Thumbnail

კორონავირუსი | ჰოფენჰაიმის მფლობელი კაცობრიობას ვაქცინას პირდება

გერმანული საფეხბურთო კლუბის ჰოფენჰაიმის მფლობელმა დიტმარ ჰოპმა კორონავირუსული ინფექციის ვაქცინის შექმნის სავარაუდო ვადებზე ისაუბრა. ცნობისთვის, ჰოპი გერმანული ბიოფარმაცევტული კომპანია CureVac-ის მფლობელია, რომელსაც ვაქცინის შექმნაზე მუშაობა დაწყებული იანვრიდან აქვს.

"თავდაპირველად ვაქცინის გამოცდა ცხოველებზე უნდა მოხდეს, შემდეგ კი - ადამიანებზე. ვფიქრობთ, ვაქცინა შემოდგომით გამოჩნდება, როდესაც ალბათ კორონავირუსის გავრცელების მომდევნო ტალღა წამოვა. თუკი შევძლებთ ვაქცინის შექმნას, მისი გამოყენება ადამიანების დასაცავად მთელ მსოფლიოში უნდა მოხდეს და არა რომელიმე ერთ რეგიონში", - აქვეყნებს 79 წლის გერმანელი ბიზნესმენის ნათქვამს გერმანული მედია.

გერმანიაში გულშემატკივართა საკმაოდ დიდ ნაწილს დიტმარ ჰოპი გულზე არ ეხატება. ამის მიზეზი წესის "50+1"-ის უგულვებელყოფაა, რომლის თანახმად, ინვესტორს კლუბის აქციათა დიდი ნაწილის ფლობის უფლება არ უნდა ჰქონდეს. სხვათა შორის, სწორედ ეს გახდა ჰოფენჰაიმისა და ბაიერნს შორის, ბუნდესლიგის 24-ე ტურის მატჩის შეჩერების მიზეზი, რომლის დროსაც მიუნხენელმა ქომაგებმა ბიზნესმენის შეურაცხყოფელი ბანერი გამოფინეს. 

ბავარიელმა ფანებმა დიტმარ ჰოპი გალანძღეს

ბუნდესლიგაში გამართული 25 ტურის შემდეგ, სატურნირო ცხრილის სათავეში მიუნხენის ბაიერნია (55), ჰოფენჰაიმი კი 35 ქულით მე-9 პოზიციაზეა. კორონავირუსის გამო, გერმანიის საფეხბურთო ჩემპიონატში ამჟამად პაუზა 2 აპრილამდეა გამოცხადებული.

კორონავირუსმა გასული წლის მიწურულს ჩინეთში იფეთქა და შემდეგ მთელ მსოფლიოში გავრცელდა. ბოლო ინფორმაციით, დაავადდა 170 ათასზე მეტი ადამიანი, 6 ათასზე მეტი კი გარდაიცვალა. 

კომენტარები

ბოლო ამბები