Thumbnail

ტოჩინოშინის მე-4 მარცხი – ქართველმა სუმოისტმა 50 კგ-ით მსუბუქ მეტოქესთან წააგო

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ქართველი სუმოისტი მძიმე მდგომარეობაში იმყოფება
  • ტოჩინოშინს ოსაკაში მინიმუმ 5 გამარჯვება სჭირდება

ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე იგივე ტოჩინოშინი, რომელიც იაპონიის ქალაქ ოსაკაში მაყურებლების გარეშე მიმდინარე ჰარუ ბაშოზე დასავლეთის მე-9 მაეგაშირას წოდებით ირჯება, რთულ მდგომარეობაში იმყოფება.

საგაზაფხულო სუპერტურნირზე 5 დღე მიილია, ტრავმირებული მუხლით მოასპარეზე ტოჩინოშინის აქტივში კი კვლავაც ერთადერთი გამარჯვებაა. ქართველ სეკიტორს მე-4 მარცხი დასავლეთის მე-11 მაეგაშირა ტერუცუოშისთან შეემთხვა, რომელიც ჩვენებურზე ზუსტად 50 კგ-ით მსუბუქია.

ლევანს მეტოქესთან შედარებით ჯანში აშკარა უპირატესობა ჰქონდა და მისი ჰაერში ატაცებაც მოახერხა, თუმცა, ილეთი ბოლომდე ვერ მიიყვანა, იაპონელმა სუმოისტმა კი ქართველს მოხერხებულობით აჯობა და დოჰიოს მიღმა შიტატენაგეთი გადააგდო.

ტოჩინოშინის მომდევნო მოწინააღმდეგე აღმოსავლეთის მე-12 მაეგაშირა იშიურა იქნება, რომელსაც გორგაძე ურთიერთშეხვედრებში 3:1-ს უგებს.

შეგახსენებთ, რომ ქართველ სეკიტორს მინიმუმ 5 ორთაბრძოლის მოგება მაინც სჭირდება, რათა ელიტარულ მაკუუჩი დივიზიონში ადგილის შენარჩუნება განაღდებული ჰქონდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ალბათ, კარიერის დასრულებაზე ფიქრი მოუწევს.

კომენტარები

ბოლო ამბები