Thumbnail

ძაგნიძე პირველ ადგილზეა - ნანას მსოფლიოს ჩემპიონთან პარტია ელის

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრების ლიდერი ნანა ძაგნიძე (2482) შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში მიმდინარე გრან პრის მე-3 ეტაპს სათავეში მოეცა.

ძაგნიძემ ტურნირის მე-8 ტურში თეთრი ფიგურებით ფრანგი მარი სებაგი (2443) დაამარცხა და 5.0 ქულა მოაგროვა. ასეთივე მაჩვენებელი გააჩნია რუს ალეკსანდრა გორიაჩკინასაც (2579), თუმცა, ნანა მას დამატებითი მაჩვენებლებით უსწრებს და პირველ ადგილზეა.

ლიდერებს 0.5 ქულით 4 მოჭადრაკისგან შემდგარი ჯგუფი ჩამორჩება: ჟანსაია აბდუმალიკი (2461), ანა მუზიჩუკი (უკრაინა, 2535), ალინა კაშლინსკაია (2485) და მარია მუზიჩუკი (2551).

მე-9 ტურში ძაგნიძეს რთული გამოცდა ელის, რადგანაც მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ ცზიუ ვენცზიუნს (2583) შავი ფიგურები ეთამაშება. ჩინელმა დიდოსტატმა შვეიცარიაში პირველი გამარჯვება სწორედ გასულ ტურში იზეიმა (რუს ალინა კაშლინსკაიასთან) და 4.0 ქულით მე-9 ადგილზეა.

შეგახსენებთ, რომ ლოზანის ტურნირი, რომელშიც 12 უძლიერესი მოჭადრაკეა ჩართული, წრიული სისტემით 11 ტურად მიმდინარეობს და 13 მარტს დასრულდება.

ქალთა მსოფლიო გრან პრის 2 ეტაპის თავზე ინდოელი ჰამპი კონერუ ლიდერობს 293 ქულით, ძაგნიძემ კი ჯერ მხოლოდ ერთ ეტაპში (მონაკო) მიიღო მონაწილეობა და 35 ქულით 16 მონაწილეს შორის მეცამეტე-მეთოთხმეტე ადგილებს იყოფს.

ჭადრაკის ფედერაცია და კომპანია ევროპაბეთი პარტნიორები 2020 წლის იანვარში გახდნენ. ევროპაბეთის დახმარებით საქართველოს ჩემპიონატი ვაჟთა და ქალთა შორის გაორმაგებული საპრიზო ფონდით ტარდება, ასევე კომპანია ზრუნავს ჭადრაკის პოპულარიზაციაზე და სპორტის ამ სახეობის განვითარების მიზნით, სხვადასხვა პროექტების განხორციელებაში იღებს მონაწილეობას.

ყველაფერი პროექტის "პასუხისმგებლიანი თამაში" შესახებ - responsible.ge

კომენტარები

ბოლო ამბები