Thumbnail
  • 📅 14 მარტი | ⌚ 16:00 | 🏉 საქართველო V რუსეთი | TV იმედი
  • 'ბორჯღალოსნები' მეტოქის ზედიზედ მე-19-ედ დამარცხებას ეცდებიან

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა მზადება დაიწყო რაგბი ევროპის ჩემპიონატის დასკვნითი მატჩისთვის.

14 მარტს, 16:00 საათიდან “ბორჯღალოსნები” “მიხეილ მესხზე“ რუსეთს უმასპინძლებენ და მეტოქის ზედიზედ მე-19-ედ დამარცხების შემთხვევაში, მორიგ “დიდი სლემს“ გაიფორმებენ.

ცნობისთვის, 1993 წლიდან დღემდე, ამ გუნდებმა ერთმანეთში 23-ჯერ ითამაშეს და რუსეთმა მხოლოდ ერთხელ, სულ პირველ მატჩში (15:9) მოიგო, ერთხელ ფრე დაფიქსირდა (2002 წელს, 12:12), დანარჩენ 21 შემთხვევაში კი გამარჯვება საქართველოს დარჩა.

რუსეთს ყველაზე დიდი სხვაობით 2012 წელს, “მიხეილ მესხზე“ ვძლიეთ – 46:0. ამ სტადიონზე “დათვებს“ ბოლოს 2015 წელს ვეთამაშეთ და მეტოქემ ვერც მაშინ შეძლო ქულის აღება – 33:0.

საქართველოს ნაკრებს ოთხივე გასული მატჩი მოგებული აქვს

რაგბი ევროპის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში ბორჯღალოსნებმა ოთხიდან ოთხი შეხვედრა მოიგეს – რუმინეთთან (41:13), ბელგიასთან (78:6) და პორტუგალიასთან (39:24) ბონუსით, ხოლო ესპანეთთან – ბონუსის გარეშე (23:10).

რუსეთის ნაკრებმა პირველი მატჩი შინ ესპანეთთან დათმო (12:31), მერე დამარცხდა ბელგიასთან (12:38), თუმცა ბოლო ორ შეხვედრაში პორტუგალიას (19:18) და რუმინეთს (32:25) სძლია და 8 ქულით მეოთხე ადგილზეა.

ბორჯღალოსნებს 19 ქულა აქვთ და უახლოეს მდევარს 10 ქულით უსწრებენ, შესაბამისად, ტურნირის ჩემპიონობაც ვადაზე ადრე აქვთ გაფორმებული.

რაგბის კავშირის პრესსამსახურის ცნობით, ცვლილებაა საქართველოს ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში. გუნდს დაემატა მესამეხაზელი მიხეილ გაჩეჩილაძე. ტრავმა მოიშუშა და რუსეთთან სათამაშოდ ემზადება აკაკი ტაბუცაძე.

გაფართოებულ რაზმშია ლაშა მალაღურაძე, რომელიც რუსეთთან თამაშის შემთხვევაში მე-100 კეპს მოიხვეჭს და მეოთხე ქართველი “ცენტურიონი“გახდება – დავით კაჭარავას, მერაბ კვირიკაშვილისა და გიორგი ჩხაიძის შემდეგ.

“ბორჯღალოსნების” შემადგენლობა რუსეთთან

შერკინება: მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე, 1), გურამ გოგიჩაშვილი (რასინგ 92, 1), გიორგი თეთრაშვილი (აჟენი,1), შალვა მამუკაშვილი (ყოჩები, 2), ვანო კარკაძე (ბრივი, 2), გიორგი ჭყოიძე (ლოკომოტივი პენზა, 2), ლევან ჩილაჩავა (მონპელიე, 3), გიორგი მელიქიძე (სტად ფრანსე, 3); ნოდარ ჭეიშვილი (ლონდონ სქოთიში, 4-5), შალვა სუთიაშვილი (ანგულემი, 4-5), დავით გიგაური (კოლომიე, 4-5), ლაშა ჯაიანი (ექსეთერის უნივერსიტეტი, 4-5); ბექა საღინაძე (ორიაკი, 6, 7), გიორგი ცუცქირიძე (ორიაკი, 6, 7), გიორგი თხილაიშვილი (ბათუმი, 6, 7), მიხეილ გაჩეჩილაძე (ენისეი, 6-7), თორნიკე ჯალაღონია (ბიარიცი, 6-8), ბექა გორგაძე (ბორდო, 6-8).

ხაზი: ვასილ ლობჟანიძე (ბრივი, 9), გელა აფრასიძე (მონპელიე, 9), გიორგი ბეგაძე (ჯიქი, 9), ლაშა ხმალაძე (ბათუმი, 10-15), თედო აბჟანდაძე (ბრივი, 10), ლაშა მალაღურაძე (ვევეა, 10-12), ზურაბ ძნელაძე (ლოკომოტივი, 11, 12, 13, 14), დემე თაფლაძე (ლელო-სარასენს, 12-13), ლაშა ლომიძე (აია, 12-13), დავით კაჭარავა (ენისეი, 13), ალექსანდრე თოდუა (ბათუმი, 11-14), აკაკი ტაბუცაძე (ლელო-სარასენსი, 11-14), სოსო მათიაშვილი (ლელო-სარასენსი, 15).

კომენტარები

ბოლო ამბები