Thumbnail

მორიგი ჰენკა ტოჩინოშინს - ქართველმა ოსაკაში მეექვსედ წააგო

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • იაპონელმა მიოგირიუმ ქართველი სუმოისტი დოჰიოდან ოშიდაშით გაიყვანა
  • ტოჩინოშინს წოდებაში დასაწინაურებლად 6-დან 5 შერკინების მოგება სჭირდება

ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ, რომელსაც ტოჩინოშინის შიკონათი ვიცნობთ, იაპონიის ქალაქ ოსაკაში მიმდინარე სუპერტურნირზე 3 მოგების ფონზე მე-6 მარცხი განიცადა.

დასავლეთის მე-9 მაეგაშირას წოდების მქონე ტოჩინოშინმა მორიგი ორთაბრძოლა აღმოსავლეთის მე-6 მაეგაშირა მიოგურიუსთან გამართა, რომელთანაც დღევანდლამდე თანაბარი ბალანსი გააჩნდა, ამჯერად კი, 33 წლის იაპონელთან ოშიდაშით დამარცხდა.

სამწუხაროა, თუმცა, ლევანის მეტოქემ ამჯერადაც ჰენკას მიმართა. მიოგირიუ სასტარტო შეჯახებას გაექცა, ამგვარად, ჩვენებურს ზურგიდან მოექცა და მისი დოჰიოდან გაყვანა არ გასჭირვებია.

32 წლის ქართველ სუმოისტს შემდეგი შერკინება აღმოსავლეთის მე-8 მაეგაშირა შოჰოძანთან ელის, რომელთან დაპირისპირების ასევე დიდი ისტორია გააჩნია. ქართველი და 36 წლის იაპონელი სეკიტორები ერთმანეთს 22-ჯერ შეხვედრიან და საგრძნობი უპირატესობა ლევანის მხარეს არის – 14 მოგება, 8 მარცხი.

შეგახსენებთ, რომ ტოჩინოშინს ჰარუ ბაშოზე დადებითი ბალანსის (კაჩი-კოში) დასაფიქსირებლად მინიმუმ 8 შეხვედრის მოგება სჭირდება, ამგვარად, ქართველმა წოდებაში დასაწინაურებლად, დარჩენილი 6 ორთაბრძოლიდან ხუთში უნდა იმარჯვოს, რაც ურთულესი საქმე იქნება.

კომენტარები

ბოლო ამბები