Thumbnail

'ობლაკი ატლეტიკოს მესია' - დიეგო სიმეონემ ლივერპულთან მატჩი შეაფასა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ლივერპული 2:3 ატლეტიკო 
  • მადრიდის ატლეტიკოს თავკაცმა ლივერპულთან გამარჯვება შეაფასა 
  • დიეგო სიმეონეს თქმით, იან ობლაკი მსოფლიოს საუკეთესო მეკარეა

მადრიდის ატლეტიკოს მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ ჩემპიონთა ლიგის ⅛-ფინალის საპასუხო შეხვედრა შეაფასა, რომელშიც მისმა გუნდმა სტუმრად ლივერპულს, დამატებით დროში, ანგარიშით 3:2 მოუგო და შემდეგ ეტაპზე გავიდა. 

მატჩის შემდეგ არგენტინელმა სპეციალისტმა თავისი გუნდის მეკარე იან ობლაკის ღვაწლი დააფასა. სლოვენიელმა ენფილდზე 9 სეივი მიითვალა, რაც მეკარის საუკეთესო შედეგია ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში. 

დიეგო სიმეონემ გუნდი ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში გაიყვანა

"ფეხბურთში უნდ ეცადო და მეტოქეს სირთულეები შეუქმნა. კოშტა, ფელიქსი და კორეა ინგლისელ მცველებს წნეხში ამყოფებდნენ. მახარებს ჩემი ბიჭების წარმატება - ჩვენ ევროპის 8 საუკეთესო გუნდს შორის დავბრუნდით. ლივერპული დიდებული იყო, 5-4-1 სათამაშო სქემაზე გადასვლამ კი უფრო მეტი კონტრშეტევის შესრულების საშუალება მოგვცა. 

ვაღიარებ, რომ დიეგო კოშტას ლორენტეთი შეცვლის დროს, ცოტა სხვა ჩანაფიქრი მქონდა", - თქვა ელ ჩოლომ. 

ატლეტიკოს 27 წლის  სლოვენიელმა მეკარემ ენფილდზე 9 სეივი მიითვალა

"ჩვენთვის ობლაკი უაღრესად მნიშვნელოვანი ფიგურა, ისევე, როგორც სავიჩი, ფელიპე, ფელიქსი... ეჭვგარეშეა, რომ ჩვენს განკარგულებაში მსოფლიოს საუკეთესო მეკარეა. იანი ჩვენთვის იგივეა, რაც მესი ბარსელონისთვის და შედეგს ისიც ქმნის", - დასძინა სიმეონემ. 

შეგახსენებთ, რომ ატლეტიკომ ლივერპულს ⅛-ფინალის პირველ მატჩში ანგარიშით 1:0 სძლია. ჩემპიონთა ლიგის შარშანდელი გამარჯვებულები ტურნირს გამოეთიშნენ, ატლეტიკო კი ¼-ფინალში გავიდა, სადაც მეტოქის ვინაობას მოგვიანებით შეიტყობს.

კომენტარები

ბოლო ამბები