Thumbnail
  • არსენალთან მატჩში რუბინის საუკეთესო ფეხბურთელად დავითაშვილი დასახელდა
  • კორონავირუსის გამო პაუზის გამოცხადებას რუსეთის პრემიერლიგაშიც აპირებენ
  • ხვიჩა კვარაცხელია ფეხბურთის გარეშე ცხოვრებას წინასწარ ეჩვევა

რუსეთის პრემიერლიგის ბოლო ტურში ყაზანის რუბინმა, რომლის ღირსებას ზურიკო დავითაშვილი და ხვიჩა კვარაცხელია იცავენ, სტუმრად ტულის არსენალი მინიმალური ანგარიშით დაამარცხა და 5 ოქტომბრის შემდეგ, ჩემპიონატში პირველი გამარჯვება იზეიმა. 

შეხვედრის ერთადერთი გოლი ზურიკო დავითაშვილმა, ეფექტური დარტყმით, 43-ე წუთზე გაიტანა. 19 წლის ქართველმა ნახევარმცველმა შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა, მისი თანაგუნდელი და თანამემამულე ხვიჩა კვარაცხელია კი ამ მატჩს დისკვალიფიკაციის გამო ტოვებდა. მასპინძელთა რიგებში ითამაშა საქართველოს ნაკრების კიდევ ერთმა ფეხბურთელმა, გია გრიგალავამ.

 ყაზანის რუბინმა თავის საიტზე გულშემატკივართა ტრადიციული გამოკითხვა ჩაატარა - ტულის არსენალთან მატჩში გუნდის საუკეთესო ფეხბურთელის გამოსავლენად. ლოგიკურად, ზურიკო დავითაშვილმა პირველობა არავის დაუთმო. ქართველმა ფეხბურთელმა ხმათა 50% მიიღო და დიდი უპირატესობით აჯობა უახლოეს მდევრებს, იური დიუპინსა (24%) და ივან იგნატიევს (6%). 

ზურიკო დავითაშვილისა და ხვიჩა კვარაცხელიას გუნდს ჩემპიონატში ჩატარებულ 22 მატჩში 23 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-14 ადგილზეა.  

მაშინ, როცა კორონავირუსის პანდემიის გამო ევროპულ ფეხბურთში პაუზაა, რუსეთის პრემიერლიგაში თამაშს აქამდე აგრძელებდნენ. მომდევნო, 23-ე ტურის მატჩი ყაზანის რუბინს 21 მარტს, სტუმრად ურალთან უწევს, თუმცა როგორც ვარაუდობენ, 17 მარტს, პაუზას რუსეთის პირველობაშიც გამოაცხადებენ.  

რუსულმა კლუბმა ტვიტერზე ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, როგორ ცდილობს დროის გაყვანას უქმად მყოფი ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც ტულის არსენალთან შეხვედრა, წინა ტურში, კრილია სოვეტოვთან მიღებული წითელი ბარათის გამო გამოტოვა. 

 "გადაწყვეტილება მიღებული ჯერ არ არის, ხვიჩამ კი აღარ იცის, როგორ უნდა იცხოვროს ფეხბურთის გარეშე", - აქვს მინაწერი ვიდეორგოლს.

კომენტარები

ბოლო ამბები