Thumbnail

ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფის 1/2-ფინალური მატჩი, რომელიც საქართველოს და ბელარუსის ნაკრებებს შორის თბილისში 26 მარტს უნდა გამართულიყო, გადადებულია. უეფამ გადადო ევროპის ჩემპიონატიც, რომელიც ერთი წლის დაგვიანებით, 2021 წლის ზაფხულში გაიმართება. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა აქტუალურ თემებზე სოციალურ ქსელში პირდაპირი ეთერის დროს ისაუბრა. მასთან ერთად, კითხვებს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა და გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა უპასუხეს... 

ლევან კობიაშვილი (საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი)

“იცით, რომ გადაიდო საქართველო-ბელარუსის შეხვედრა, რომელიც 26 მარტს უნდა გამართულიყო. ჩვენთვის იდეალური იქნებოდა, რომ მარტში ჩატარებულიყო ეს მატჩი სავსე ტრიბუნების ფონზე, მაგრამ ბოლო მოვლენებიდან გამომდინარე, ეს შეუძლებელი იყო. ამიტომ, უეფამ მიიღო ოპტიმალური გადაწყვეტილება და გადადო პლეი ოფის მატჩები. ახალი რეალობით, თამაშები ივნისში უნდა შედგეს და იმედია, კიდევ ერთხელ გადადება არ გახდება საჭირო.

ზოგადად, სანაკრებო მატჩებისთვის მარტი უკეთესი თვეა, ვიდრე ივნისი, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს ივნისი განსხვავებული იქნება. ამ შემთხვევაში, სხვადასხვა ქვეყნებში ჩემპიონატების მატჩები იქნება და შესაბამისად, ფეხბურთელები ფორმაში იქნებიან. თუ მდგომარეობა არ გამოსწორდა და ივნისიც გამოირიცხა, მაშინ არ ვიცი რა მოხდება, რადგან უეფას კალენდარს რომ გადავხედოთ, ძალიან მჭიდრო გრაფიკია. დღეს, ალბათ ამ კითხვაზე პასუხი არც უეფაში აქვთ. 

იმედია, თამაშები ივნისში შედგება და ყველა იმ გეგმას განვახორციელებთ, რაც დაგეგმილი გვქონდა. მაგალითად, ჩვენი სურვილია დედაქალაქშიც და სხვა ქალაქებში დავაყენოთ დიდი ეკრანები, სადაც ის გულშემატკივრები შეიკრიბებან, რომლებსაც თამაშის ბილეთები არ აქვთ. მზად ვართ, ეს გეგმა ივნისში განვახორციელოთ. 

აქვე ვიტყვი, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია გრძნობს პასუხისმგებლობას ქვეყნის და ჩვენი მოქალაქეების წინაშე. ამიტომ, გამოვყავით100 000 ლარი კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად. ამასთან, მზად ვართ, საჭიროების შემთხვევაში, ჩვენი ინფრასტრუქტურა გამოყენებული იყოს, როგორც საკარანტინო ზონები". 

ალექსანდრე იაშვილი (საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი)

“ვლადიმირ ვაისს მარტის ბოლოს უმთავრდება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან კონტრაქტი. ჩვენ ძალიან კმაყოფილები ვართ მისი მუშაობით და ამიტომ არის ის საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი. ყოველდღიური კომუნიკაცია გვაქვს ვლადიმირთან და ჩვენი სურვილია, რომ ივნისის თამაშებს ერთად შევხვდეთ. პროცედურებს გარკვეული დრო სჭირდება და დარწმუნებული ვარ, რომ საკითხი დადებითად გადაწყდება”.

დავით მუჯირი (საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი)

“ვგეგმავთ საფეხბურთო ტელევიზიის, GFFTV-ის  გაკეთებას. სანაკრებო პაუზის შემდეგ უკვე ვაპირებდით სატესტო რეჟიმში მაუწყებლობას, მაგრამ ბოლო მოვლენებიდან გამომდინარე, ეს დრო ცოტა გადაიწევს. გვექნება როგორც ეროვნული ლიგის მატჩების ტრანსლირება, ისე სხვადასხვა საინტერესო გადაცემები. ჩვენი მიზანი ქართული ფეხბურთის პოპულარიზაციაა”.

სრული ვიდეო

კომენტარები

ბოლო ამბები