Thumbnail

ძაგნიძემ გრან პრი მოიგო! – ქართული ჭადრაკის დიდი წარმატება ლოზანაში

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრების ლიდერი ნანა ძაგნიძე (2509) შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში დასრულებული გრან პრის მე-3 ეტაპის გამარჯვებული გახდა.

ცნობისთვის, ტურნირზე 12 უძლიერესი დიდოსტატი იყო შეკრებილი, ამდენად, მომხდარი ქართული ჭადრაკის დიდ წარმატებად უნდა მივიჩნიოთ.

გრან პრის შვეიცარიული ეტაპის დასკვნით მე-11 ტურში ძაგნიძე თეთრი ფიგურებით უმთავრეს კონკურენტს, რუს ალეკსანდრა გორიაჩკინას (2579) დაუპირისპირდა და მეტოქესთან, რომელმაც მცირე ხნის წინ მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულისთვის მატჩში ჩინელ ცზიუ ვენცზიუნთან (2583) ითამაშა, სასურველი ყაიმი დააფიქსირა.

შედეგად, ქართველ და რუს მოჭადრაკეებს 7.0-7.0 ქულა მოუგროვდათ, თუმცა, ნანას უკეთესი დამატებითი მაჩვენებლები აღმოაჩნდა და მთავარი პრიზის მფლობელი გახდა.

ცნობისთვის, გრან პრის ჯამური გამარჯვებული 4 ეტაპის შედეგებით ვლინდება, თითოელ მოჭადრაკეს კი სამ ტურნირში მონაწილეობის უფლება აქვს.

ნანამ უკვე ითამაშა მონაკოში, სადაც მხოლოდ 35 ქულა გამოიმუშავა, ამჯერად კი, 145 ქულა ერგება (13.5 ათას ევროსთან ერთად) და სატურნირო ცხრილში საგრძნობლად დაწინაურდება.

ვთქვათ ისიც, რომ ამ დროისთვის პირველ ადგილზე ინდოელი ჰამპი კონერუა, რომელსაც 2 ეტაპის ჯამში 293 ქულა აქვს.

თუ გრან პრის ეტაპების მიხედვით, პირველ ადგილს ხსენებული ვენცზიუნი დაიკავებს, მაშინ მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს შეინარჩუნებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, კი მას წოდების დაცვა საუკეთესო შედეგის მქონე მოჭადრაკესთან მოუწევს.

აღსანიშნავია, რომ ნანა ძაგნიძემ გამარჯვება ექიმებს მიუძღვნა, რომლებიც მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსის ეპიდემიას ებრძვიან.

კომენტარები

ბოლო ამბები