Thumbnail
  • კორონავირუსის გამო, NBA-ს რეგულარული ჩემპიონატი 12 მარტიდან შეჩერებულია
  • დაავადება ოკლაჰომა-იუტას მატჩის წინ სტუმართა ერთ-ერთ კალათბურთელს აღმოაჩნდა
  • გავრცელებული ინფორმაციით, ეს იუტას ფრანგი ვარსკვლავი რუდი გობერია

კორონავირუსმა NBA-ც შეაჩერა! რეგულარული ჩემპიონატის მორიგი სათამაშო დღის მატჩის წინ, რომელიც ოკლაჰომა სიტი თანდერსა და იუტა ჯაზს შორის უნდა გამართულიყო, ცნობილი გახდა, რომ იუტას ერთ-ერთ კალათბურთელის ტესტმა კორონავირუსზე დადებითი პასუხი აჩვენა. ამის შემდეგ NBA-ში 12 მარტიდან დაგეგმილი ყველა თამაში გაურკვეველი ვადით გადაიდო. 

სოლტ ლეიკ სიტის კლუბმა შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა:

"დღეს დილით იუტას ერთ-ერთ მოთამაშემ გრიპსა და სასუნთქი გზების ინფექციებზე ტესტი ჩააბარა, რომლებმაც უარყოფითი პასუხი აჩვენა. NBA-ს და ოკლაჰომას მედიკოსებთან კონსულტაციის შემდეგ, გადაწყდა, რომ ამ მოთამაშეს ტესტი კორონავირუსზეც გაევლო. ტესტის დადებითი პასუხი ოკლაჰომასთან თამაშის წინ მივიღეთ, რის შემდეგაც ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ შევატყობინეთ ლიგას. NBA-ს ხელმძღვანელობამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო თამაშის გაუქმების თაობაზე. ჩვენ მუდმი კონტაქტში ვართ ლიგასთან".

ეჭვობენ, რომ კორონავირუსით დაავადებული იუტას ცენტრი რუდი გობერია

იუტაში არ ასახელებენ ინფიცირებული მოთამაშის გვარს, თუმცა ვრცელდება ხმა, რომ საუბარია გუნდის ფრანგ ცენტრზე, რუდი გობერზე. მოგვიანებით NBA-ს ორივე კლუბის მოთამაშეები “ჩიზლიკ ენერჯი-არენიდან” პირდაპირ კარანტინში გაამწესეს. 

NBA-ს ტვიტერი იუწყება:

"იუტა ჯაზის მოთამაშის ტესტმა კორონავირუსზე დადებითი პასუხი აჩვენა. ავადმყოფი მოთამაშე მოედანზე არ ყოფილა. დღევანდელი მატჩი ამ გუნდებს შორის გაუქმდა. NBA დღეიდან დაგეგმილი ყველა მატჩის ჩატარებას აჩერებს შემდგომ შეტყობინებამდე. ლიგა ამ შესვენებას შემდგომი ნაბიჯების დასაგეგმავად გამოიყენებს".

კორონავირუსი თავდაპირველად გასული წლის ბოლოს, ჩინეთში გამოვლინდა, შემდეგ კი მსოფლიოში გავრცელდა. ბოლო მონაცემებით, ვირუსულმა ინფექციამ 4,5 ათასზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა. 

კომენტარები

ბოლო ამბები