Thumbnail
  • დალასი 109:112 ინდიანა
  • ლუკა დონჩიჩი 36 ქულით საუკეთესო იყო
  • გოგა ბითაძეს 2 წუთში 1 მოხსნა ჰქონდა

გოგა ბითაძის ინდიანას რთული გამოცდა ჰქონდა - ლუკა დონჩიჩის დალასთან, გასვლაზე. ძალიან დაძაბული შეხვედრა მთელი თამაში ქულა-ქულაში მიდიოდა. გადამწყვეტი შეხვედრის ბოლო წამებზე ვიქტორ ოლადიპოს ორქულიანი აღმოჩნდა. ბოლო შეტევაში ლუკა დონჩიჩს სამქულიანით ანგარიშის გათანაბრება შეეძლო, თუმცა ზედიზედ ორი სროლა ვერ გამოიყენა.

ინდიანა ბევრად უკეთ ისროდა - ზუსტი სროლების 52 პროცენტი (დალასს - 42%), თუმცა დალასი უკეთესი იყო პერიმეტრიდან და ამის ხარჯზე თამაშში ბოლო წამებამდე დარჩა. მაშინ როცა ინდიანამ მხოლოდ 23 სამქულიანი ისროლა (8 ჩააგდო), დალასს პერიმეტრიდან 43 სროლიდან 14 ჰქონდა გამოყენებული.

ლუკა დონჩიჩი ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო იყო. მას 26-დან 13 ზუსტი სროლა, 36 ქულა, 10 მოხსნა და 8 შედეგიანი გადაცემა ჰქონდა. კრისტაპს პორზინგისის ცუდი თამაშის ფონზე (17-დან 3 ზუსტი სროლა და მხოლოდ 9 ქულა), დონჩიჩს 30 ქულით ტიმ ჰარდევეი დაეხმარა. დალასის არცერთ სხვა მოთამაშეს 11 ქულაზე მეტი არ ჰქონია.

ინდიანამ, ტრადიციულად, აქცენტი გუნდურ კალათბურთზე გააკეთა და ერთდროულად 5 მოთამაშე ჰყავდა, რომელმაც 10 და მეტი ქულა ჩააგდო. საუკეთესო დომანტას საბონისი იყო 20 ქულით.

დაძაბულ და თანაბარ შეხვედრაში გოგა ბითაძეს მხოლოდ 2 წუთი მისცეს. ამ დროში მან მხოლოდ ერთი მოხსნა და ერთი ჯარიმის მიღება მოასწრო.

ორივე ეს გუნდი საპლეიოფო ზონაშია.

📺 დალასი 109:112 ინდიანა (მიმოხილვა)

კომენტარები

ბოლო ამბები