Thumbnail

შენგელიას კუთვნილი პრიზი გადაეცა - თორნიკე თვის მოთამაშედ მეორედ აღიარეს

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • თორნიკე შენგელია თებერვალში საუკეთესო იყო
  • მისი საშუალო მონაგარი 17 ქულა, 7 მოხსნა, 4 ჩაჭრა, 3 პასი იყო

28 წლის ქართველ კალათბურთელს თორნიკე შენგელიას ესპანური ლიგის თებერვლის უძვირფასესი მოთამაშისთვის (MVP) კუთვნილი ჯილდო გადაეცა.

ეს, გიორგი შერმადინის იბეროსტარ ტენერიფესთან მატჩამდე მოხდა, რომელიც თოკოს ბასკონიამ 75:58 მოიგო და ლიგა ენდესას საპლეიოფო ზონაში შეაღწია.

შეგახსენებთ, რომ შენგელია გასული თვის საუკეთესო კალათბურთელად ჯერ კიდევ თებერვლის შუაწელს აღიარეს, რისი მიზეზიც ის გახლდათ, რომ ესპანეთის სათასო მატჩებისა და სანაკრებო ფანჯრის გამო, ჩემპიონატის შეხვედრები დაგეგმილი აღარ ყოფილა.

თორნიკე შენგელია იბეროსტარ ტენერიფესთან მატჩში

ბასკონიამ თებერვალში 2 მატჩი ჩაატარა. მალაგის უნიკახასთან შეხვედრაში შენგელიამ 15 ქულა, 7 მოხსნა, 3 პასი და 4 ჩაჭრა მიითვალა, მის წინააღმდეგ კი 6-ჯერ დაჯარიმდნენ. იმ მატჩში თოკოს სარგებლიანობის კოეფიციენტი 25-ს გაუტოლდა.

ქართველი ლეგიონერი შედეგიანად გაისარჯა ობრადოიროსთან შეხვედრაშიც, სადაც მისი მონაგარი 19 ქულა, 7 მოხსნა, 3 პასი, 4 ჩაჭრა და 6 გამომუშავებული ფოლი იყო. თორნიკეს სარგებლიანობის კოეფიციენტი 33 გახლდათ.

2 მატჩის ჯამში, შენგელიას საშუალო მაჩვენებლები ასეთი იყო: 17 ქულა, 7 მოხსნა, 4 ჩაჭრა, 3 პასი და სარგებლიანობის კოეფიციენტი 29.

ცნობისთვის, შენგელია ესპანეთის ჩემპიონატის თვის საუკეთესო მოთამაშედ კარიერაში მეორედ აღიარეს. პირველად, ეს, 2018 წლის ოქტომბერში მოხდა.

კომენტარები

ბოლო ამბები