Thumbnail

ევროპის ჩემპიონატი მაინც წელს ჩატარდება? უეფაში ორ ვარიანტზე ფიქრობენ

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი

თუკი შესაძლებელია, რომ მსოფლიოს ჩემპიონატი ზამთარში ჩატარდეს, რატომ არ შეიძლება, რომ ასე მოხდეს ევროპის ჩემპიონატის შემთხვევაშიც? ბრიტანული ‘ტელეგრაფის’ ინფორმაციით, უეფაში სწორედ ეს კითხვა დაისვა და, შესაძლოა, ტურნირი დეკემბერში გაიმართოს - ზუსტად ისე, როგორც მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატი.

ევროპის ჩემპიონატის გადადება შეღავათი იქნება პრემიერლიგისთვის, ბუნდესლიგისთვის, სერია A-სთვის, ლა ლიგისთვის და სხვა ჩემპიონატებისთვის. მათ საშუალება ექნებათ, ეს სეზონი ჩაამთავრონ. როგორც ირკვევა, სამშაბათს უეფაში, 55 წევრ ქვეყანასთან ერთად სწორედ ამ საკითხზე იმსჯელებენ.

ევროპის ჩემპიონატის ბედი სამშაბათს უნდა გადაწყდეს

არის მეორე ვარიანტიც: 2021 წლის ზაფხული, რაც აშკარად უკეთესი გადაწყვეტილება იქნებოდა, მაგრამ 2021 წლის ზაფხულში მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი უნდა ჩატარდეს ახალი ფორმატით და ფიფას ბოს ჯანი ინფანტინოს ამ ტურნირის გადადება არ სურს.

ახლა ევროპაში ფეხბურთი თითქმის ყველგან გაჩერებულია. ინგლისში უკვე ვრცელდება ხმები, რომ პრემიერლიგის მატჩები სექტემბრამდე აღარ ჩატარდება. მთავარი კითხვა ასე ჟღერს: იქნება კი ზამთრამდე კორონავირუსი დამარცხებული? ექსპერტების მოსაზრებები სხვადასხვანაირია. ზოგი ფიქრობს, რომ 3-4 კვირაში კრიზისის ურთულესი პერიოდი გადავლილი იქნება, სხვები კი გვაფრთხილებენ, რომ დიდი შანსია, კორონავირუსი შემოდგომაზეც გავრცელდეს.

კომენტარები

ბოლო ამბები