Thumbnail

‘ოლიმპიადას დახურულ კარს მიღმა არ ჩავატარებთ’ – სოკ-ის პოზიცია ცნობილია

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ცარიელი ტრიბუნების წინაშე ჩატარებას გამორიცხავს.

სოკ-ის აზრით, აღნიშნული სრულიად გამორიცხავს ოლიმპიური მოძრაობის ფილოსოფიას, რაც სპორტის დღესასაწაულზე მსოფლიოს მასშტაბით ხალხის გაერთიანებაზეა დაფუძნებული.

მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის გამო, უკვე არაერთი სპორტული ტურნირი გადაიდო ან გაუქმდა, ტოკიო 2020-ის საორგანიზაციო კომიტეტში იმედს არ კარგავენ, რომ ივლისისთვის სიტუაცია გაუმჯობესებული იქნება.

შესაბამისად, სოკ-ში ოლიმპიადის დაწყებამდე 4 თვით ადრე, ნაადრევი გადაწყვეტილების მიღება მართებული არ იქნება.

ამასთან, ოლიმპიური კომიტეტი თამაშის მაყურებლების გარეშე გამართვის საკითხს არც კი განიხილავს.

“ეს გამორიცხულია, რადგანაც მაშინ ჩვენს ყველა მთავარ პრინციპზე უარი უნდა ვთქვათ. ოლიმპიადა ეს უბრალოდ სპორტული შეჯიბრი არაა.

ის ნამდვილი დღესასწაულია, რომელიც მსოფლიოში მილიონობით ადამიანს აერთიანებს.

ოლიმპიური თამაშები დახურულ კარს მიღმა, მაყურებლების გარეშე – ეს მიუღებელი ვარიანტია”, - სოკ-ის მაღალჩინოსანთა პოზიციას ბრიტანული Theguardian ავრცელებს.

სათქმელია ისიც, რომ ოლიმპიადის ჩატარების თარიღების ცვლილება დიდ პრობლემებს შეუქმნის სპონსორებს, მასმედიას, ავიაკომპანიებს, სასტუმროებსა და ვოლონტიორებს.

გამოანგარიშებულია, რომ მხოლოდ ბილეთების რეალიზაციიდან შემოსული თანხის კუთხით, ოლიმპიადის ორგანიზატორები დაახლოებით მილიარდ ევროს დაკარგავენ.

ცნობისთვის, 2020 წლის ზაფხულის ოლიმპური თამაშები 24 ივლისიდან 9 აგვისტომდე პერიოდში გახლავთ დაგეგმილი.

კომენტარები

ბოლო ამბები