Thumbnail
  • სტატია მომზადებულია იურგენ კლოპის წერილის მიხედვით
  • გერმანელი მწვრთნელი ცხოვრების მნიშვნელოვან მომენტებს იხსენებს

📋 იურგენ კლოპის წერილი, რომელიც დაგარწმუნებთ, რომ ფეხბურთი მეოცნებე ხალხისთვის შექმნილი თამაშია.

"წერილს ჩემთვის ცოტათი გამაღიზიანებელი ამბით დავიწყებ, რადგანაც ხანდახან მეშინია, რომ ფეხბურთელებსა და მწვრთნელებს მსოფლიო ისე გვიყურებს, როგორც ღმერთებს, ან რაიმე განსაკუთრებული ძალის მქონე ხალხს. როგორც ქრისტიანს, მწამს მხოლოდ ერთი ღმერთის და შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ღმერთს ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს.

სიმართლე ის არის, რომ ჩვენ მუდმივად ვცდებით. როდესაც ახალგაზრდა მწვრთნელი ვიყავი, უამრავჯერ შევცდი. ახალ ერთ-ერთ ასეთ ისტორიას მოგიყვებით.

2011 წელი იყო. ჩემს დორტმუნდის ბორუსიას მიუნხენის ბაიერნის წინააღმდეგ უნდა ეთამაშა. ბუნდესლიგის ქომაგები უმნიშვნელოვანეს შეხვედრას ელოდნენ. 20 წელი იყო გასული ბოლო მატჩიდან, როდესაც ბორუსიამ მიუნხენში ბაიერნი დაამარცხა.

ფილმებიდან საინტერესო მონაკვეთებს ვაგროვებდი, რათა ბიჭებისთვის მოტივაცია მომემატებინა. ასეთ ფილმებზე ყოველთვის როკი ბალბოა მახსენდება.

ჩემი აზრით, მსოფლიოს ყველა ქვეყანის საჯარო სკოლებში მოსწავლეებს უნდა აჩვენონ როკი ბალბოას ყველა სერია - ეს ანბანის შესწავლასავით უნდა იყოს. თუ ამ ფილმებს ნახავ და მწვერვალის დაპყრობა არ მოგინდება, ჩავთვლი, რომ პრობლემა გაქვს.

ბაიერნთან მატჩისწინა ღამეს ჩემი ფეხბურთელები შევკრიბე, რათა გუნდს გველაპარაკა. ყველანი ძირს დასხდნენ. მათ სიმართლე ვუთხარი: "ბოლოს, როდესაც დორტმუნდმა მიუნხენში მოიგო, გუნდის ამჟამინდელი მოთამაშეების უმეტესობას პამპერსები გეცვათ".

ამ სიტყვების შემდეგ, როკი ბალბოას მეოთხე ნაწილიდან მომენტების ჩვენება დავიწყე. მეოთხე ნაწილში ის ივან დრაგოს ებრძვის. ჩემი აზრით, ეს კლასიკაა.

დრაგო სარბენ ბილიკზე დარბის. კომპიუტერით მის მონაცემებს აგროვებენ, მეცნიერები სწავლობენ მას. "გახსოვთ ეს მომენტი? ხედავთ? ბაიერნი ივან დრაგოა. მას ყველაფერი საუკეთესო აქვს. ის შეუჩერებელია".

დრაგოს მომენტების შემდეგ, ბალბოას ეპიზოდები ჩავრთე, რომელიც ციმბირში ვარჯიშობს, ხეებს დაათრევს და მთის მწვერვალზე ადის. "ხედავთ ამას? ჩვენ როკი ვართ. ჩვენ პატარები ვართ, მაგრამ ჩვენ გვაქვს ვნება და გამარჯვების სურვილი. ჩვენ ჩემპიონის გული გვაქვს. ჩვენ შეგვიძლია შეუძლებელი გავაკეთოთ".

ამ ყველაფრის შემდეგ, ჩემს ბიჭებს შევხედე - ველოდი, რომ ისინი თავიანთ სკამებზე დადგებოდნენ და მზად იქნებოდნენ, რომ ციმბირში მთაზე ასულიყვნენ. მაგრამ ყველანი თავიანთ ადგილებზე ისხდნენ და მკვდარი თვალებით მიყურებდნენ.

მიყურებდნენ და ფიქრობდნენ, რა სიგიჟეზე საუბრობს ეს კაცი? დავფიქრდი - როკი ბალბოას მე-4 ნაწილი 1980 წელს გამოვიდა, როდესაც მათი უმეტესობა დაბადებული არც იყო.

"მოიცადეთ ბიჭებო, ხელი აწიეთ, თუ იცით, ვინ არის როკი ბალბოა. მაღლა მხოლოდ ორი ხელი დავინახე - მხოლოდ სებასტიან კელმა და პატრიკ ოვომოიელამ იცოდნენ, ვინ იყო როკი ბალბოა. დანარჩენებმა მიპასუხეს: "არ ვიცით, ბოდიში, ბოს".

მთელი ჩემი გამოსვლა სისულელე იყო. ეს იყო სეზონის ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი. შესაძლოა, ზოგიერთი მოთამაშის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა და მათი მწვრთნელი ბოლო 10 წუთის განმავლობაში საბჭოთა ტექნოლოგიებისა და ციმბირის შესახებ გაჰყვიროდა (იცინის). გჯერათ ამის?

'10 წუთი სისულელე ვილაპარაკე, ყველაფერი ნულიდან დავიწყე'

ჩემი გამოსვლა ნულიდან დავიწყე. ეს რეალურია ამბავია და ასეთი ამბები ცხოვრებაში ხდება. ჩვენ ადამიანები ვართ. ხანდახან გვიჭირს. მეგონა, რომ ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო სამოტივაციო ტექსტს ვამბობდი და ამ დროს აღმოჩნდა, რომ დიდი სისულელე მითქვამს…

მაგრამ მეორე დღეს ვდგებით და ცხოვრებას ვაგრძელებთ. და იცით, რა არის ამ ამბავში ყველაზე უცნაური? - ამ სამოტივაციო სიტყვების მიუხედავად, დარწმუნებული არ ვიყავი, ამ თამაშს მოვიგებდით თუ წავაგებდით. ის მატჩი ანგარიშით 3:1 მოვიგეთ, გუნდთან წინასამატჩო საუბარმა კი ეს ისტორია კიდევ უფრო კარგი გახადა.

ეს ფეხბურთის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია, რომელიც ხალხს ყოველთვის არ ესმის. შედეგები გავიწყდება და ყველაფერი ერთმანეთში ირევა, მაგრამ იმ ბიჭებს, მათთან გატარებულ დროსა და იმ პატარა ისტორიებს ვერასდროს დავივიწყებ.

ფიფამ საუკეთესო მწვრთნელად დამასახელა, რაც დიდი პატივია, მაგრამ სცენაზე დგომა არ მინდოდა. ყველაფერი, რასაც ამ თამაშში მივაღწიე, მხოლოდ იმის გამო შევძელი, რომ ყველა ჩემს გარშემო იყო - არამხოლოდ ფეხბურთელები, ჩემი ოჯახი, შვილები და ყველა ის პიროვნება, ვინც თავიდანვე გვერდით მედგა, სანამ ერთი ჩვეულებრივი ადამიანი ვიყავი.

გულწრფელად გეტყვით, როდესაც 20 წლის ვიყავი, ვინმე რომ მოსულიყო და ის ამბები ეთქვა, რაც ჩემს ცხოვრებაში მომავალში მოხდებოდა, არ დავუჯერებდი. მაიკლ ჯეი ფოქსიც რომ მოფრენილიყო თავისი ჰოვერბორდით, მასაც ვეტყოდი, რომ ეს შეუძლებელია.

კლოპი: ჯეი ფოქსსაც
არ დავუჯერებდი

როცა 20 წლის გავხდი, ჩემი ცხოვრება მთლიანად შეიცვალა. ჯერ კიდევ ბავშვი ვიყავი, თუმცა უკვე მამა. მამობისთვის იდეალური დრო არ იყო. სამოყვარულო ფეხბურთს ვთამაშობდი და დღის განმავლობაში უნივერსიტეტში დავდიოდი.

სწავლის ფულის გადასახდელად საწყობში ვმუშაობდი, სადაც ფილმებს ინახავდნენ. ახალგაზრდებს ვეტყვი, რომ მაშინ DVD არ არსებობდა. ეს იყო გვიანი 80-იანი წლები, როდესაც ყველაფერი ისევ ფირებზე იყო. სატვირთო მანქანები დილის 6 საათზე მოდიოდნენ, ჩვენ ახალ ფილმებს მანქანაში ვაწყობდით, ხოლო ძველებს ჩამოვტვირთავდით.

ლითონის უზარმაზარი ბაკები ძალიან მძიმე იყო. უნდა მელოცა, რომ რაიმე გრძელი ფილმი არ ეჩვენებინათ, მაგალითად ბენ-ჰური, რადგანაც მისი ფირები ძალიან მძიმე იყო.

ღამეში 5 საათი მეძინა. დილით საწყობში მივდიოდი. იქიდან უნივერსიტეტში, საღამოს ვარჯიშზე და ბოლოს შინ მისული ჩემს შვილს ვეთამაშებოდი. ეს ძალიან რთული დრო იყო, მაგრამ ცხოვრების შესახებ ძალიან ბევრი რამ ვისწავლე.

ახალგაზრდულ ასაკში უკვე სერიოზული პიროვნება ვიყავი. ჩემი მეგობრები პაბში ლუდის დასალევად მეპატიჟებოდნენ. ჩემს სხეულს სურდა, რომ ეთქვა: "დიახ, მოვდივარ".

რა თქმა უნდა, მე ეს არ შემეძლო, რადგანაც მხოლოდ საკუთარი თავისთვის აღარ ვცხოვრობდი. ბავშვებს არ აინტერესებთ შენი დაღლილობა და ის ფაქტი, რომ შუადღემდე ძილი გინდა.

დიდი თავსატეხი გიჩნდება, როდესაც იმ ბავშვის მომავალზე ფიქრობ, რომელიც ამ ქვეყანას მოავლინე. ეს დიდი სირთულეა. რაც საფეხბურთო მოედანზე ხდება, ამასთან შედარებით არაფერია.

ხანდახან მეკითხებიან, თუ რატომ ვიღიმი ყოველთვის. შემიძლია დამარცხების შემდეგაც გავიღიმო. როცა ჩემი შვილი დაიბადა, გავაანალიზე, რომ ფეხბურთი არ არის ცხოვრება ან სიკვდილი. ჩვენ ვერ გადავარჩენთ სიცოცხლეს. ფეხბურთმა არ უნდა გაავრცელოს სიძულვილი და უბედურება. ფეხბურთი უნდა იყოს შთაგონება და სიხარული, განსაკუთრებით ბავშვებისთვის.

ვიცი, რა შეუძლია ბურთს და რა გააკეთა მან ჩემი ფეხბურთელებისთვის. მო სალაჰის, სადიო მანეს, რობერტო ფირმინოსა და ჩემი სხვა მოთამაშეების ისტორიები განსაკუთრებულია. როცა ახალგაზრდა ვიყავი, ბევრ პრობლემასთან მიწევდა გამკლავება, მაგრამ ეს არაფერია იმ პრობლემებთან შედარებით, რაც მათ გადალახეს. მათ უამრავი პრობლემა ჰქონდათ, როდესაც შეიძლებოდა მარტივად დანებებულიყვნენ, მაგრამ ამაზე უარი თქვეს.

ისინი ღმერთები არ არიან. უბრალოდ, ისინი არ დანებდნენ და საკუთარ ოცნებაზე უარი არ თქვეს

ვფიქრობ, რომ ფეხბურთის 98% მარცხთან გამკლავებასა და გაღიმებას ნიშნავს, რათა მომდევნო თამაშისგან სიხარული მიიღო. ჩემს შეცდომებზე ძალიან ბევრი ვისწავლე. 2001 წელს მაინცში მუშაობა დავიწყე. იქ, სადაც 10 წელი ფეხბურთელი ვიყავი. პრობლემა ის იყო, რომ მოთამაშეთა უმეტესობა ჩემი მეგობარი იყო. ერთ საღამოს კი მე მათი ბოსი გავხდი. ისინი კი ისევ "კლოპოს" მეძახდნენ.

როცა ძირითადი შემადგენლობა პირველად უნდა დამესახელებინა. ვიფიქრე, რომ უკეთესი იქნებოდა, თუ ყველას პირადად ვეტყოდი ჩემს გადაწყვეტილებას. ეს ძალიან ცუდი გეგმა იყო, რადგანაც სასტუმროს ნომრები ორკაციანი იყო. წარმოიდგინეთ, შევდივარ ოთახში, ზის ორი კაცი და ერთს ვეუბნები, რომ შენ ხვალ ძირითად შემადგენლობაში იწყებ, ხოლო მეორეს - შენ ხვალ სათადარიგო სკამზე ხარ.

მივხვდი, როგორი უღიმღამო იყო ჩემი გეგმა, როდესაც მეორე მოთამაშე თვალებით მეკითხებოდა: "მაგრამ… კლოპო… რატომ?"

უმეტეს შემთხვევაში პასუხი არ მქონდა, მაგრამ ამ დროს ერთადერთი რეალური პასუხი არსებობს - მხოლოდ 11 მოთამაშეს შეუძლია თამაშის დაწყება. სამწუხაროდ, ეს კიდევ რამდენჯერმე გავაკეთე. 18 მოთამაშე 9 ოთახში. შევდიოდი და ვეუბნებოდი: "შენ იწყებ, შენ სკამზე ხარ", რის შემდეგაც ისევ ის თვალები და ის ფრაზა - "მაგრამ… კლოპო… რატომ?"

ხანდახან ყველაფერი ახლიდან უნდა დაიწყო, სუფთა ფურცლიდან. მიღებული გამოცდილება კარგად უნდა გამოიყენო. თუ ჩემი კიდევ არ გჯერათ, დაფიქრდით - ჩემი დიდებული სამწვრთნელო ტრიუმფი კატასტროფისგან შეიქმნა.

ბარსელონასთან 0:3 მარცხი წარმოუდგენელად ცუდი შედეგი იყო. როცა საპასუხო მატჩისთვის ვემზადებოდით, გუნდთან ჩვეულებრივი საუბარი მქონდა.

ამჯერად როკი ბალბოას დრო არ იყო. ძირითადად, ტაქტიკაზე ვესაუბრებოდი, მაგრამ ამავდროულად მათ სიმართლე ვუთხარი: "ჩვენ მსოფლიოს ორი საუკეთესო თავდამსხმელის გარეშე ვთამაშობთ. მსოფლიოში ამბობენ, რომ ჩვენი მომდევნო ეტაპზე გასვლა შეუძლებელია. გულწრფელად რომ ვთქვათ, შესაძლოა, ეს მართლაც შეუძლებელი იყოს, მაგრამ მოედანზე თქვენ უნდა გახვიდეთ, რადგანაც მოედანზე თქვენ იქნებით, ჩვენ შანსი გვაქვს".

ჩემი დიდებული სამწვრთნელო ტრიუმფი კატასტროფისგან შეიქმნა.

მართლა მჯეროდა, რომ ეს არ იყო მხოლოდ მათ ტექნიკურ და ფიზიკურ შესაძლებლობებზე დამოკიდებული. მათ უნდა გაეხსენებინათ, თუ ვინ იყვნენ ისინი და რა პრობლემები გადალახეს ცხოვრებაში. მათ ერთი რამ ვთხოვე: "თუ გავვარდებით, ვეცადოთ, რომ ეს ლამაზად გავაკეთოთ".

რა თქმა უნდა, ჩემთვის ამ სიტყვების თქმა მარტივი იყო. მე ვარ ადამიანი, რომელიც ხაზს იქიდან კარნახობს. ფეხბურთელებისთვის მოედანზე ამის გაკეთება ძალიან რთულია, თუმცა მოედანზე ეს ბიჭები იყვნენ, მათ გვერდით 54 ათასი ქომაგი იყო და ჩვენ შეუძლებელი გავაკეთეთ.

ფეხბურთში ყველაზე ლამაზი და კარგი ის არის, რომ მარტო ვერაფერს გააკეთებ. ვერაფერს შეძლებ, დამიჯერეთ.

სამწუხაროდ, ჩემპიონთა ლიგის ყველაზე გასაოცარი მომენტი არ მინახავს. მე ეს ვერ ვნახე და შეიძლება, ეს არის საუკეთესო ახსნა მწვრთნელის სამსახურის. მე გამოვტოვე ალექსანდრ-არნოლდის გენიალური მოქმედება.

დავინახე, რომ ბურთი კუთხურზე გადავიდა. როგორ მიყვებოდა არნოლდს შაჩირი, ესეც დავინახე, თუმცა სწორედ ამ დროს მოვტრიალდი, რადგანაც ცვლილებას ვამზადებდით. ჩემს ასისტენტს ველაპარაკებოდი… იცით, ამ მომენტის გახსენებისას, ყოველთვის მბურძგლავს.

მე მხოლოდ ხმა გავიგე… მოვტრიალდი მოედნისკენ და დავინახე, რომ ბურთი კარისკენ მიფრინავდა. ისევ მოვტრიალდი და ბენ ვუდბორნს ვუყურებდი…

ბენ ვუდბორნი: რა მოხდა?

იურგენ კლოპი: წარმოდგენა არ მაქვს. 

"ენფილდი" აფეთქდა. ქომაგები გაგიჟდნენ. ძლივს გავიგე ჩემი ასისტენტის ხმა - "ცვლილებას ისევ ვაკეთებთ?" ის ამბობდა, რომ ყოველთვის ჩემ გვერდით იქნებოდა.

''წარმოგიდგენიათ? 18 წელია მწვრთნელი ვარ. მილიონობით საათს ვახარჯავ ფეხბურთს და გამოვტოვე ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც მოედანზე მოხდა. იმ მატჩის შემდეგ, დივოკის გოლი ბევრჯერ ვნახე, მაგრამ თამაშის დროს მხოლოდ ის დავინახე, თუ როგორ მიდიოდა ბურთი კარში…"

მატჩის დასრულების შემდეგ, გასახდელში შევედი. ჩავჯექი ჩემს სავარძელში, წყლის ბოთლთან ერთად. სიჩუმე იყო და ვიღიმოდი. სახლში დავბრუნდი, ჩემი ოჯახის წევრები, მეგობრები სადღესასწაული განწყობაზე იყვნენ, მაგრამ ემოციურად იმდენად დაღლილი ვიყავი, რომ საძინებელში ავედი. ჩემი სხეული და გონება დაცარიელებული იყო.

ასე კარგად ცხოვრებაში არასდროს დამიძინია. საუკეთესო წინ მელოდა, როდესაც დილით გავიღვიძე და გავაანალიზე, რომ ეს სინამდვილე იყო და ეს მართლა მოხდა.

ჩემს ცხოვრებაში კინოზე შთამაგონებელი მხოლოდ ფეხბურთია. იღვიძებ დილით და ხვდები, რომ ეს ჯადოქრობა არ იყო და რეალურად მოხდა. შენ მართლა დაამარცხე ივან დრაგო.

ივნისის შემდეგ სულ ამაზე ვფიქრობ. ავტობუსით მთელი ლივერპული შემოვიარეთ. ჩემპიონთა ლიგის თასით ვამაყობდით, როცა მეგონა, რომ ხალხის ნაკადი სრულდებოდა და ქუჩის იმ კუთხეში აღარვინ დაგხვდებოდა, იქ უკვე ქომაგთა სხვა არმია ჩნდებოდა. წარმოუდგენელი რამ მოხდა. იმ დღის ემოციების, ვნებისა და სიყვარულის შენახვა რომ შეგვძლებოდა, სამყარო უკეთესი იქნებოდა.

იმ დღის ემოციებს ვერ ვივიწყებ. ფეხბურთმა ცხოვრებაში ყველაფერი მომცა, მაგრამ მსურს, რომ უფრო მეტი გავაკეთო სამყაროსთვის. თითქოს მარტივი სათქმელია, მაგრამ როგორ უნდა შევქმნათ განსხვავებული სამყარო?

ერთი წლის წინ, მე აღმაფრთოვანა ხუან მატას, მატს ჰუმელსის, მეგან რაპინოსა და სხვა ფეხბურთელთა ქმედებამ. ისინი თავიანთი ხელფასიდან 1%-ს არასამთავრობო საფეხბურთო ორგანიზაციებს ურიცხავენ, რომლებიც ახალგაზრდა ფეხბურთელებს ეხმარებიან სამხრეთ აფრიკაში, ზიმბაბვეში, კამბოჯაში, ინდოეთში, კოლუმბიაში, დიდ ბრიტანეთში, გერმანიასა და სხვა ქვეყნებში.

ამას მხოლოდ მდიდარი ფეხბურთელები არ აკეთებენ. ამ წამოწყებას კანადის ქალთა ნაკრებიც შეუერთდა. ფეხბურთელები იაპონიიდან, კენიიდან, ავსტრალიიდან, შოტლანდიიდან, პორტუგალიიდან, ინგლისიდან და სხვა ქვეყნებიდან ცდილობენ სხვების ცხოვრება უკეთესი გახადონ. ეს არის ფეხბურთის აზრი. მეც შევუერთდი ამ ამბავს და ჩემი წლიური ხელფასის ერთ პროცენტს ამ საქმისთვის ვიყენებ.

გულწრფელები ვიყოთ, ჩვენ ძალიან გაგვიმართლა. ჩვენი, როგორც პრივილეგირებული ხალხის ვალდებულებაა, რომ ბავშვებს დავეხმაროთ. იმ ბავშვებს, რომლებსაც მხოლოდ შანსი სჭირდებათ.

ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს პრობლემები, რომლებიც გვქონდა. გარემოცვა, სადაც ვცხოვრობთ, ნამდვილი სამყარო არაა. ვწუხვარ, მაგრამ ყველაფერი, რაც ფეხბურთის მოედანზე ხდება, ნამდვილ პრობლემად არ უნდა ჩაითვალოს. ამ თამაშში უფრო დიდი მიზნები უნდა ჰქონდეთ, ვიდრე შემოსავალი და ტიტულებია, არ მეთანხმებით?

დაფიქრდით, რისი მიღწევა შეგვიძლია, თუ ყველა 1%-ს გადავრიცხავთ ამ ბავშვებისთვის. ჩვენ პოზიტიურ განწყობას შევქმნით მსოფლიოში. შესაძლოა, მე გულუბრყვილო ვარ. შესაძლოა, მე ძველი, გიჟი მეოცნებე ვარ.

მაგრამ ვისთვის არის ეს თამაში შექმნილი?

ყველამ კარგად ვიცით, რომ ეს თამაში მეოცნებე ხალხს ეკუთვნის.

პატივისცემით, იურგენ კლოპი."

წყაროThe Players' Tribune

კომენტარები

ბოლო ამბები