Thumbnail

26 მარტს "დინამო არენაზე" ევრო 2020-ის პლეი ოფის ნახევარფინალური მატჩი უნდა გაიმართოს საქართველოსა და ბელარუსის ნაკრებებს შორის. 

ჩატარდება ეს შეხვედრა ჩვეულებრივად, თუ კორონავირუსის გამო უმაყურებლოდ, ან სულაც გადაიდება - ამის შესახებ უეფა 17 მარტს სპეციალურ ვიდეოკონფრენციაზე იმსჯელებს, რომელშიც ევროპის 55-ვე უეფას წევრის ქვეყნის წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას. 

სწორედ უეფას ამ გადაწყვეტილების გამო 19 საათზე სფფ-ს შენობაში სფფ-ის გენერალური მდივანი დავით მუჯირი მედიას შეხვდა: 

დავით მუჯირი (სფფ-ის გენერალური მდივანი): "ახალი კორონავირუსის პანდემია სამწუხაროდ, შეეხო მსოფლიო სპორტსაც. სამწუხაროა, რომ ეს სწორედ იმ თარიღს დაემთხვა, რომელიც შესაძლოა, ჩვენი ფეხბურთის უმნიშვნელოვანესი თარიღი იყოს. მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ფეხბურთელებისა და გულშემატკივრების ჯანმრთელობა უფრო მნიშვნელოვანია. 

ბოლო დღეებში უეფასთან მჭიდრო კომუნიკაცია გვქონდა. თავიდანვე კატეგორიული წინააღმდეგები ვიყავით მატჩის უმაყურებლოდ ჩატარების, რადგან ვიცით, რასაც ნიშნავს ეს მატჩი ჩვენი გულშემატკივრებისთვის. ამას დაემატა პრობლემები გადაადგილებაში. მოგეხსენებათ, ნაკრებში ძირითადად ლეგიონერები თამაშობენ. გვყავს ფეხბურთელები, რომლებიც ისეთ ქვეყნებში თამაშობენ, საიდანაც ტრანსპორტირება გართულებულია. დღესაც მიგვაჩნია, რომ თამაში იმ პერიოდში უნდა გაიმართოს, როცა ყველაფერი ჩაწყნარდება. რომ გულშემატკივრები და, რა თქმა უნდა, ფეხბურთელებიც უსაფრთხოდ იყვნენ. 

უეფაში ყოველდღიურად იცვლებოდა ვითარება. გადაიდო ელიტრაუნდის მატჩები 17 და 19-წლამდელთა შორის. სამშაბათს უეფაში ონლაინკონფერენციაა და ჩვენს აზრს იქ დავაფიქსირებთ. სამშაბათს უფრო მეტი გვეცოდინება. ამ ეტაპზე გადაწყვეტილების მიმღები ორგანო ჩვენ არ ვართ.

კლუბებისა და ნაკრების პირველობების სპეციფიკა ძალზე განსხვავებულია. ამერიკაში გვყავს ნაკრების მოთამაშეები, არადა, აკრძალვა შემოვიდა იქ ევროპაში გადაადგილების. 

დღეს გავრცელდა გადაუმოწმებელი ინფორმაცია ამ მატჩთან დაკავშირებით, რაც არა მარტო არაპროფესიონალიზმი, არამედ, მავნებლობაცაა. ცრუინფორმაციები, სამწუხაროდ, არ გვაკლია არც საქართველოში და არც მსოფლიოში. 

დღევანდელი მდგომარეობით, წარმოუდგენლად მიმაჩნია, რომ ეს შეხვედრა როგორღაც გაიმართოს 26 მარტს. მარტო თბილისი არ მაქვს მხედველობაში, ყველასთან გვაქს კომუნიკაცია. ბევრ ნაკრებს აქვს პრობლემა. სერია A-ს ორი ფეხბურთელი უკვე ინფიცირებულია და ბევრ ნაკრებს იტალიაში ჰყავს ლეგიონერები, იგივე ბოსნიას. სერბებსაც დიდი პრობლემა აქვს. 

ჩვენ იმის საშუალებაც არ გვაქვს, რომ 26-ისთვის უძლიერესი შემადგენლობა შევკრიბოთ. ლეგიონერები 3-4 დღით ადრე უნდა ჩამოვიდნენ სხვადასხვა ქვეყნებიდან, მათზე ზრუნვა კი ჩვენი მთავარი მისიაა. 

იმედი მაქვს, უეფა გამონახავს იმ პერიოდს, როცა ეს მატჩები შეიძლება გაიმართოს. ვფიქრობ, რომ უეფა კარგად აცნობიერებს ამ საფრთხეებს. პრობლემა მხოლოდ საქართველოს არ აქვს. შესაბამისად, დღეს ერთი გადაწყვეტილება უკვე მიიღეს ასაკობრივ ნაკრებებზე. უეფას არა მარტო პლეი ოფზე, არამედ, თავად ევრო 2020-ზეც იქნება მსჯელობა. ჩვენი პოზიცია კი უცვლელია. 

ვფიქრობ, 16 ქვეყნიდან 15-ს ანალოგიური პრობლემა გვაქვს და იმედია, ჩვენ ერთიანი პოზიცია გვექნება. ვერ გეტყვით, როდის გაავრცელებს უეფა გადაწყვეტილებას, თუმცა ვიდეოკონფერენცია 17 მარტს არის ჩანიშნული. უეფა გადაწყვეტილებას ჩვენთან კომუნიკაციის შემდეგ მიიღებს. სპორტი ძალზე მნიშვნელოვანია, მაგრამ პირველ რიგში ადამიანების სიცოცხლეა უმნიშვნელოვანესი". 

გამოკითხვა

ვინ გავა ევროპის ჩემპიონატზე?

  • საქართველო
  • ბელარუსი
  • კოსოვო
  • ჩრდილოეთ მაკედონია

კომენტარები

ბოლო ამბები