Thumbnail

კორონავირუსის გამო, შესაძლოა, 2023 წლის მსოფლიოს თასის წილისყრა გადაიდოს. სარაგბო მსოფლიოს თასამდე ჯერ კიდევ 3 წელზე მეტი რჩება, წილისყრა კი 30 ნოემბერს უნდა გაიმართოს პარიზში, მაშ, რა შუაშია კორონავირუსი?

საქმე ისაა, რომ წილისყრა რეიტინგის მიხედვით უნდა ჩატარდეს, პირველ კალათში იმ 12 ნაკრებიდან, რომელთაც უკვე მოიპოვეს საგზური, პირველი ოთხეული გავა, მეორეში მეორე ოთხეული და ასე შემდეგ. სარაგბო ქვეყნები იმას უფრთხიან, რომ კორონავირუსის გამო, ბევრი ტესტი გადაიდება და ძლიერი ქვეყნები რეიტინგში მდგომარეობის გამოსწორებას ვერ შეძლებენ. ეს კი დიდი ალბათობით, "სიკვდილის ჯგუფის" შექმნას ნიშნავს.

რეიტინგის პირველი 12 ქვეყნიდან საგზური მხოლოდ საქართველოს ნაკრებს არ აქვს გარანტირებული (მე-12 საგზური იტალიისაა, რომელიც მე-14 პოზიციაზეა). თუ რეიტინგი დიდად არ შეიცვალა, შესაძლოა, ერთ ჯგუფში, მაგალითად, ახალი ზელანდიის, ავსტრალიისა და არგენტინის ნაკრებები მოხვდნენ. 

მხოლოდ ერთი საგზური ევროპას?

ამ თემასთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებულ სიახლეებში მეხუთე და მეექვსე კალათში გუნდების განთავსების პრინციპზეც შევიტყეთ. თუ ამ გამოცემებს დავუჯერებთ, მაშინ ისინი ასე გამოიყურება:

ბორჯღალოსნებმა მსოფლიოს თასის საგზური ავტომატურად ვეღარ მოიპოვეს

მე-5 კალათი: ოკეანეთი 1, ამერიკა 1, ევროპა 1, აფრიკა 1

მე-6 კალათი: ოკეანეთი 2, ამერიკა 2, პლეი ოფის გამარჯვებული, რეპეშაჟის გამარჯვებული.

როგორც ხედავთ, ევროპაზე პირდაპირ მხოლოდ 1 საგზურია დაშვებული (ინგლისმა, უელსმა, ირლანდიამ, საფრანგეთმა, შოტლანდიამ და იტალიამ საგზურები უკვე მოიპოვეს). და ეს ერთადერთი საგზური რაგბი ევროპიდან გათამაშდება, შანსი ექნება მეორე ევროპულ გუნდს პლეი ოფიდან (ევროპა V ოკეანეთი). 

ეს არის, წინა, 2019 წლის მსოფლიოს თასის საკვალიფიკაციო ფორმატის შენარჩუნება, მაგრამ აქ ერთი არსებითი განხსვავებაა - მაშინ საქართველოს ნაკრებმა საგზური ავტომატურად მოიპოვა და რაგბი ევროპის მონაწილე გუნდებთან საგზურისთვის ბრძოლაში არ ერეოდა. 

მანამდე ევროპას ორი სრული საგზური ჰქონდა - 2015 წლის მსოფლიოს თასზე საკვალიფიკაციო ეტაპიდან საქართველო და რუმინეთი გავიდნენ. 2019 წლის საკვალიფიკაციო ფორმატში ევროპას საგზური ჩამოშორდა და ოკეანეთს გადაეცა (საქართველომ საგზური მოიპოვა, ფიჯიმ და ტონგამ - ვერა), თითქოს, ამით ბალანსი შენარჩუნდა ევროპასა და ოკეანეთს შორის. ლოგიკურად, ეს საგზური ევროპას უნდა დაბრუნებოდა...

ვინაიდან, საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ქვეყნებს უკვე შესამჩნევად უსწრებს, ეს "ბორჯღალოსნებს", მსოფლიოს თასის საგზურის მოპოვებას ალბათ, ვერ გაურთულებს, რასაც ვერ ვიტყვით, სხვა ევროპულ ქვეყანაზე.

კომენტარები

ბოლო ამბები