Thumbnail

‘ის თავდაჯერებულობას იბრუნებს’ – პლეი ოფში ბეჟანიშვილის იმედი აქვთ

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ‘გიორგი, შესაძლოა, შეტევაში საშიშ იარაღად იქცეს’
  • ქართველმა კალათბურთელმა ახალი როლი გაითავისა

ილინოისის ქართველი კალათბურთელი გიორგი ბეჟანიშვილი ძველ თავდაჯერებულობას იბრუნებს და გუნდს საპლეიოფო მატჩებში დიდ დახმარებას გაუწევს. ამ დასკვნამდე Dailyillini მივიდა, რომელმაც ბოლო მატჩებში ქართველი ფორვარდის თამაში გააანალიზა და მას კოეფიციენტი B+ მიანიჭა.

“ბეჟანიშვილმა, რომელიც ილინოისში მე-2 წელს ატარებს, აიოვასთან ბოლო მატჩში 6 ქულა ჩააგდო, თუმცა, სტატისტიკა მთავარი არაა. აშკარად სჩანდა, რომ გიორგი თამაშის ხასიათზე ისევ მოვიდა და გაცილებით მოტივირებულია.

ქართველმა კალათბურთელმა გაითავისა, რომ სეზონის განმავლობაში მისთვის გამოყოფილი სათამაშო წუთების შემცირება კატასტროფა არაა. ნათელია, რომ მას თავდაჯერება უბრუნდება.

გიორგისთვის სათადარიგოთა სკამიდან ჩართვა პრობლემა აღარაა და შესაძლოა, ის შეტევაში მართლაც ძლიერ იარაღად იქცეს საპლეიოფო თამაშებისთვის.

სხვათა შორის, ბოლო შეხვედრაში ის დამაჯერებლად გამოიყურებოდა დაცვაშიც. იმ პერიოდში, როდესაც ბეჟანიშვილი კოკბერნს ცვლიდა, აიოველთა ლიდერმა ლუკა გარზამ 10-დან მხოლოდ 3 ტყორცნა გამოიყენა”.

21 წლის ბეჟანიშვილმა სეზონი ილინოისელთა სასტარტო ხუთეულში დაიწყო, თუმცა, კარგი სტატისტიკა არ ჰქონია და თებერვლის შუაწელიდან მარქაფაში გადაიყვანეს, რის გამოც სათამაშო დროც შეუმცირდა.

ამ დროისთვის, გიორგის სეზონში 31 მატჩი აქვს ჩატარებული, მისი საშუალო მაჩვენებლები კი ასე გამოიყურება: 6.8 ქულა, 4.8 მოხსნა, 1.6 პასი.

შეგახსენებთ, რომ ილინოისი NCAA-ს ბიგ თენის კონფერენციის პლეი ოფში მეოთხედფინალიდან ჩაებმება, სადაც 13 მარტს მეტოქედ ამ 3 გუნდიდან ერთ-ერთი ეყოლება: მინესოტა, ნორსვესტერნი ან აიოვა.

კომენტარები

ბოლო ამბები