Thumbnail

რეალისა და პარი სენ ჟერმენის დაპირისპირებას გულშემატკივარი მოუთმენლად ელოდა. ორივე გუნდისთვის ჩემპიონთა ლიგაში წარმატებას გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა.

რეალმა, მას შემდეგ, რაც ესპანეთის ჩემპიონატში გამარჯვების შანსი დაკარგა და თასიდანაც გავარდა, აქცენტი ჩემპიონთა ლიგაზე გააკეთა. პარიზული კლუბისთვის ჩემპიონთა ლიგაზე წარმატება იდეაფიქსად იქცა. ბარსელონასთან შარშანდელი მტკივნეული მარცხისა და ზაფხულში ტრანსფერებში დახარჯული 400-ზე მეტი მილიონი ევროს შემდეგ, ევროპული სარბიელი პარიზელთათვის ძირითადი პრიორიტეტია.

სასწორზე იდო ორივე მწვრთნელის ბედიც. სპეციალისტების აზრით, მარცხის შემთხვევაში, მომავალ სეზონში ვერც ზინედინ ზიდანი და ვერც უნაი ემერი თავის კლუბში მუშაობას ვეღარ გააგრძელებდნენ.

პირველი თამაში [რეალი - პსჟ 3:1]

ყველა ერთხმად აღნიშნავდა, რომ პირველი თამაშის წინ უფრო კარგ სათამაშო ფორმაში პარიზული კლუბი იყო. მთელი სეზონია, რეალის პრობლემებს სისტემური ხასიათი აქვს.

მოლოდინისამებრ, პირველ საშინაო შეხვედრაშიც მადრიდულმა კლუბმა აქცენტი აგრესიულ თამაშზე გააკეთა და შეხვედრის დასაწყისშივე სცადა უპირატესობის მოპოვება.

მადრიდელთათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა, რომ მოწინააღმდეგეს თავისი თამაში ვერ ეპოვა და მატჩის დასაწყისშივე მაქსიმალურად არაკომფორტულად ეგრძნო თავი. სათამაშო პრობლემების აღმოფხვრა რეალმა მონდომებისა და პრესინგის ხარჯზე სცადა.

მატჩის დასაწყისში რეალი მაღალ პრესინგს თამაშობდა და პარიზულ კლუბს დაცვიდან შეტევაში გადასვლის საშუალებას არ აძლევდა. ამ ტაქტიკამ პირველი 30 წუთი გაამართლა - იქამდე, სანამ რეალის ფეხბურთელები დაიღლებოდნენ და მათი პრესინგი ნაკლებად ინტენსიური და დინამიური გახდებოდა.

უნაი ემერი მზად უნდა ყოფილიყო რეალის პრესინგის წინააღმდეგ სათამაშოდ. სწორედ ამიტომ, შუა ხაზში სამივე ისეთი მოთამაშე დააყენა (ლო სელსო, ვერატი, რაბიო), რომლებიც ბურთს კარგად ფლობენ, პასით თამაში და შეტევის დაწყება ეხერხებათ. თუმცა, პირველ 30 წუთში რეალის პრესინგის წინააღმდეგ მათ ბევრი ვერაფერი გააწყვეს. განსაკუთრებით ხშირად კი ახალგაზრდა ლო სელსო ცდებოდა.

ამ მომენტში თავი იჩინა პარი სენ ჟერმენისთვის ტრადიციულმა პრობლემამ. ფრანგული კლუბი თავის ჩემპიონატში ყველა კონკურენტზე ერთი თავით ძლიერია და კლასში უდიდესი უპირატესობა აქვს. საშინაო ასპარეზზე თითქმის არცერთ ფრანგულ გუნდს არ შეუძლია პარიზელებს ძალის პოზიციიდან, პრესინგით ეთამაშოს. ჩემპიონატში კონკურენციის არქონა და გამოცდილების ნაკლებობა ამ ტიპის კლუბებისთვის ჩემპიონთა ლიგაში ძირითადი ხარვეზია. პსჟ-ს უბრალოდ სეზონის განმავლობაში ძალიან იშვიათად უწევს ასეთ თამაშებში მონაწილეობის მიღება და მათი ეს შეცდომებიც ლოგიკური იყო.

რეალთან შედარებით, პარიზელებს უპირატესობა ფლანგებზე ჰქონდათ. რეალის განლაგება მოედნის შუა ხაზში ოთხ ნახევარმცველს გულისხმობდა. კაზემირო, ისკო, მოდრიჩი და კროოსი შუაში თამაშობდნენ. მიუხედავად იმისა, რომ პერიოდულად მოდრიჩი მარჯვნივ გადადიოდა, ხოლო კროოსი მარცხნივ, პარიზელებს ფლანგებზე უპირატესობა ჰქონდათ. რეალის ფლანგები მთლიანად განაპირა მცველებს (ნაჩო, მარსელო) ებარათ, პსჟ-ს კი ფლანგებზე განაპირა მცველების გარდა, განაპირა შემტევებიც ჰყავდა და ფლანგებზე რიცხვობრივი უპირატესობის შექმნას ახერხებდა.

რეალის პრესინგის წინააღმდეგ, პარიზელთა განაპირა შემტევები, ნეიმარი და მბაპე უკან ჩამოდიოდნენ და დრიბლინგით ცდილობდნენ ბურთის მოწინააღმდეგის ნახევარზე გადატანას.

შედეგად, მხოლოდ პირველი ტაიმის მანძილზე, ნეიმარი 8-ჯერ წავიდა დრიბლინგზე (7-ჯერ წარმატებით), ხოლო მბაპე კი - ოთხჯერ. თუმცა, განაპირა შემტევების უკან დახევამ და მათმა მცდელობამ, რომ უკნიდან წამოეღოთ ბურთი, შეტევის წინა ხაზზე კავანი მარტო დატოვა. ურუგვაელი მოწყდა დანარჩენ გუნდს და პირველ ტაიმში მხოლოდ 5 პასი შეასრულა.

რეალის ტაქტიკა წარმატებული მხოლოდ იქამდე აღმოჩნდა, სანამ მადრიდელთა ფეხბურთელები არ დაიღალნენ და მათი პრესინგის ინტენსიურობა არ შემცირდა. რეალის დაღლასთან ერთად, პარიზელებმა დაიწყეს პრესინგიდან წარმატებით ამოსვლა და რეალის ნახევარზე ცარიელი სივრცეების  გამოყენება. პირველი გოლიც სწორედ ასე გავიდა.

პირველი ტაიმის ბოლო 15 წუთში პარიზელებს ბურთი უფრო მეტი ეჭირათ [53 %] და კარში 4-ჯერ დაარტყეს, თუმცა ტაიმის გამარჯვებით დასრულება მაინც ვერ შეძლეს. კუთხურის გათამაშების დროს უაზრო შეცდომა დაუშვეს და აბსოლუტურად არასაჭირო პენალტი მიიღეს. თავი კვლავ იჩინა გამოცდილებისა და სტრესის ქვეშ თამაშის პრაქტიკის ნაკლებობამ.

რეალის საწყისი აქტიურობის შემდეგ თამაში პარიზელთა სცენარით წარიმართა. მეორე ტაიმის პირველი 30 წუთი ფრანგული კლუბისთვის მატჩის საუკეთესო მონაკვეთი იყო. რეალს აღარ ჰქონდა იმის ენერგია, რომ ინტენსიური პრესინგი ეთამაშა. პირიქით, პსჟ-მ ამოიწია და თავად უშლიდა ხელს რეალის ბურთის გათამაშებას და დაცვის ხაზიდან შეტევაში გადასვლას.

პოზიციური შეტევა რეალს მთელი თამაშის მანძილზე უჭირდა. დაცვიდან პასით ამოსვლა და მოწინააღმდეგის ნახევარზე ბურთის გადატანა მადრიდელთათვის პრობლემური პირველ ტაიმშიც იყო. პარიზელთა ნახევარდაცვის ხაზი სივრცეებს კარგად კეტავდა. მეორე ტაიმში კი დაცვით ხაზსა და შემტევებს შორის კონტაქტი, ფაქტობრივად, გაწყდა.

რეალი შეეცადა, გრძელი გადაცემებით გასულიყო ფონს, თუმცა ამ ფორმაციის რეალის შემადგენლობისთვის ეს საუკეთესო ტაქტიკური ნაბიჯი არ იყო. რეალის ოთხივე ნახევარმცველი უფრო მეტად ბურთის დაჭერაზე და პოზიციურ შეტევაზეა ორიენტირებული, ვიდრე სიღრმიდან ჩართვა, ზონებში გახსნა და უბურთოდ თამაში ეხერხება. შედეგად, რეალის თავდამსხმელები ნახევარდაცვის დახმარების გარეშე დარჩნენ. რეალისთვის შეტევის დაწყების საუკეთესო საშუალებას მარცხენა ფლანგზე მარსელო და მისი აქტიურობა წარმოადგენდა. მარსელო ალბათ მატჩის საუკეთესო მოთამაშე იყო. მან თავისი პასების 72 პროცენტი მოწინააღმდეგის ნახევარზე შეასრულა და სწორედ მარსელო უზრუნველყოფდა დაცვითი ფაზიდან შეტევაში გადასვლას.

მატჩის ამ მონაკვეთში, მეორე ტაიმის პირველ 30 წუთში პარი სენ ჟერმენი ვალდებული იყო, თავისი უპირატესობა გოლად ექცია. მათ რამდენიმე კარგი მომენტი შექმნეს. რეალი კი, რომელსაც საშინაო კედლებში გამარჯვება უნდა მოეპოვებინა, მატჩის ამ მონაკვეთში, სტატიკურად გამოიყურებოდა. განსაკუთრებული უპირატესობა ფრანგებს ფლანგებზე ჰქონდათ. მბაპეს, რომელიც პერიოდულად ცენტრში შედიოდა, შეტევაში კარგად ეხმარებოდა დანი ალვეში.

საპირისპირო ფლანგზე კი ნეიმარის წინააღმდეგ ძალიან უჭირდა თამაში მადრიდელთა სათადარიგო მარჯვენა მცველ ნაჩოს. იგი ვერც შეტევაში ეხმარებოდა თანაგუნდელებს და დაცვაში კი მისი ზონიდან საფრთხე მუდმივად იქმნებოდა. ხარისხობრივი უპირატესობის გარდა, პსჟ-ს ფლანგებზე რიცხვობრივი უპირატესობაც ჰქონდა.

პარიზელთა უპირატესობის დასახასიათებლად რამდენიმე სტატისტიკური მონაცემი გამოგვადგება. მეორე ტაიმის პირველ 20 წუთში [46- 65 წუთები] ყველაზე მეტჯერ [29-ჯერ] ბურთს დანი ალვეში შეეხო, რომელიც ამ მონაკვეთში ყველაზე სახიფათოდ გამოიყურებოდა. 65-დან მე-80 წუთამდე მონაკვეთში, კი პარიზულ კლუბს ბურთის 67% ეჭირა და ეს მაშინ, როდესაც სტუმრად თამაშობდნენ და მათთვის სასურველი ანგარიში იყო დაფიქსირებული.

პარიზელებმა თავისი უპირატესობის გოლად გარდასხვა ვერ შეძლეს. მთელი წლის განმავლობაში კონკურენციისა და დაძაბულობის გარეშე შიდა ასპარეზზე თამაში ხშირად იწვევს ხოლმე, რომ ამ ტიპის კლუბებს ე.წ. „მკვლელის ინსტიქტი“ არ აქვთ  და უპირატესობის რეალიზაციას მომენტალურად ვერ ახერხებენ.

ემერი V ზიდანი

უნაი ემერიმ ვერ გარისკა და სწორედ იმ მომენტში, როდესაც მისი გუნდი უკეთესად გამოიყურებოდა, შემტევი კავანის ნაცვლად მარჯვენა მცველი მუნიე გამოიყვანა. ერთი შეხედვით, ბევრი არაფერი შეცვლილა, მბაპემ შეტევაში გადაინაცვლა, მის ადგილზე კი, მარჯვენა შემტევის პოზიციაზე, დანი ალვეში ამოიწია. ემერის სურდა, რომ ფლანგებზე უპირატესობა შეენარჩუნებინა და თან აქტიური მარსელოს წინააღმდეგ დაცვით ფაზაში არცთუ ძლიერი მბაპეს ნაცვლად, ნომინალური მცველი დანი ალვეში ჰყოლოდა და მარსელოს ფლანგი ორი ნომინალური მცველით (ალვეში, მუნიე) დაეზღვია.

ზიდანმა კი, პირიქით, მაქსიმალურად გარისკა. მან  შენიშნა, რომ პარიზელთა განაპირა შემტევები - ნეიმარი და მბაპე მცველებს არ ეხმარებოდნენ და ზონები რჩებოდათ. გადაწყვიტა ამ ხარვეზის გამოსწორება, შეგნებულად ბოლომდე დათმო მოედნის ცენტრი და ცენტრის ორი მოთამაშის, ჩამშლელი კაზემიროსა და ისკოს ნაცვლად, ორი განაპირა შემტევი ლუკას ვასკესი და ასენსიო შემოიყვანა.

ამას დაემატა გარეთ ბეილი ბენზემას მაგივრად, რამაც მადრიდულ კლუბს მეტი დინამიკა მოუტანა. ბეილი კარგად  ჩამოდის სიღრმეში, უქმნის სივრცეს სხვა მოთამაშეებს და თავისი სისწრაფის წყალობით კარგად შედის სივრცეში, როგორც ბურთიანად, ისე უბურთოდ.

ზიდანის ცვლილებების შედეგად, ახლა უკვე რეალს ჰქონდა უპირატესობა ფლანგებზე. ემერიმ ზიდანის ცვლილებები უყურადღებოდ დატოვა. შედეგად, რეალის ორივე გოლში, გადამწყვეტი როლი ასენსიომ ითამაშა - მოიპოვა უპირატესობა მარცხენა ფლანგზე და მისი გადაცემების შედეგად გავიდა გოლები. ზიდანის ტაქტიკურმა მანევრმა თამაში მოიგო.

შედეგად, პარიზულმა კლუბმა წააგო თამაში, რომლის დიდი ნაწილიც სწორედ მისი უპირატესობით წარიმართა.

მეორე თამაში [პსჟ - რეალი 1:2]

მეორე შეხვედრის წინ პარიზელთა პრობლემები კიდევ უფრო გაღრმავდა. მათ ტრამვის გამო ნეიმარი გამოაკლდათ. საკადრო პრობლემები ჰქონდა რეალსაც - გუნდის შუა ხაზში ლუკა მოდრიჩი და ტონი კროოსი თამაშისთვის ბოლომდე მზად არ იყვნენ.

იმ გულშემატკივრის მოლოდინის მიუხედავად, რომელიც მეორე შეხვედრაში დაძაბულ ბრძოლას ვარაუდობდა, სტატისტიკა გვარწმუნებდა, რომ რეალის კლასის გუნდი ორბურთიან უპირატესობას ძალიან იშვიათად თმობს. ასეც მოხდა. განმეორებით შეხვედრაში რეალს კარგად გათვლილი ტაქტიკური მონახაზი ჰქონდა და მთელი შეხვედრის მანძილზე, პარიზელებს ერთხელაც არ მისცა იმის იმედი, რომ შემდეგ ეტაპზე გასვლასთან ახლოს ყოფილიყვნენ.

პირველმა მოგებულმა შეხვედრამ დადებითად იმოქმედა რეალის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზეც. გუნდი ფორმაში შევიდა და პარიზულ მატჩში უაღრესად თავდაჯერებულად და დისციპლინირებულად გამოიყურებოდა. პსჟ კი პირიქით - რთულმა ამოცანამ კიდევ უფრო თვალსაჩინო გახადა, კლასში სხვაობა.

დაპირისპირების უმთავრეს გმირად ზინედინ ზიდანი იქცა. თუკი პირველ შეხვედრაში, გადამწყვეტი მისი შეცვლები აღმოჩნდა, მეორე მატჩშიც მან სრულად დაჩაგრა თავისი ვიზავი. ზიდანმა შეინარჩუნა ფორმაცია (4-4-2 ვასკესითა და ასენსიოთი), რომლითაც გუნდმა მადრიდულ მატჩში გარდატეხა შეიტანა.

პირველ შეხვედრაში პარიზელებს უპირატესობა ფლანგებზე ჰქონდათ, ზიდანმა პარიზელთა მსგავსად, თითოეულ ფლანგზე ორ-ორი მოთამაშე განამწესა (მარსელო, ასენსიო - მარცხნივ; კარვახალი, ვასკესი - მარჯვნივ). პარიზელებს ფლანგებზე აღარც რიცხვობრივი უპირატესობა ჰქონდათ და არც ხარისხობრივი. ნეიმარის არყოფნაში, მათი მარცხენა ფრთა ძალიან პასიური იყო, ხოლო  რეალის მარჯვენა ფრთაზე დაბრუნებული დანი კარვახალი ბრწყინვალედ გამოიყურებოდა - პირველ შეხვედრაში მისი შემცვლელის ნაჩოსგან განსხვავებით.

ზიდანის ტაქტიკამ სრულად შეზღუდა მადრიდულ მატჩში ყველაზე აქტიური დანი ალვეში. მას შეტევისთვის  ნაკლები დრო დარჩა - მთელი თამაში სწრაფი ასენსიოს  წინააღმდეგ უწევდა დაპირისპირება. ლუკას ვასკესი და ასენსიო ფლანგებზე მადრიდელებს საშუალებას აძლევდნენ, რომ მათი განაპირა მცველები მარსელო და დანი კარვახალი დაცვის ხაზში დარჩენილიყვნენ და ძირითადად დაცვაზე ეზრუნათ. შეტევითი ამოცანებისგან თავისუფალი მცველები კი უკან ძალიან საიმედოდ გამოიყურებოდნენ და მადრიდელთა დაცვაში სივრცეები არ რჩებოდა.

ზიდანს გათვლა კონტრშეტევებზე ჰქონდა. ასენსიო და ვასკესი - ორივე ძალიან სწრაფია, კარგად იხსნება და მოძრაობს უბურთოდ და სახიფათოდ შედის თავისუფალ სივრცეებში. თუკი ამას დავუმატებთ ასევე ძალიან სწრაფ რონალდოს, ნათელი გახდება, რომ ზიდანმა აქცენტი დაცვიდან შეტევაში, თავისუფალ სივრცეებში სწრაფ გადასვლაზე გააკეთა.

ზიდანის ტაქტიკა მოედნის ცენტრის დასუსტებას გულისხმობდა ფლანგების გაძლიერების ხარჯზე. ცენტრში  რეალს ორი მოთამაშე ჰყავდა პარიზელთა სამის წინააღმდეგ. თუმცა, პსჟ-მ ცენტრში უპირატესობა მაინც ვერ მოიპოვა. ასენსიო, და განსაკუთრებით ვასკესი, კარგად ასწრებდა ცენტრში შემოწევას და არ ტოვებდა ზონებს და რაც, ყველაზე მთავარია, ზიდანმა მოედნის ცენტრში უარი თქვა, როგორც  ბოლომდე ვერგამოჯანმრთელებულ მოდრიჩზე და კროოსზე, ასევე ისკოზე, ბურთის დამჭერ და შემქმნელ ფეხბურთელებზე. მათ ნაცვლად ორი ჩამშლელი, ფიზიკურად ძალიან ძლიერი და დინამიური კაზემირო და კოვაჩიჩი დააყენა. მატია კოვაჩიჩი რეალის შემადგენლობაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო და მწვრთნელს ნდობა სრულად გაუმართლა. რაოდენობრივი სიმცირის კომპენსაცია რეალის ცენტრმა მობილურობის, ბრძოლისუნარიანობისა და ფიზიკური ძალის ხარჯზე მოახდინა. რის ხარჯზე აპირებდა პსჟ გოლის გატანას, გამოცანად დარჩა.

ზიდანის საპირისპიროდ, უნაი ემერიმ ვერაფერი მოიფიქრა. სტანდარტული იყო, როგორც მისი შემადგენლობა, ასევე სათამაშო სტილი და ტაქტიკა. რის ხარჯზე აპირებდა პსჟ გოლის გატანას, გამოცანად დარჩა. ნეიმარის ნაცვლად მან ანხელ დი მარია დააყენა, რომელსაც აშკარად ეტყობოდა, რომ სათამაშო პრაქტიკა და ტონუსი აკლია და ხშირად ცდებოდა.

პარიზელებს ცენტრში სამივე ნელი მოთამაშე ჰყავდათ, რომლებიც  ბურთს კარგად ათამაშებენ, თუმცა დინამიური თამაში, სივრცეებში შეჭრა და უბურთოდ მოძრაობა არ ეხერხებათ. გამოვიდა ისე, რომ კავანი ნახევარდაცვის ხაზისგან მოწყვეტილი აღმოჩნდა. იმ დროს, როდესაც რეალი მოედნის ცენტრშივე უქმნიდა მოწინააღმდეგს პრობლემებს, კავანისა და პარიზელთა ნახევარმცველებს შორის  კომუნიკაცია თითქმის არ იყო. კავანი დახმარების გარეშე დარჩა და ძალიან ცუდად გამოიყურებოდა. პარიზელთა არცერთ ცენტრალურ ნახევარმცველს, განსაკუთრებით კი ტიაგო მოტას და რაბიოს, სიღრმიდან სივრცეში შეჭრა არ ეხერხებათ - დაბალი სიჩქარე და დინამიურობის არქონა მათი სუსტი მხარეებია.

პარიზელთა ნახევარდაცვა ადაპტირებულია იმ ტიპის მოწინააღმდეგესთან თამაშისათვის, რომელიც მთელი შემადგენლობით დაცვაშია [საფრანგეთის ჩემპიონატის სცენარი], პარიზელები უტევენ, მთელი გუნდით მოწინააღმდეგის ნახევარზე არიან და ნახევარმცველებსა და თავდასხმის ხაზს შორის დიდი დისტანცია არ რჩება.

პსჟ-ს სამივე ნახევარმცველი მეტისმეტად ახლოს დგას ერთმანეთთან. მათსა და კავანის შორის დიდი სივრცეა დარჩენილი

უნაი ემერიმ ახალი ვერაფერი მოიფიქრა. მან ვერც ის გარისკა, რომ შეეცვალა სათამაშო სქემა, სკამზე დაესვა მაგალითად, ტიაგო მოტა და დიდი ძალებით შეეტია. ვერც ტაქტიკური სიახლე შესთავაზა მადრიდელებს და სრულიად სამართლიანად დათმო შეხვედრა.

პარიზელებს პირველი ორი სახიფათო მომენტი მხოლოდ პირველი ტაიმის მიწურულს შეექმნათ. მათ მიერ გატანილი გოლიც უფრო შემთხვევითობისა და რეალის უყურადღებობის შედეგი იყო, ვიდრე გააზრებული შემტევი მოქმედებების შედეგი.

საპირისპიროდ, სიმბოლური იყო მადრიდელთა პირველი გოლი - მასში ზიდანის ჩანაფიქრი სრულყოფილად გამოჩნდა. ასენსიომ დანი ალვეში მიაპრესინგა, შეცდომა დააშვებინა და თავისუფალ სივრცეში შეიჭრა. იქ, ლუკას ვასკესს დაელოდა, რომელიც ასევე ძალიან კარგად იხსნება  თავისუფალ სივრცეებში. ვასკესის გადაცემა კი საგოლე აღმოჩნდა. ზიდანის გათვლამ მობილურ და სწრაფ  ფეხბურთელებზე სრულად გაამართლა.

ვერატის წითელი ბარათის შემდეგ კი თამაშმა ფორმალური ხასიათი შეიძინა. რეალი კონტრშეტევებზე უაღრესად სახიფათო იყო და ერთ გოლზე მეტის გატანაც შეეძლო.

დასკვნა

რეალისა და პსჟ-ს დაპირისპირებაში გადამწყვეტი როლი ორმა ფაქტორმა ითამაშა. ზიდანმა სრულად დაჩაგრა თავისი ვიზავი და მის სასარგებლოდ მოატრიალა იმ დაპირისპირების ბედი, რომელიც მადრიდელთათვის რთულად ვითარდებოდა.

პარი სენ ჟერმენმა კი კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ მხოლოდ ფინანსური რესურსებით, გამოცდილებისა და კლასის (ვგულისხმობ, პირველ რიგში კლუბის კლასს, მის მენტალობას, ხასიათს და არა ცალკეულ ფეხბურთელებს) სხვაობის აღმოფხვრა შეუძლებელია. მთელი წლის განმავლობაში საფრანგეთის ჩემპიონატში კონკურენციის გარეშე მოთამაშე გუნდი ევროპულ ასპარეზზე სტრესისა და დამატებითი წნეხის ქვეშ თამაშის დროს შეცდომებს უშვებს და თავის პოტენციალს სრულად ვერ ავლენს.

 

კომენტარები

ბოლო ამბები