Thumbnail

დავით მუჯირი: ბელარუსთან მატჩის ზუსტი თარიღი ბევრ რამეზეა დამოკიდებული

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური

ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფის 1/2-ფინალური მატჩი, რომელიც საქართველოს და ბელარუსის ნაკრებებს შორის თბილისში 26 მარტს უნდა გამართულიყო, გადადებულია. უეფას ეს გადაწყვეტილება, რომელიც ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანიზაციამ 55 წევრი ასოციაციის წარმომადგენელთა საგანგებო თათბირზე მიიღო, კორონავირუსის გავრცელების საფრთხეს უკავშირდება. პლეი ოფის მატჩები 2020 წლის 30 ივნისამდე უნდა ჩატარდეს - კონკრეტული თარიღი მოგვიანებით გახდება ცნობლი.

ამ საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა განცხადება გააკეთა. 

დავით მუჯირი (სფფ-ის გენერალური მდივანი)

"დღევანდელი ვიდეოკონფერენციის მთავარი განსახილველი თემა ევრო 2020 გახლდათ. ამ ეტაპზე ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ და როდის განახლდება ეროვნული ჩემპიონატები. მოგეხსენებათ, რომ საქართველოსთან ერთად ბევრ სხვა ქვეყანაში შიდა ჩემპიონატი შეჩერებულია. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, გაურკვეველია თუ რომელი გუნდები იასპარეზებენ მომავალ სეზონში ევროტურნირებზე. ყველაფრის გათვალისწინებით, უეფამ დღეს წარმოადგინა სამოქმედო გეგმა, რომელიც დასამტკიცებლად აღმასკომს გადაეცემა.

დიდი ალბათობით, აღნიშნული პროექტი დამტკიცდება, რადგან არცერთ ასოციაციას საწინააღმდეგო აზრი არ გამოუთქვამს. ევროპის ჩემპიონატი დიდი ალბათობით გადაიდება მომავალი წლისთვის და 11 ივნისიდან 11 ივლისის ჩაითვლით გაიმართება. ასევე შეიცვლება ჩემპიონთა ლიგისა და ევროპალიგის მატჩების დღეები. ცვლილება, რა თქმა უნდა, შეეხო ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის მატჩებს, რომელიც თითოეული ჩვენგანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. დღევანდელი მოცემულობით, მარტში ბელარუსის წინააღმდეგ გასამართი მატჩი ივნისში ჩატარდება.

ყველა ეს ცვლილება გათვლილია იმაზე, რომ მსოფლიოში არსებული მდგომარეობა უკეთესობისკენ შეიცვლება. არსებობს ჩემპიონატების განახლების რამდენიმე ვარიანტი. მოგეხსენებათ, რომ უეფას ჩემპიონთა ლიგისა და ევროპალიგის გათამაშება აქვს დასასრულებელი. იქიდან გამომდინარე, რომ დღევანდელი მდგომარეობით ჩემპიონატების განახლების კონკრეტული თარიღი უცნობია, არსებობს რამდენიმე ვარიანტი, როდესაც ევროპაში შიდა ჩემპიონატები განახლდება. განახლების თარიღზეა დამოკიდებული ევროტურნირების ფორმატიც. ამ მდგომარეობით, ჩემპიონთა ლიგის ფინალის გამართვის თარიღად 27 ივნისი სახელდება.

მოვლენების ამ სცენარით განვითარების შემთხვევაში ჩვენთვის ყველაზე საინტრესო მატჩი ბელარუსის წინააღმდეგ ივნისის დასაწყისში გაიმართება. თუმცა მანამდე უნდა განახლდეს ის ჩემპიონატები, სადაც ჩვენი ლეგიონერები ასპარეზობენ და ქვეყნებს შორის გადაადგილება უნდა გახდეს უსაფრთხო. ამასთან ერთად, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ფეხბურთელების ჯანმრთელობაზე ვიზრუნოთ".

კომენტარები

ბოლო ამბები