Thumbnail
  • საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რუსეთს ისტორიაში მეოცედ მოუგო.
  • ბორჯღალოსნებს რაგბი ევროპის ჩემპიონატში ოთხიდან ოთხი მოგება აქვთ.

რუსეთი 9:29 საქართველო

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატში მეოთხე მატჩი რუსეთის ნაკრებთან სტუმრად ყუბანში ჩაატარა. ბორჯღალოსნებმა პრინციპულ მეტოქეს ოთხი ლელო დაუდეს და პრემიალური ქულით გაიმარჯვეს.

ბორჯღალოსნების სიმღერა რუსეთთან გამარჯვების შემდეგ

ეს შეხვედრა 22-ე იყო საქართველო-რუსეთის სარაგბო დაპირისპირების ისტორიაში. ბორჯღალოსნებმა დღეს მეოცე მოგება მიითვალეს. მხოლოდ ერთხელ, 1993 წელს გამართულ პირველ მატჩში იმარჯვეს რუსმა დათვებმა, კიდევ ერთი შეხვედრა კი ფრედ დასრულდა.

ყუბანის თითქმის ცარიელ სტადიონზე, სადაც საქართველოს ნაკრების გულშემატკივრები უფრო მრავლად ჩანდნენ, შეხვედრა ავდარში წარიმართა და ეს თამაშის ხარისხზეც აისახა, განსაკუთრებით კი - მილტონ ჰეიგის შეგირდების. პირველ ტაიმში მასპინძლები აშკარად უკეთ გამოიყურებოდნენ, მეტად ფლობდნენ ბურთს და შესვენებაზეც ანგარიშში უპირატესობით გავიდნენ - 9:7. 

მერაბ კვირიკაშვილმა წელს ნაკრებში პირველად ითამაშა

რუსეთთან მატჩში ბორჯღალოსნების კვართი 109-ედ მოირგო მერაბ კვირიკაშვილმა. მე-80 სანაკრებო კეპი მოიხვეჭა კაპიტანმა გიორგი ნემსაძემ. 50-ე - მიხეილ ნაირიაშვილმა, ხოლო მე-40 - ლაშა ლომიძემ.

რუსებს პირველ ტაიმში ქულები კაპიტანმა იური კუშნარიოვმა მოუტანა, რომელმაც სამივე საჯარიმო დარტყმა ზუსტად შეასრულა. ბორჯღალოსნებმა ლელო 25-ე წუთზე, აუტის მოწოდების შემდეგ, მოლით დადეს. ბურთი მეტოქის ჩათვლის მოედანში ანტონ ფეიქრიშვილმა დაამიწა, სოსო მათიაშვილმა კი გარდასახა. 

რუსებს მე-60 ლელო მოლის შემდეგ ანტონ ფეიქრიშვილმა დაუდო

შესვენების შემდეგ ამინდი გაუარესდა - წვიმას სეტყვაც დაერთო, ბორჯღალოსნების თამაში კი გაუმჯობესდა. შეიძლება ითქვას, მეორე ტაიმში ყუბანის სტადიონზე მხოლოდ ერთი გუნდი თამაშობდა, მასპინძლებს კი თავიანთი მონაგარისთვის აღარაფერი შეუმატებიათ...

49-ე წუთზე სოსო მათიაშვილმა ზუსტი საჯარიმოთი ანგარიშში საქართველოს ნაკრების დაწინაურება მოახერხა, 67-ეზე კი გიორგი ნემსაძემ, პირველის ანალოგიური ლელო დადო - დერეფნისა და მოლის შემდეგ. სოსომ აქაც გარდასახა.

მეორე ტაიმში რუსებს ბურთი დასანახადაც სანატრელი გაუხდათ

ქართველების მესამე ლელოც მოლს მოჰყვა - 73-ე წუთზე რუსთა ჩათვლის მოედანში ბურთი მიხეილ გაჩეჩილაძემ დაამიწა, მათიაშვილის გარდასახვა კი კვლავაც ზუსტი იყო. 

თამაშის დასრულებამდე 3 წუთით ადრე ბორჯღალოსნების მორიგი იერიში ანზორ სიჭინავამ ლელოთი დააგვირგვინა. რეალიზაცია ვერ შეძლო მერაბ კვირიკაშვილმა. 9:29 და ტაბლოზე საბოლოო ანგარიშიც აქ დაფიქსირდა.

ბურთით გიორგი თხილაიშვილი 

ბორჯღალოსნები რაგბი ევროპის ჩემპიონატს ოთხი თამაშიდან ოთხი მოგებით, 19 ქულით ლიდერობენ. რაგბი ევროპის ჩემპიონატის ბოლო შეხვედრას კი 18 მარტს თბილისში, "დინამო არენაზე", რუმინეთის წინააღმდეგ გამართავენ.

დღესვე მეოთხე ტურში რუმინეთმა შინ ბელგიას 62:12 მოუგო, ხოლო ესპანეთი ხვალ მადრიდში გერმანიას დაუპირისპირდება.

საქართველოს ნაკრები: 15 მერაბ კვირიკაშვილი, 11 სოსო მათიაშვილი, 13 დავით კაჭარავა, 12 გიორგი კვესელაძე, 14 ანზორ სიჭინავა, 10 ლაშა ხმალაძე, 9 ვასილ ლობჟანიძე, 1 მიხეილ ნარიაშვილი, 2 შალვა მამუკაშვილი, 3 ანტონ ფეიქრიშვილი, 4 გიორგი ნემსაძე (კაპ), 5 ნოდარ ჭეიშვილი, 6 გიორგი თხილაიშვილი, 7 ვიტო კოლელიშვილი, 8 ლაშა ლომიძე.
სათადარიგოები: 23 გიორგი კოშაძე, 22 ლაშა მალაღურაძე, 21 გელა აფრასიძე, 16 ბადრი ალხაზაშვილი, 17 კახა ასიეშვილი, 18 გიორგი მელიქიძე, 19 შალვა სუთიაშვილი, 20 მიხეილ გაჩეჩილაძე.

კომენტარები

ბოლო ამბები