Thumbnail

ძაგნიძე ტიტულთან ახლოსაა – ლიდერობა ბოლო ტურის წინ

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრების ლიდერი ნანა ძაგნიძე ძალიან ახლოსაა გრან პრის მე-3 ეტაპის მოგებასთან, რომელსაც შვეიცარიის ქალაქი ლოზანა მასპინძლობს.

პრესტიჟული ტურნირის ბოლოსწინა მე-10 ტურში ძაგნიძე შავი ფიგურებით ევროპის 2019 წლის ჩემპიონს, რუს ალინა კაშლინსკაიას (2485) დაუზავდა და 6.5 ქულა მოაგროვა.

ასეთივე მონაგარი გააჩნია რუს ალეკსანდრა გორიაჩკინას (2579), თუმცა, ქართველი მოჭადრაკე მას დამატებითი მაჩვენებლებით უსწრებს და პირველ ადგილზეა.

საინტერესოა, რომ დასკვნით ტურში ძაგნიძე თეთრებით სწორედ გორიაჩკინას ეთამაშება და დიდი ალბათობით, ჩემპიონობისთვის ყაიმიც ეყოფა.

ცნობისთვის, გორიაჩკინა ის მოჭადრაკეა, რომელმაც გასული წლის ზაფხულში პრეტენდენტთა ტურნირი დიდი უპირატესობით მოიგო და წლეულს იანვარში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულისთვის ჩინელ ცზიუ ვენცზიუნთან (2583) მხოლოდ ტაი-ბრეიკზე წააგო.

სხვათა შორის, გასულ ტურში გორიაჩკინამ სწორედ ვენცზიუნს სძლია, რომელიც ლოზანაში ცუდად გამოიყურება და 4.0 ქულით მხოლოდ მე-9 ადგილზე იმყოფება.

შეგახსენებთ, რომ ქალთა მსოფლიო გრან პრის 2 ეტაპის თავზე ინდოელი ჰამპი კონერუ ლიდერობს 293 ქულით, ძაგნიძემ კი ჯერ მხოლოდ ერთ ეტაპში (მონაკო) მიიღო მონაწილეობა და 35 ქულით 16 მონაწილეს შორის მეცამეტე-მეთოთხმეტე ადგილებს იყოფს.

ჭადრაკის ფედერაცია და კომპანია ევროპაბეთი პარტნიორები 2020 წლის იანვარში გახდნენ. ევროპაბეთის დახმარებით საქართველოს ჩემპიონატი ვაჟთა და ქალთა შორის გაორმაგებული საპრიზო ფონდით ტარდება, ასევე კომპანია ზრუნავს ჭადრაკის პოპულარიზაციაზე და სპორტის ამ სახეობის განვითარების მიზნით, სხვადასხვა პროექტების განხორციელებაში იღებს მონაწილეობას.

ყველაფერი პროექტის "პასუხისმგებლიანი თამაში" შესახებ - responsible.ge

კომენტარები

ბოლო ამბები