Thumbnail

კალათბურთის ფედერაციამ გადაწყვიტა - სუპერლიგა და A ლიგა შეჩერდა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის საფრთხის გამო, სუპერლიგისა და A ლიგის მატჩები შეჩერდა.

კლუბების ხელმძღვანელები ფედერაციის წარმომადგენლებს 16 მარტს შეხვდებიან და შექმნილ ვითარებაზე იმსჯელებენ. საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ფედერაციამ 2 მარტიდან შეაჩერა ყველა ასაკობრივი ლიგა და იმავე დღიდან სუპერლიგისა და A ლიგის მატჩები მაყურებლის გარეშე მიმდინარეობდა.

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია ქართველ ლეგიონერებსაც მიმართავს: ქვეყანაში დაბრუნების შემთხვევაში გამოიჩინონ სამოქალაქო პასუხისმგებლობა და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ უცხოეთიდან დაბრუნებული ჩვენი მოქალაქეებისთვის განსაზღვრული ყველა რეკომენდაცია და პროცედურა დაიცვან.

აღსანიშნავია, რომ NBA-ს, ევროლიგისა და ევროთასის შეჩერების შემდეგ, ზოგ ქვეყანაში ჩემპიონატი ნაადრევად დაასრულეს. მაგალითად, ლიეტუვაში ჩემპიონად ჟალგირისი გამოაცხადეს, რომელიც გათამაშებას 22 მოგებითა და 2 მარცხით ლიდერობდა. უკრაინის ჩემპიონი კი დნიპრო გახდა, რომელმაც ისტორიაში მეორედ შეძლო უკრაინის ჩემპიონობის მოპოვება.

თუ ჩემპიონატი საქართველოშიც შეწყდება, სუპერლიგის ჩემპიონად ბათუმი უნდა გამოცხადდეს, რომელიც 10 მოგებით და 5 მარცხით პირველ ადგილზეა, ხოლო A ლიგის გამარჯვებული საკალათბურთო კლუბი ორბი უნდა გახდეს, რომელსაც 5 მოგება და ერთი მარცხი აქვს.

კომენტარები

ბოლო ამბები