Thumbnail

'არ მსურდა დიდი გაცილება' - შალვა სუთიაშვილმა სანაკრებო კარიერა დაასრულა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • შალვა სუთიაშვილს ბორჯღალოსანთა კვართი ბოლოჯერ რუსეთთან უნდა მოერგო
  • მორაგბე საკლუბო კარიერას აგრძელებს და ნაკრებში გზას ახალგაზრდებს უთმობს

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრმა, შალვა სუთიაშვილმა POPSPORT-თან განაცხადა, რომ სანაკრებო კარიერა დაასრულა. 36 წლის სუთიაშვილს ბოლო შეხვედრა რუსეთის წინააღმდეგ უნდა ჩაეტარებინა, მაგრამ მატჩი კორონავირუსის გამო გადაიდო.

შალვამ ჩვენთან საუბარში ნაკრებიდან წასვლის მიზეზებზე ისაუბრა.

''რუსეთთან მატჩი ''ბორჯღალოსანთა'' რიგებში ბოლო იქნებოდა. სანაკრებო კარიერის დასრულებას ავსტრალიასთან მატჩის შემდეგ ვგეგმავდი, თუმცა ნაკრებს დავჭირდი და ვითამაშე. ამჯერად არავისთვის მითქვამს, რომ რუსეთთან მატჩის შემდეგ კარიერას ვასრულებდი, რადგანაც არ მსურდა დიდი გაცილება.

პირველი მიზეზი ის არის, რომ ნაკრებში ახალგაზრდა თაობას მინდა გზა დავუთმო. მეორე მიზეზი კი ქართულ რაგბიში მიმდინარე მოვლენებია. მსურს, რომ არჩევნებში ჩემი მეგობრების გვერდით ვიდგე - ირაკლი აბუსერიძესთან, ილია ზედგინიძესთან, დავით ზირაქაშვილსა და იმ ადამიანებთან, ვისთან ერთადაც რაგბის თამაში დავიწყე.

როცა ნაკრების წევრი ხარ, პასუხისმგებლობა გაქვს, რომლის გამოც ასეთ თემებში აქტიურად ვერ ერთვები. ჩემი პოზიცია 4-წლის წინაც იგივე იყო, რაც ახლა მაქვს", - განაცხადა შალვა სუთიაშვილმა.

შალვა სუთიაშვილმა ბორჯღალოსნებს 15-ჯერ უკაპიტნა

შალვა სუთიაშვილს ''ბორჯღალოსანთა'' კვართი 82-ჯერ მოურგია და ნაკრებში 2 ლელო აქვს გატანილი. აღსანიშნავია, რომ შალვა სუთიაშვილმა ''ბორჯღალოსნებს'' 15-ჯერ უკაპიტნა, საიდანაც საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა 14 მატჩი მოიგო, ხოლო ერთი შეხვედრა ფრედ დაასრულა.

ორი თვის წინ, Espnscrum-მა იმ კაპიტნების სია გამოაქვეყნა, რომლებსაც ნაკრებში ყველაზე მეტი მატჩი აქვთ წაუგებლად ჩატარებული. სიის ლიდერი კი სწორედ შალვა სუთიაშვილი გახლავთ, რაც იმას ნიშნავს, რომ შალვა წაუგებელი კაპიტანია.

სუთიაშვილმა სანაკრებო კარიერა დაასრულა, თუმცა საკლუბო კარიერას აგრძელებს. მან ანგულემთან კონტრაქტი 2021-2022 წლების სეზონამდე გაახანგრძლივა. ქართველი მორაგბისთვის დეკემბერი ძალიან კარგი თვე იყო. ის ანგულემის ქომაგებმა თვის საუკეთესო მორაგბედ აღიარეს.

კომენტარები

ბოლო ამბები