Thumbnail

BREAKING | უეფამ ჩემპიონთა ლიგის და ევროპალიგის ფინალები გადადო

უეფას გადაწყვეტილებით, 2019/20 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგის ფინალი, 30 მაისის ნაცვლად, 27 ივნისს ჩატარდება, ხოლო ევროპალიგის გადამწყვეტი შეხვედრა, რომელიც 27 მაისს იყო დაგეგმილი, 24 ივნისს გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას MARCA ავრცელებს, უეფა კი ინფორმაციას ოფიციალურად მოგვიანებით გამოაცხადებს.

ევროტურნირების კალენდარში ცვლილებების შეტანის მიზეზი ევროპის კონტინენტზე კორონავირუსის გავრცელებით გამოწვეული რთული ვითარებაა. 
 
ჩემპიონთა ლიგის ფინალურ შეხვედრას თურქეთის ქალაქი სტამბოლი, ათათურქის სახელობის ოლიმპიური სტადიონზე უმასპინძლებს, ხოლო ევროპალიგის ფინალს - პოლონეთის ქალაქი გდანსკი, არენა "ენერგა გდანსკზე" მიიღებს.

კორონავირუსის გამო, ევროტურნირების რამდენიმე მატჩი უმაყურებლოდ ჩატარდა

 
ევროპის საფეხბურთო კავშირმა შესაბამისი გადაწყვეტილება 17 მარტს გამართულ ვიდეოკონფერენციაზე მიიღო, რომელზეც მიწვეული იყვნენ უეფას წევრი 55 ეროვნული ასოციაციის წარმომადგენლები, ასევე - ევროპული კლუბების ასოციაციის ხელმძღვანელები და ევროპული ლიგებისა და ფეხბურთელთა პროფკავშირის (FIFPro) წარმომადგენლები. ვიდეოკონფერენციის მიზანი სწორედ კორონავირუსის გავრცელებით გამოწვეული ვითარების განხილვა იყო.

უეფამ ევროპაში COVID-19-ის გავრცელების გამო, ჯერ კიდევ 13 მარტს შეაჩერა მისი ეგიდით მიმდინარე ყველა საკლუბო ტურნირი. გადაიდო 18 და 19 მარტს დაგეგმილი უეფას ჩემპიონთა ლიგის ⅛-ფინალის საპასუხო მატჩები და 20 მარტს გასამართი ყველა საპასუხო ⅛-ფინალური შეხვედრა ევროპალიგაში. შესაბამისად, გადავადდა ამ ტურნირების ¼-ფინალური ეტაპების წილისყრაც (20 მარტი).

კორონავირუსის გამო ევროპაში საფეხბურთო სეზონი დაპაუზებულია

COVID-19 თავდაპირველად გასული წლის მიწურულს, ჩინეთში გამოვლინდა და მოგვიანებით მთელ მსოფლიოში გავრცელდა. უკანასკნელი მონაცემებით, ვირუსმა 7 ათასზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა. კორონავირუსის გამო უკვე გამოცხადდა პაუზა ევროპის თითქმის ყველა ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში. 

კომენტარები

ბოლო ამბები