Thumbnail
  • ლეიკერსი 112:103 კლიპერსი
  • ჯეიმსი-დევისის დუეტმა თამაში მოიგო
  • ბრედლიმ 6 სამქულიანი და 24 ქულა ჩააგდო
  • კლიპერსიდან ყველაზე შედეგიანი პოლ ჯორჯი იყო

პლეი ოფის წინ დიდი რეპეტიცია ლოს ანჯელესში შედგა - ლეიკერსი კლიპერსს მასპინძლონდა. შეხვედრისადმი ინტერესს კიდევ უფრო ზრდიდა ის ფაქტი, რომ კლიპერსმა ამ სეზონში თანაქალაქელებს უკვე ორჯერ აჯობა და ლეიკერსს პლეი ოფში თავისი პოტენციური მეტოქისთვის აუცილებლად უნდა მოეგო.

თამაში ძალიან დაძაბული გამოვიდა და ის პლეი ოფს უფრო ჰგავდა, ვიდრე რეგულარულის შეხვედრას. თითქმის მთელი თამაში თანაბრად მიდიოდა, სანამ მესამე მეოთხედსა და მეოთხე მეოთხედის დასაწყისში ლეიკერსი ანგარიშში თითქმის 10 ქულით წინ არ გავიდა და შემდეგ ეს უპირატესობა შეინარჩუნა.

ლეიკერსის გამარჯვებაში გადამწყვეტი როლი ისევ ლებრონი-დევისის დუეტმა ითამაშა.

ლებრონ ჯეიმსი ლეიკერსის მთელ თამაშს ხელმძღვანელობდა, სროლის მხრივ საუკეთესო დღე არ ჰქონია (17-დან მხოლოდ 7 ჩააგდო), თუმცა სამწამიანს ძალიან აგრესიულად უტევდა და 14 ჯარიმა აიკიდა. სწორედ ლებრონის ანგარიშზეა მატჩის ბოლო წუთებში ჩაგდებული რამდენიმე გადამწყვეტი ქულა. საბოლოოდ ლებრონმა 28 ქულით და 9 პასით დაასრულა შეხვედრა.

ლეიკერსიდან ყველაზე შედეგიანი ენტონი დევისი იყო. დევისმა 19-დან 11 ჩაგდო და 30 ქულა ჰქონდა. ლებრონი-დევისის დუეტის ანგარიშზე 58 ქულაა - ლეიკერსის ქულების ნახევარზე მეტი.

მოულოდნელი იყო ევერი ბრედლის 24 ქულა. ბრედლიმ 12-დან 6 სამქულიანი ჩააგდო. ლეიკერსს პერიმეტრიდან სროლა არ მისდიოდა - 35-დან მხოლოდ 10 ჩაგდებული სამიანი (ზუსტი სროლების 28 პროცენტი), საიდანაც 6 სწორედ ბრედლის ანგარიშზე იყო.

კლიპერსიდან ყველაზე შედეგიანი პოლ ჯორჯი აღმოჩნდა - 16 სროლაში 21 ქულა ჩააგდო - 10 ჯარიმა და 16-დან 9 ზუსტი სროლა. პოლ ჯორჯმა თავისი ქულების უმეტესობა პირველ ნახევარში ჩააგდო. მეორე ნახევარში უფრო მეტად კავაი ლეონარდი ყრიდა, რომელმაც თამაში 27 ქულით დაასრულა, თუმცა - 17 ჰქონდა. პერიმეტრიდან სროლა არც კლიპერსს წაუვიდა - 31-დან მხოლოდ 7 ჩაგდებული სამქულიანი (ზუსტი სროლების 22 პროცენტი).

ამ გამარჯვებით ლეიკერსმა არამხოლოდ, ფაქტობრივად, გაინაღდა დასავლეთ კონფერენციაში პირველი ადგილი, არამედ კარგი ფსიქოლოგიური ფონი შეიქმნა პლეი ოფის წინ. სულ რაღაც სამდღიან მონაკვეთში ლეიკერსმა დამაჯერებელი გამარჯვებები მოიპოვა მილუოკისა და კლიპერსთან, თავის ორ ყველაზე სახიფათო კონკურენტთან.

კომენტარები

ბოლო ამბები