგრეგორმა რასისტული განცხადება გააკეთა, გაზეთებმა კი იგი დონალდ ტრამპს შეადარეს და ირლანდიის და მისი ხალხის სირცხვილი უწოდეს.

მაკგრეგორი დუბლინის ორ კლასს, ორ საზოგადოებას შორის მერყეობს. მას თავისი იახტა აქვს, რომელიც სანაპიროზე ბონოს სახლის მოპირდაპირედ დგას. ამ იახტას 188 ჰქვია - სწორედ ამდენი იყო ირლანდიელის ყოველკვირეული შემოსავალი, სანამ ის ოქტაგონზე მილიონების კეთებას დაიწყებდა.

რატომ უნდათ დუბლინიდან გაქცევა

მაკგრეგორის ძველი უბანი და საერთოდ დუბლინის მუშური რაიონები ძველი მორალის მიხედვით ცხოვრობენ. ‘დუბლინში ცუდად დაამთავრებ, თუ არასწორ ხალხს არასწორ ადგილას შეხვდები’ - ამბობს ჯიმი კავენაგი, პროფესიონალი მოკრივე, რომელიც კონორთან ერთად გაიზარდა. ჯიმის მამა, ჯერარდი, განგსტერებზე მუშაობდა და სამი წლის წინ ესპანეთში მოკლეს. გაზეთები მას მეტსახელ ‘ნაჯახით’ მოიხსენიებდნენ. ახლა ჯიმი ლონდონში ცხოვრობს და ამერიკაში მიდის თავის ოჯახთან ერთად. ‘ამ უბნებში ყველა ერთმანეთს იცავს და ეხმარება, მაგრამ, როცა შენ უბანს ტოვებ, პრობლემებს აწყდები. მე დუბლინში დაბრუნებას აღარასოდეს ვაპირებ. არ მინდა, რომ ჩემი შვილები ამ უბნებში გაიზარდონ.’

კონორი სხვაგვარად ფიქრობს და ყოველთვის ამბობს, რომ უყვარს კრამლინი, რადგან ეს უბანი ადამიანს ძლიერ პიროვნებად აქცევს. დუბლინში ყველამ იცოდა კრამლინ-დრიმნაგის ომის შესახებ. ეს ომი 2000 წელს დაიწყო და კონორი იცნობს, ან იცნობდა ხალხს, ვინც კლავდა და ვისაც კლავდნენ. მან მთელი ბავშვობა იქ გაატარა, სადაც ძალადობა და შურისძიება ყოველდღიური ამბავი იყო. ჯამში 20 ადამიანი, ვინც მოკლეს და კიდევ უფრო მეტი, ვისაც ციხეში მოუწია წასვლა, კრამლინის ბოქსინგ კლუბში კონორთან ერთად ვარჯიშობდნენ.

ჯიმი კავენაგი: ‘ყველა ის ხალხი, ვინც ამ ომში იყო ჩართული, კონორს შეხვედრია. ისინი, ყველანი, ამ დარბაზში ვარჯიშობდნენ. ყველანი!’

როცა იმ პერიოდის გაზეთებს კითხულობ, თითქოს განგსტერული რომანია - ვიღაც თავის საწოლშივე მოკლეს, ვიღაცას გულში სამზარეულოს დანა დაარტყეს...

მაკგრეგორის მწვრთნელები: ჯონ კავენაგი (UFC-ის მაისურით) და ოუენ როდი

განგსტერული ომები

ალბათ არავინ იქცევდა მთელი ქალაქის ყურადღებას ისე, როგორც განგსტერი მიკი ფრეიზერი. ის ფრედი ტომპსონის, ამ ომის, ერთ-ერთი მთავარი შემოქმედის მძღოლი იყო. ფრეიზერი მკვლელობის სულ მცირე 5 მცდელობას გადაურჩა. მას ესროლეს, როცა ეკლესიის პარკინგზე იდგა; ასაფეთქებელი მოწყობილობა ესროლეს დედამისის სახლს; დაუცხრილეს ფანჯრები. ყველაფერს გადაურჩა. ‘სანდეი უორლდის’ ცნობით, ფრეიზერი ერთხელ პაბში მაგიდაზე ცეკვავდა და თან მთელ ხმაზე ღრიალებდა: 'მე დაუმარცხებელი ვარ!' მაკგრეგორი და მისი მეგობრები ფრეიზერს და სხვა მისთანებს ყოველდღე უყურებდნენ.

კონორი: ‘წინა კვირას შეიძლება ‘კაცი’ ყოფილიყავი და მერე ისეთ დღეში ჩავარდნილიყავი, სახლიდან გამოსვლა ვერ მოგეხერხებინა. ჩვენ ამას ყოველდღე ვხედავდით.’

მაკგრეგორი ინტერვიუს დროს ნერვიული ხდება, როდესაც დუბლინის განგსტერულ ცხოვრებაზე იწყებს ლაპარაკს. მისი საკუთარი სავარჯიშო დარბაზი ქალაქის ძველი, მუშური უბნების საზღვარზე მდებარეობს და მიუხედავად იმისა, რომ მისი ოჯახი სხვა რაიონში გადავიდა საცხოვრებლად, კონორი თავისი ბავშვობის უბანს არ მოშორებია.

კონორი: ‘მე ყოველდღე ისევ კრამლინში ვარ. ისევ იგივე ხდება. ახლა აქ კარტელებია.’

კონორი ყვება კინაჰანებისა და ჰატჩების მტრობაზე. ერთი წლის წინ, ომი თავიდან მას შემდეგ დაიწყო, რაც ჰატჩების 6 ჯარისკაცი, შეიარაღებული ავტომატური იარაღებით, ბავშვებითა და ფანებით სავსე დარბაზში შეიჭრნენ და კინაჰანების ბოსი მოკლეს. კინაჰანებისგან პასუხად ამას მკვლელობების მთელი სერია მოყვა.

ამ შემთხვევის შემდეგ, პრესაში ფოტო დაიბეჭდა, რომელზეც კონორი და მოკლული ბოსი ერთად არიან. ისინი კრამლინში ერთად გაიზარდნენ და დარბაზშიც ერთად ვარჯიშობდნენ. ბოსი და მისი ხალხი ლას ვეგასში სპეციალურად გაფრინდა, რათა კონორის ჩხუბი ენახა ჟოზე ალდოსთან.

მაკგრეგორის სხვა ფოტოც არსებობს - კინაჰანების ბანდის ერთ-ერთი წევრის დაკრძალვაზე გადაღებული. მისი დის ქმარი კი ყოფილი ნარკოდილერია, რომელსაც ციხეში სამი წელი აქვს გატარებული.

ეს სამყარო ყოველთვის კონორთან იყო, თუმცა ის არასოდეს ყოფილა დუბლინის ყველაზე სახიფათო ვალების ამკრეფი. კონორმა და მისმა მეგობრებმა იცოდნენ, რომ მათ არ სურდათ მუდმივი სიკვდილის და ციხის შიშში ცხოვრება. ანონიმური პოლიციელი დუბლინიდან, რომელიც ორგანიზებულ კრიმინალს იძიებს, ადასტურებს, რომ კონორს პირადად ნარკოტიკებთან და კრიმინალთან საქმე არასოდეს ჰქონია. ამას ადასტურებენ კრიმინალებიც - მაგალითად, მიკი ფრეიზერის ძმა, ჯონო. მისი თქმით, კონორი ‘საქმეში’ არასოდეს ყოფილა. მისი ნდობა შეიძლება, ის მაკგრეგორს ბავშვობიდან იცნობს. მას და კონორს უთანხმოება გოგოს გამო მოუვიდათ. ჯონომ მოიგო. "კონორს რამდენჯერმე სილა გავაწანი. მე ბანდაში ვიყავი, ის არა. ის ქუჩაში ჩემს გოგოსთან ერთად სეირნობდა და მეც გავარტყი." - იხსენებს უმცროსი ფრეიზერი.

ფრეიზერი პატივს ცემს იმ ფაქტს, რომ კონორი არასოდეს ჩართულა ნარკოტიკების ყიდვა-გაყიდვაში. ამას მან სანტექნიკოსის დაბალშემოსავლიანი სამუშაო არჩია.

შემდეგ ისინი დამეგობრდნენ. ერთხელ, საბერძნეთში დასასვენებლადაც წავიდნენ სხვა მეგობრებთან ერთად. ფრეიზერი იხსენებს: ‘ჩვენ კრიმინალები ვიყავით და ბევრი ფული გვქონდა, კონორს არაფერი ებადა. ის ჩვენს ოთახში რჩებოდა. მამამისი ურეკავდა, რომ უკან დაბრუნებულიყო. საქმე ჰქონდა, სანტექნიკოსი იყო. არადა, დაბრუნება არ უნდოდა.’

კონორის ძველ უბანში პატივს სცემენ და აფასებენ ყველაფერს, რასაც მაკგრეგორმა მაიღწია. ახლა ის მულტიმილიონერია, მაგრამ ყოველთვის ბრუნდება იქ, საიდაც წამოვიდა.

ჯონო ფრეიზერი: ‘კონორს თავისი ფესვები არასოდეს დავიწყებია. არასოდეს დავიწყებია, საიდან დაიწყო!’

იყო დრო, როდესაც ჯონო და კონორი ამ ქუჩებში ერთად დაეხეტებოდნენ. ახლა ისინი სხვადასხვა სამყაროს მიეკუთვნებიან. ჯონოს კონორთან უთანხმოებაც ჰქონდა, თუმცა მას კონორზე ცუდს ვერაფერს ათქმევინებ - ასეთია მისი მორალი. ჯონო პატივს სცემს იმ გზას, რომელიც კონორმა გაიარა. ის დარჩა იმ სახლში, სადაც მისი ძმის მოკვლა სცადეს და თავად ატარებს კრამლინ-დრიმნაგის ომის იარებს, კონორი კი წავიდა.

ჯონო ფრეიზერი: 'ახლა კონორს არ ვეჩხუბებოდი. ეს ფაქტია. მაშინაც, კონორს ჩემი არ შეშინებია. მას იმის შეეშინდა, რაც შემეძლო გამეკეთებინა. ეშინოდა, რომ დანას დავარტყამდი. ეს დიდი ხნის წინ იყო.'

უთანხმოება მამასთან

სავარჯიშო დარბაზი, სადაც კონორი ბრძოლებისთვის ემზადება, ფრეიზერის სახლიდან ორი კილომეტრითაა დაშორებული. ეს არის ის სამყარო, რომელიც კონორის მწვრთნელმა ჯონ კავენაგიმ შექმნა. კონორი კავენაგის დარბაზში პირველად რომ მივიდა, თინეიჯერი იყო, რომელსაც უბრალოდ უნდოდა ესწავლა, თავი როგორ დაეცვა. პირველივე დღეს მან ორი მებრძოლი გალახა ისე, რომ სპარინგისთვის ზედმეტი მოუვიდა. გაბრაზებულმა კავენაგიმ კონორი დასაჯა და ცემდა იქამდე, სანამ კონორი არ დაპირდა, რომ ის დარბაზში ვარჯიშისთვის იყო და არა ქუჩური ჩხუბისთვის.

მაკგრეგორი -  მეივეზერის  მურალი კავენაგიმ კონორის ჯიმში, ადგილობრივ სტრიტ-არტისტებს დაახატინა

ჯონო ფრეიზერთან ჩხუბის შემდეგ, ოჯახი სხვა რაიონში, ლუკენში, გადავიდა იმისთვის, რათა კონორს ნორმალური ცხოვრება ჰქონოდა. მაკგრეგორმა საქმე სწრაფად იპოვა, მილების მონტაჟი დაიწყო. ყოველ დილით ადრე დგებოდა, ავტობანზე გადიოდა და თავის რეისს ელოდა.

მისი ცხოვრება ორად გაიყო: ერთი ნახევარი რეალობა იყო - მუშაობა მომავლის გარეშე. მეორე ნახევარი მისი შეშლილი ოცნება - გამხდარიყო ჩემპიონი შერეულ ორთაბრძოლებში. ერთხელაც, შუადღეს, როდესაც სამსახურიდან შესვენებაზე გამოვიდა, თავსხმა წვიმაში პარკში დაჯდა - მან იცოდა, რომ ან უნდა დაემთავრებინა ეს სამუშაო, ან 50 წლამდე ასე იქნებოდა. მანაც მიატოვა და თავის თავს დაჰპირდა, რომ ყველაფერს, რაც გააჩნდა, ბრძოლას და ვარჯიშს მიუძღვნიდა.

მშობლებმა კონორს ვერ გაუგეს. ტონი მაკგრეგორი, კონორის მამა, მთელი ცხოვრება თავს იკლავდა, რომ ის ცხოვრება არ ჰქონოდა, რომელიც ჰქონდა. მამა მუშათა კლასიდან ყველაზე მეტად უფრთხის მომენტს, როდესაც მისი შვილი იმედგაცრუებას და უიმედობას პირისპირ შეხვდება. მამა-შვილის კონფლიქტი იმდენად გართულდა, რომ მათ ერთმანეთთან ლაპარაკი შეწყვიტეს. ერთ სახლში ცხოვრობდნენ, მაგრამ ერთმანეთს თავს მდუმარედ არიდებდნენ. იშვიათი საუბრები ხშირად მუშტებამდე მიდიოდა. ყველა სასჯელის სიმწარეს, რომელიც კონორმა მამამისისგან მიიღო, იგი ოქტაგონზე თავის მეტოქეებს აგრძნობინებს, მათზე იყრის ჯავრს.

მაკგრეგორმა თავისი პირველი ორი ბრძოლა მოიგო, შემდეგ 2008 წელს, ლონდონში იმყოფებოდა UFC 85-ზე, სადაც ისე ხმამაღლა ყვიროდა ჩაკ ლიდელის სახელს, რომ მისი ყურადღება მიიპყრო და ფოტოც გადაიღო. 21 დღის შემდეგ მაკგრეგორმა პირველად წააგო და რაც ყველაზე ცუდი იყო, მან მაშინ კავენაგის კუთვნილი ბილეთები გაყიდა და ფული დახარჯა. ეს ნიშნავდა, რომ მან თავის მწვრთნელს ფული მოპარა. მაკგრეგორი კავენაგის დაემალა, იმდენად რცხვენოდა, რომ საწოლიდან თითქმის არ დგებოდა. როცა სახლიდან გასვლა დაიწყო, ისევ კრამლინისკენ მიუწევდა გული. კონორი თამაშში დედამ დააბრუნა. მან სთხოვა კავენაგის, კონორისთვის მეორე შანსიც მიეცა და ისიც დათანხმდა.

კავენაგის ესმოდა მაკგრეგორის და იცოდა, რას ნიშნავდა დუბლინი. თავად ისიც მუშის შვილია, მამა მშენებლობაზე მუშაობდა. თავის მწვრთნელში კონორმა ის იპოვა, რაც ყველაზე მეტად აკლდა - სიმშვიდე. მაკგრეგორი მისი სიამაყის და თავდაჯერების მიუხედავად, ძალიან მერყევი და მგრძნობიარეც შეიძლება იყოს.

კავენაგის გარეშე ის თითქოს სნაიპერის შაშხანაა, რომელსაც სამიზნე არ აქვს. მწვრთნელი აბალანსებს კონორის სიბრაზეს და აგრესიას. თავად მას მხოლოდ ერთი ოცნება აქვს - გახდეს ფერმერი, გაზარდოს ქათმები და საკუთარი ჭა ჰქონდეს.

ოუენ როდი: ‘ძალიან ფრთხილად უნდა იყო, სანამ კონორთან რამეს იტყვი.’

რისი ეშინია კონორს

მეივეზერთან ბრძოლამდე ცოტა ხნით ადრე, მაკგრეგორთან ტრევორ სვინეი მივიდა, ხელოსანი, რომელიც 6 თვეზე მეტი მუშაობდა იმისთვის, რომ კონორისთვის საჩუქრად სპეციალურად ჭადრაკი შეექმნა. დაფაზე კონორის ლოგო და მისი ცნობილი გამონათქვამებია. დაფაც და ფიგურებიც სანტექნიკოსის მილების მასალებისგან არის გაკეთებული იმისთვის, რომ კონორს მუდამ შეახსენოს იმ სამყაროს შესახებ, რომელსაც ის გაექცა. ‘როცა შენ დაფას დახედავ, გაგახსენდება შენი მთელი მოგზაურობა, როგორ გახდი სანტექნიკოსი მეფე’, - უთხრა სვინეიმ.

მაკგრეგორი იმაზეც წუხს, რომ მისი შვილი სხვა ირლანდიის მოქალაქე იქნება. ეს იქნება როკ-სტარის პერსპექტივიდან დანახული ირლანდია, მდიდრული კერძო სკოლებით და დებატებით ეკონომიკურ პოლიტიკაზე. ‘როგორც კი ცოტა გაიზრდება, მაშინვე ვარჯიშს დავაწყებინებ შერეულ ბრძოლებში იმისთვის, რათა ისწავლოს, როგორ უნდა იბრძოლოს, როგორ დაიტანჯოს და შემდეგ როგორ იზეიმოს,’ - ამბობს კონორი. მან უნდა იცოდეს ტკივილი იმისთვის, რომ ბედნიერად გაატაროს ის ცხოვრება, რომელიც უნდა, რომ ჰქონდეს.

ინტერვიუს დროს კონორი და მისი მეგობრები სხვა ისტორიებსაც ყვებიან კრამლინზე, მის ხალხზე, სროლებზე და ნარკოდილერებთან გადახდენილ ჩხუბებზე. ამ დროს კონორი ჩერდება და თვალებით ჟურნალისტს ეძებს. მისი ძველი ცხოვრების დეტალები არცთუ ისე ბევრმა იცის. ის არ ითხოვს, რომ ისტორიები, რომელიც მოისმინა, არ დაბეჭდოს, თუმცა კონორს არც ის უნდა, რომ თავისი მონაყოლით რომელიმე იქაურ ძალიან საშიშ კაცს აწყენინოს, ან შეურაცხყოფა მიაყენოს იქ მცხოვრებ ხალხს. ‘ისე გააკეთე, როგორც საჭიროა, მაგრამ იცოდე, რომ ჩვენ ისევ იქ ვცხოვრობთ და ისევ იგივე ამბავში ვართ’, - ეუბნება იგი ჟურნალისტს. ამ დროს ოთახში კონორის გარემოცვიდან ვიღაც წამოიძახებს: ‘ისიც იცოდე, რომ ჩვენ ისიც ვიცით, სად ცხოვრობ.’

მაშინაც კი, როცა მაკგრეგორი ამ სისწრაფით ადის მაღლა, მისი დაცემა არცთუ ისე შეუძლებლად მოსჩანს. თითქმის ყველა დიდი მებრძოლი ბოლოს დაბრუნდა იქ, საიდანაც დაიწყო. მათ უბრალოდ ვერ შეძლეს, ბოლომდე გაქცეოდნენ იმას, რამაც ისინი პირველად ბრძოლების სამყაროში მიიყვანა. კონორი ფსონს ჩამოდის, რომ მთელი დანარჩენი ცხოვრება ის გამარჯვებული იქნება, მის კრიტიკოსებსა და ოპონენტებს კი საკუთარი სიტყვების უკან წაღება მოუწევთ. შესაძლოა, ეს მართალიც იყოს. როდესაც მას ხვდები და მის თვალებში რწმენას და სიამაყეს ხედავ, გინდა, რომ ეს დაიჯერო. ის ამბობს, რომ თავის შვილს სხვა ცხოვრებას მისცემს და გინდა, რომ ესეც მართალი იყოს. ის ძალიან ბევრს ფულს აკეთებს და ძალიან ბევრს ხარჯავს.

მაგრამ სხვა მაგალითებიც არის: შეგიძლიათ, მაიკ ტაისონს ჰკითხოთ რჩევები ფინანსების შესახებ; ანდაც მისი ყოფილი მეტოქე მეივეზერი გაიხსენოთ, რომელსაც მეტსახელად ‘Money’ ჰქვია, თუმცა გადასახადებს ვერ იხდის; ან სონი ლისტონი, რომელიც მიტოვებულ სასაფლაოზე განისვენებს, მას შემდეგ, რაც ღატაკი, მათხოვრად, მოკვდა.

წაიკითხე | შეშლილი ლათინოსი - ანუ, ვინ დაამარცხებს ხაბიბს?

მისი შვილები და შვილიშვილები იქნებიან მსოფლიოს მოქალაქეები, იმ სამყაროსი, რომელიც მან თავისი მუშტებით შექმნა, თუ მოუწევთ უკან დაბრუნება, საიდანაც მან გაქცევა სცადა? ეს არის მისი ყველაზე მნიშვნელოვანი ბრძოლა, ერთი საფრთხის წინააღმდეგ, რომელსაც სხვადასხვა სახელი აქვს - ტონი მაკგრეგორი, ჯონო ფრეიზერი, ნეიტ დიასი, ფლოიდ მეივეზერი და ა.შ.

მისი ნამდვილი ოპონენტი ყოველთვის ის ფსიქოლოგიური, შინაგანი კედლები და იარებია, რომელიც მასზე მისმა ქალაქმა დატოვა. კონორი დუბლინის შვილია, კრამლინიდან, თუმცა შინაგანად თითქოს მუდამ გაურბის იქაურობას. გაურბის ისე, რომ ფიზიკურად ბოლომდე ვერ სცილდება. ოპონენტებს მასთან სპორტული შეჯიბრის მოგება არ უნდათ, მათ უნდათ, რომ კონორი უკან კრამლინში გაგზავნონ, - იქ, საიდანაც მან თავისი გზა დაიწყო. მთელი მისი ცხოვრება თითქოს ერთ ბრძოლამდე დადის. ისიც ყველა ბრძოლაში თავის განვლილ გზას იცავს.

მომზადებულია ESPN-ის სტატიის მიხედვით: Crossing Crumlin Road

კომენტარები

ბოლო ამბები