Thumbnail

‘უმუშევრად ვრჩებით’ – მასტერსი გადაიდო, ჩოგბურთელებში პანიკაა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ინდიან ველსის პრესტიჟული ტურნირი აღარ ჩატარდება
  • დიდი ალბათობით, ეს, მხოლოდ დასაწყისია

მსოფლიოს მოდებულმა კორონავირუსმა პრობლემები საჩოგბურთო სამყაროსაც შეუქმნა და როგორც სჩანს, ეს, მხოლოდ დასაწყისია.

ოფიციალურად გამოცხადდა, რომ აღარ ჩატარდება 12-22 მარტს დაგეგმილი ინდიან ველსის მასტერსი, რომელიც დიდი სლემის ტურნირების შემდეგ, მაიამის პირველობასთან ერთად, ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ შეჯიბრებად ითვლება.

აღნიშნულ ტურნირზე, რომლის საპრიზო ფონდიც ლამის 10 მილიონი დოლარია, ასპარეზობას მსოფლიოს ფაქტობრივად ყველა უძლიერესი ჩოგბურთელი აპირებდა, თუმცა, ის გაურკვეველი დროით გადაიდო.

კალიფორნიაში, სადაც შეჯიბრი უნდა ჩატარებულიყო, კორონავირუსით დაავადების უკვე ასამდე შემთხვევაა დაფიქსირებული და ეს რიცხვი მუდმივად იზრდება.

გასულ კვირას ინდიან ველსში მცირე საპრიზო ფონდის მქონე კაცთა და ქალთა ტურნირები კი გაიმართა, თუმცა, ბოლო დღეებში სიტუაცია უარესობისკენ შეიცვალა და შტატის გუბერნატორმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

მასტერსის ორგანიზატორებს ბოლომდე ჰქონდათ იმედი, რომ შეზღუდვები ჩოგბურთს არ შეეხებოდა. მათ პირველადი რეკომენდაციები შეიმუშავეს და სპორტსმენებს სთხოვეს მაყურებლებში არ გადაეგდოთ გამოყენებული პირსახოცები, თავად კო, ქომაგებისთვის ავტოგრაფების დასარიგებლად კალმისტრები და ბურთები არ აეღოთ. ახლა, ეს ყველაფერი უკვე წარსულს დარჩა.

შარშან ინდიან ველსში პირველობა ავსტრიელმა დომინიკ ტიმმა იზეიმა

მიზეზი ისაა, რომ ზუსტად ამ დღეებში ვირუსი უშუალოდ მიუახლოვდა ტურნირის ჩატარების ადგილს – რივერსაიდის ოლქს. იქ დაავადების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, რის შემდეგაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა უკვე მკაფიო მითითება გასცეს: საჩოგბურთო შეჯიბრი აღარ უნდა გამართულიყო.

აღსანიშნავია, რომ თავად ჩოგბურთელთათვის ეს სიახლე სრულ მოულოდნელობად იქცა. მაგალითად, როდესაც ჟურნალისტმა ჯონ ვერტჰეიმმა ცნობა გაახმაურა, ამერიკელმა ტენის სანდგრენმა უპასუხა: “მაგარია, რომ ამის შესახებ შენი ტვიტიდან ვიგებ”.

უკმაყოფილება გამოთქვა ბელგიელმა ჩოგბურთელმა კირსტენ ფლიპკენსმაც: “WTA, არ უნდა გეფიქრათ, რომ ამგვარ ვითარებაში მოთამაშეებთან შეხვედრა აუცილებელი იყო?”.

თავად WTA-ს ხელმძღვანელმა სტივ საიმონმა აღნიშნა, რომ თავდაპირველად ორგანიზატორები მასტერსის მაყურებლების გარეშე ჩატარებას გეგმავდნენ, თუმცა, საბოლოოდ, შეჯიბრის გადადება არჩიეს.

დიახ, ყველა ოფიციალურ განცხადებაში საუბარია იმაზე, რომ შეჯიბრი დაგეგმილ ვადებში არ ჩატარდება, სიტყვა “გაუქმება” კი არსადაა ნახსენები.

აი, მაგალითად, რას ამბობს შეჯიბრის დირექტორი, წარსულში ცნობილი გერმანელი ჩოგბურთელი ტომი ჰაასი: “მზად ვართ, ტურნირი სხვა დროს ჩავატაროთ და ამისთვის, გარკვეულ ვარიანტებს განვიხილავთ”.

სხვა საქმეა, რომ თავისუფალი 2 კვირის გამონახვა (თუკი, ცხადია, სხვა ტურნირებიც არ გადაიდო) ძალიან ძნელი იქნება.

ინდიან ველსის ცენტრალური კორტის ტრიბუნებს, წლეულს, შევსება არ უწერია

ATP-ს მოთამაშეთა საბჭოს ყოფილი წევრი ჯეიმი მარეი აქედანვე გამოთქვამს წუხილს, რომ საჩოგბურთო კალენდარი, შესაძლოა, თავდაყირა დადგეს.

“ასეთი რანგის ტურნირის გადადება ძალიან ცუდი ნიშანია. ბროუარდის ოლქში, სადაც მაიამის მასტერსია დაგეგმილი, კორონავირუსის მეტი შემთხვევაა. გამოდის, რომ შეჯიბრი იქაც აღარ ჩატარდება. მონტე-კარლო სულაც ჩრდილოეთ იტალიასთანაა, სადაც კარანტინია გამოცხადებული. შემდეგ რა იქნება? რომის მასტერსი? როლან გაროსი? უიმბლდონი?”.

კონკრეტულად მაიამის მასტერსზე გადაწყვეტილება ჯერაც არ არის მიღებული, თუმცა, ხსენებული საიმონის კომენტარიდან გამომდინარე, კარგს არაფერს უნდა ველოდეთ.

“იქამდე კიდევ 2 კვირაა და სიტუაციისდა მიხედვით ვიმოქმედებთ. ამ ეტაპისთვის ისეთი განწყობა გვაქვს, რომ უსაფრთხოების მაქსიმალურად დაცვის პირობებში, რაც შეიძლება ცოტა შეჯიბრი გადავდოთ. სხვა საქმეა, რომ მაიამიში უკვე გაუქმდა მსხვილი მუსიკალური ფესტივალი, რომელიც მარტში იყო დაგეგმილი”.

როლან გაროსის ორგანიზატორებმა გასულ კვირას გაავრცელეს განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ შეჯიბრის ჩაშლა ან გადადება არ იგეგმება.

სტენ ვავრინკასა და სხვა ვარსკვლავებს ქომაგებთან ძველებური უშუალო ურთიერთობა ვეღარ ექნებათ

არადა, საფრანგეთში თავდაპირველად ის ღონისძიებები გაუქმდა, სადაც 5 ათასზე მეტი ადამიანის დასწრება იგეგმებოდა, კვირას კი, ეს რიცხვი სულაც ათას ადამიანამდე დავიდა.

კიდევ უფრო რთულადაა საქმე აზიურ ტურნირებთან დაკავშირებით, სადაც კორონავირუსის ეპიცენტრია. იქ მსხვილი ტურნირები შემოდგომაზე, აშშ-ს ღია პირველობის შემდეგაა დაგეგმილი და რთული სავარაუდოა, იმ დროისთვის მსოფლიოში რა მდგომარეობა იქნება.

მაგალითად, მარია შარაპოვას ყოფილი მწვრთნელი სვენ გრონეფელდი დარწმუნებულია, რომ აზიაში საჩოგბურთო შეჯიბრებებს კარგა ხანი ვეღარ ვიხილავთ, ამდენად, ინდიან ველსისა და მაიამის მასტერსების კალენდარში ჩასმას სწორედ შემოდგომისთვის ითხოვს.

როგორც არ უნდა იყოს, ფაქტია, რომ ინდიან ველსის ტურნირის გადადება, შესაძლოა, იმ ჯაჭვის დასაწყისი იყოს, რომელიც საჩოგბურთო სამყაროს კატასტროფულ შედეგებს მოუტანს.

გასაგებია, რომ იგივე ფეხბურთელებისგან განსხვავებით, რომელთაც რამდენიმე მატჩის გადადება დიდად ვერ აზარალებს, ჩოგბურთელები გაცილებით მძიმე ვითარებაში აღმოჩნდებიან. თუკი ისინი კორტზე ვერ გავლენ ვერც სარეიტინგო ქულებს მიიღებენ და ვერც – საპრიზოებს.

აღნიშნულ სიტუაციას იდეალურად გამოეხმაურა ამერიკელი ჩოგბურთელი მაკკენზი მაკდონალდი, რომელმაც ტვიტერში დაწერა: “ახლა, მე უმუშევარი ვარ”.

კომენტარები

ბოლო ამბები