Thumbnail

თუ პრემიერლიგამ სეზონი ვერ დაასრულა - € 811 მილიონი დასაბრუნებელი იქნება

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური

ინგლისის პრემიერლიგას დრო 31 ივლისამდე აქვს, რათა ჩემპიონატის დარჩენილი მატჩები ჩაატაროს, მაგრამ თუკი 2019/20 წლების სეზონის დასრულება ვეღარ მოხერხდება, ლიგას 811 მილიონი ევროს გადახდა იმ ტელემაუწყებლებისთვის მოუწევს, რომლებსაც მატჩების ტრანსლირების უფლება შეძენილი აქვთ.

ინგლისის ჩემპიონატი, კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით შექმნილი ვითარების გამო, 3 აპრილამდე შეჩერებულია. 19 მარტს პრემიერლიგის კლუბების წარმომადგენელთა კრება იგეგმება, სადაც სეზონის დარჩენილი ნაწილის ბედი უნდა განიხილონ. 

შესაძლოა პრემიერლიგის დარჩენილი მატჩები უმაყურებლოდ ჩატარდეს

Sky Sports-სა და BT Sport-სთან გაფორმებული კონტრაქტების მიხედვით, ინგლისის უმაღლესი დივიზიონის კლუბებს 800 მილიონ ევროზე მეტის დაბრუნება მოუწევთ იმ 3.2 მილიარდი ევროდან, რომელიც ტელეტრანსლაციის უფლებების გაყიდვიდან თავის დროზე მიიღეს. 

ინგლისის პრემიერლიგაში გასული 29 ტურის შემდეგ, სატურნირო ცხრილის სათავეში ლივერპულია (82 ქულა). მეორე ადგილზე ანჩესტერ სიტია (57), მესამეზე კი - ლესტერ სიტი (53). პრემიერლიგის დასრულებამდე ჩასატარებელი კიდევ 9 ტურია.

ინგლისში უკვე განიხილავენ ვარიანტსაც, რომელიც დარჩენილი 92 მატჩის ნეიტრალურ მოედანზე, უმაყურებლოდ ჩატარებას ითვალისწინებს. ასეთ შემთხვევაში, ყველა შეხვედრას პირდაპირ ეთერში გადასცემენ.

შეგახსენებთ, რომ 17 მარტს გამართულ საგანგებო ვიდეოკონფერენციაზე, უეფამ ევროპის ჩემპიონატის 2021 წლისთვის გადადების გადაწყვეტილება მიიღო, რისი ერთ-ერთი მიზეზიც ეროვნული ლიგებისთვის ჩემპიონატების დასრულების შესაძლებლობის მიცემა იყო.

კომენტარები

ბოლო ამბები