Thumbnail

ბუნდესლიგაში პაუზამ 2 აპრილამდე გადაიწია - ეს არ ნიშნავს, რომ 3-ში განახლდება

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური

გერმანიის ბუნდესლიგის 2019/20 წლების სეზონი, რომელიც კორონავირუსის ეპიდემიის გამო 26-ე ტურის მატჩების წინ შეწყდა, მინიმუმ, 2 აპრილამდე არ განახლდება. ამის შესახებ გერმანიის საფეხბურთო ლიგის (DFL) გენერალურმა დირექტორმა კრისტიან საიფერტმა გამოაცხადა. 

"ყველაფერი, რაც გუშინ უსაფრთხო და ჩვეულებრივი ჩანდა, ამიერიდან ასეთი აღარ არის. არ ვიცით, წინ რა გველოდება. ახლა პრიორიტეტული კორონავირუსთან ბრძოლაა. სასწორზე უფრო მეტი დევს, ვიდრე ბუნდესლიგის რამდენიმე მატჩი. ეს გადარჩენის საკითხია. მატჩების 2 აპრილამდე გაჩერება არ ნიშნავს, რომ 3 აპრილიდან ისევ ვითამაშებთ. თათბირის ჩატარებას 30 მარტს ვგეგმავთ", - ამბობს საიფერტი. 

კრისტიან საიფერტს პროგნოზების გაკეთება უჭირს

გერმანიის პირველ და მეორე ბუნდესლიგაში დროებითი პაუზის აღება 13 მარტს გადაწყვიტეს. კორონავირუსის ეპიდემიის გამო, საგანგებო თათბირს უეფა 17 მარტს გეგმავს.

COVID-19 პირველად გასული წლის მიწურულს, ჩინეთში გამოვლინდა, შემდეგ კი მთელ მსოფლიოში გავრცელდა. ბოლო მონაცემებით, დაავადებამ 6,5 ათასზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, 77 ათასზე მეტი პაციენტი კი უკვე გამოჯანმრთელდა.

კომენტარები

ბოლო ამბები